ქვეყნის წარუმატებლობის მიზეზი არაფორმალური მმართველობაა
13 მარტი, 2015
1471
print

ინტერვიუ ნიკა რურუასთან

 მაია ჭალაგანიძე

- ორშაბათს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში საზოგადოება ”ივერია” აწყობს შეხვედრას. რის თქმას აპირებთ იქ შეკრებილი საზოგადოებისთვის?

- ეს შეხვედრა არის აქამდე ჩვენში არარსებული ფორმის დატესტვა, ე.წ. Town Hall meeting - ქალაქის სათათბიროს შეკრება. ეს ამერიკული ტერმინია და ნიშნავს ხალხთან, ამომრჩევლთან შეხვედრას კითხვა-პასუხის რეჟიმში. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ივერია” გაფართოვდება წევრებით და გახდება საზოგადოებრივი მოძრაობა. ჩვენი სლოგანია pro bono pablico – ”საზოგადოებრივი სიკეთისთვის”. ჩვენი მოწოდებაც ის არის, რომ დღეს რაც შეიძლება მეტ ადამიანს და თანამოაზრეს გავაცნოთ არსებული პრობლემების გამოსწორების ჩვენი ხედვა. ერთმანეთის ლანძღვა-გინება ყველას მოწყინდა, ხელისუფლება საქმეს ვერ აკეთებს. ხალხს ჭირდება პროფესიონალი, ტექნოკრატი მთავრობა, რომელმაც იცის, როგორ იმართება ქვეყანა.

- თქვენ ხართ ის მითიური ”მესამე ძალა?”

- არ ვიცი, საერთოდ რამდენი ძალაა საქართველოში. ძალების თვლა რაღაც ცუდი კლიშეა. თუ გინდათ, თქვით, რომ პირველი ძალა ვართ პროგრესული ხალხისა, ვინც საქმის კეთების გამოცდილებით დაამტკიცა, რომ ქვეყნის განვითარების სანდო და საიმედო ხედვა აქვს.

- თქვენი მოძრაობა განსხვავებულს რას შესთავაზებს საზოგადოებას?

- გვაქვს რეფორმატორული ხედვა. რეფორმები გასაგრძელებელია თითქმის ყველა სფეროში. მიგვაჩნია, რომ ამ წუთას ქვეყნის განვითარება გაჩერებულია. სტაგნაციაში შედის არამარტო ეკონომიკა, არამედ ზოგადად ქვეყნის წინსვლა. სერიოზული პრობლემებია როგორც განათლებაში, ისე საგარეო პოლიტიკაში, თავდაცვაში, კულტურის სფეროში, სოფლის მურნეობაში. სახელმწიფო ძალიან თავნებურად იმართება, ეს მმართველობის იმ ფორმიდან გამომდინარეობს, რომელიც დღეს არის ქვეყანაში – არაფორმალური მმართველობა პოლიტიკაში მახინჯი მოვლენაა, არ შეიძლება ყველაფერს წყვეტდეს ადამიანი, ვისაც არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვს, არანაირი თანამდებობა არ უჭირავს. ეს არის სწორედ წარუმატებლობის მიზეზი. პოლიტიკოსი შებოჭილი უნდა იყოს პასუხისმგებლობით, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული თანამდებობა კონკრეტული დროით. არ შეიძლება გვყავდეს გადაწყვეტილებების მიმღები, რომელიც არანაირ თანამდებობაზე არ არის და თან ისე, რომ ამ გადაწყვეტილებების მინუსები სხვას მიეწერება და პლუსები მხოლოდ მას. ეს არის მმართველობის უმახინჯესი ფორმა, რაც პოლიტიკაში ახალი არ არის, მაგრამ წარმატებულმა ერებმა ეს საუკუნეების წინ გაიარეს. ამას ჰქვია ოლიგარქიული მმართველობა, შეიძლება ვუწოდოთ არაფორმალური მმართველობაც, ან ტირანიის ერთ-ერთი ნაირსახეობა.

- თქვენი საზოგადოებრივი მოძრაობა ჩაებმება საარჩევნო მარათონში?

- ჯერჯერობით არჩევნები არ ჩანს და როდესაც იქნება, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ”ივერია” არის პროფესიონალების ერთობა, რომელიც იზიარებს მართვის და პოლიტიკური ფილოსოფიის დაახლოებით ერთგვარ მოდელებს. თანამოაზრეების ჯგუფია, რომელიც გაფართოვდება. გვინდა წარმოდგენილი იყოს საზოგადოების მეტი ფენა, მეტი ხედვა, რომელიც შემდეგ გაივლის დებატის ფილტრს და კიდევ უკეთეს დასკვნებამდე მივა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო დღეს უნდა იყოს მემარჯვენე ორიენტაციის ქვეყანა, რადგან არ გვაქვს იმ სოციალური ვალდებულებების აღების ფუფუნება, რომელსაც ქვეყანა ვერ შეასრულებს და ამით გააკოტრებს ჩვენს ისედაც ღარიბ ბიუჯეტს. დღევანდელი მთავრობა უკიდურესად პოპულისტურია და სწორედ ამას აკეთებს. სინამდვილეში კი, დასახულ მიზანს ვერ აღწევს და ანიავებს ჩვენს ისედაც საკმაოდ მწირ რესურსებს. იმისთვის, რომ ქვეყანა გამდიდრდეს, აუცილებელია ყველა იმ წინაღობის მაქსიმალური დერეგულაცია, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელოვნურად წამოუმართა გარე და შიდა ინვესტიციებს სხვადასხვა ქსენოფობიური თუ ახირებული მიზეზების გამო. საჭიროა დერეგულაცია, ხელშეუხებელი და ძლიერად დაცული საკუთრების უფლება, კონტრაქტების დაცვის ეფექტური მექანიზმები, აბსოლუტურად თავისუფალი სასამართლო, გაძლიერებული და გაფართოებული მსაჯულთა სისტემა.

მე არ ვთვლი, რომ დღეს სასამართლო თავისუფალია - პოლიტიკური ოპონენტები წინასწარ თვეობით და ზოგი წლობით ჰყავთ პატიმრობაში, ბუნებრივია, ამას მოსამართლეების თანხმობით აკეთებენ. სასამართლო რომ უფრო თავისუფალია დღეს, ეს კლიშეა, მითია, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ტირაჟირდება.

- თქვენი იდეები ამომრჩევლის რომელი სეგმენტისთვის იქნება საინტერესო?

- ყველა სეგმენტისთვის. კეთილგონიერი მოქალაქეების მომხრობის იმედი მაქვს.

- პოლიტიკურ მოკავშირეებად ვის ხედავთ?

- ყველას, ვისაც სურს თავისუფალი, დემოკრატიული, პროევროპული საქართველო.

 - ეს ყველა პოლიტიკურ ძალას სურს დეკლარირებულად.

- კარგია, რომ დეკლარირებულად სურთ, მაგრამ ამის კეთება უნდა შეეძლოთ. ვინც ამ იდეებით მოდის ხელისუფლებაში და ამას არ აკეთებს, ე.ი. მისი სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენ კომპეტენტურ ხალხს მივიმხრობთ.

რაც ეხება პოლიტიკურ მოკავშირეს - ასეთი კონკრეტული ჯერ არავინ არის, მაგრამ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა იმ ძალასთან, ვინც საქმით იქნება პროევროპული და არა სიტყვით. ვინც რეალურად იქნება პრორეფორმისტული, ცენტრისტული, მემარჯვენე ძალა. საქართველოსთვის დამღუპველია ფსევდოსოციალისტური მიმართულებით სვლა, რადგან ჩვენ იმდენად ცოტა დოვლათი გვაქვს, რომ მის დარიგებასა და განიავებაზე ფიქრი თვითმკვლელობაა.

- აქტიურად საუბრობენ კონსულტაციებზე თქვენსა და ალასანიას თავისუფალ დემოკრატებს შორის. ადასტურებთ?

- არაფერი მსგავსი არ ხდება, ყველაფერი ჭორია.

- ამ ეტაპზე არ ხდება?

- ”არასოდეს არ თქვა არასოდეს” – ამ სიბრძნის მჯერა, მაგრამ კონკრეტული კონსულტაციები არავისთან არ მიმდინარეობს.

- რა კითხვებს ელით საზოგადოებასთან შეხვედრაზე?

- არსებული რეალობიდან გამომდინარე, ყველა პრობლემატურ საკითხზე ველით კითხვებს.

- თქვენს გუნდში არიან წინა ხელისუფლების მინისტრები, ელჩები, რომელთაც 2012 წელს არჩევნებით დათმეს ხელისუფლება. როგორ შეძლებთ კვლავ აღიდგინოთ ნდობა?

- ”ივერია” ყველასგან თავისუფალი, დამოუკიდებელი, არაპარტიული ორგანიზაციაა. არავისთან არანაირი ვალდებულებები არ გვაქვს. ეს არის დამოუკიდებელი ძალა, რომელიც ცდილობს საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას და საზოგადოებისთვის მიწოდებას. ჩვენ არავისთან არ ვასოცირდებით და არც არავის ვემიჯნებით.

ჩვენს ორგანიზაციაში არიან მწერლები, სტუდენტები, იურისტები. ბუნებრივია, ”ივერიის” გარკვეული ნაწილი ვიყავით წინა ხელისუფლებაში და წარმოვადგენდით მის არცთუ სუსტ ნაწილს. ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი - მე პირადად, ჩემს მიერ გაწეული შრომით კულტურის მინისტრის პოსტზე მხოლოდ ვამაყობ.

- მინდა შევეხო პუტინის ჯანმრთელობის გარშემო არსებულ ხმებს - ზოგი თვლის, რომ ეს კრემლის მიერ შემოგდებული სპეციალური ”უტკაა”, ზოგს ამისი ჯერა და მოვლენების შემდგომი განვითარების ანალიზს ცდილობს. თქვენ რას იტყვით?

- პუტინის მოულოდნელი გარდაცვალებით არაფერი არ შეიცვლება .არ მჯერა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება და მეც ე.წ. ”კვატი” მგონია. პრობლემა მხოლოდ პუტინი არ არის, პრობლემა პუტინიზმია. დღესვე რომ გარდაიცვალოს, ამით რუსეთის პრობლემა არ გადაიჭრება. იქ მმართველობის მახინჯი სისტემაა და ახალი პუტინი მოაჯდება მთავრობას. შიძლება ნაკლებად ბოროტი, ნაკლებად პირსისხლიანი და თავისუფლების ნაკლებად მოზიზღარი, მაგრამ იმის ძალიან მცირე შანსია, რომ რომელიმე ახალი მმართველი უკეთესი იქნება. რუსეთში საბჭოთა სისტემის ნარჩენებია, რომელიც გათავისუფლდა სულელური მარქსისტული იდეოლოგიისგან და მხოლოდ აგრესიული, ძალაზე ორიენტირებული, დასავლეთის სისუსტეების კარგად მცოდნე და მათი გამომყენებელი მაფიოზური წარმონაქმნი შეიქმნა. ამ ყველაფერმა დღეს დასავლეთი ძალიან დაასუსტა და აგერ უკვე ათასობით ადამიანს იწირავს ყოველ დღე, თუნდაც, უკრაინაში. ამიტომ, დასავლეთი უნდა გამოფხიზლდეს და ახალი ცივი ომი დაერქმევა ამას თუ სხვა რამ, უნდა დაუპირისპირდეს და დაამარცხოს პუტინი.

- დღეს ჩანს, რომ დასავლეთი მზადაა, კრემლს მტკიცედ დაუპირისპირდეს?

- ამ მიმართულებით დასავლეთი მტკივნულ და ძალზე ნელ ნაბიჯებს დგამს. თუ დასავლეთს თვითგადარჩენის ინსტიქტი შერჩენია და ნამდვილად შერჩენია, სხვა გზა არ აქვს, უნდა დაუპირისპირდეს კრემლს. საბედნიეროდ, დასავლეთი მსოფლიოს უძლიერესი ნაწილია, რადგან სწორედ თავისუფალი ხალხის მიერ არის შექმნილი. მას მოუწევს რუსეთთან ღია დაპირისპირება და პუტინიზმის და ტრანსფორმირებული ბოლშევიზმის დამარცხება. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით და ამიტომ ვართ დასავლეთის განუყოფელი ნაწილი. ჩვენც თავისუფლება გვინდა როგორც ერს.

- როგორ გაუმკლავდება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ გამოწვევებს?

- ხელისუფლება საერთოდ არ არის მზად ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველო დაასუსტა, დაკარგა დასავლელი პარტნიორების ერთი მხრივ მხარდაჭერა და მეორე მხრივ - ნდობა. რუსეთთან დათბობის პოლიტიკა სრული კრახით, კატასტროფით დასრულდა, რადგან დათბობამ გამოიწვია მხოლოდ დათმობები საქართველოს მხრიდან. დათბობა იყო დათმობა – დავთმეთ ჩვენი ფუნდამენტური ინტერესები, რამაც რუსეთს აგრესიის მადა გაუათმაგა. ამ დათბობას მოჰყვა აფხაზეთის დე იურე ანექსია, ბორდერიზაცია, მავთულხლართები, ადამიანების გატაცება. მოჰყვა საქართველოს პრობლემის ჩამოხსნა ყველა საერთაშორისო რადარიდან. ჩვენი დასავლელი პარტნიორები თითქმის აღარ გვახსენებენ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ისეთ თავდადებულ მეგობარს, როგორიცაა მაკკეინი, კარლ ბილდტი და სხვა. ხელისუფლებამ სრულიად შეაფერხა სვლა ნატო-ს მიმართულებითაც, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ.

maia chalaganidze
სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
26 იანვარი, 2016 რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
01 ივლისი, 2015 მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც
15 მაისი, 2015 დღეს სახელმწიფო ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას
28 აპრილი, 2015 ”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
24 აპრილი, 2015 ”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
17 აპრილი, 2015 პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება