„კინო სკოლაში“ გრძელდება
25 მარტი, 2015
1131
print

ამ თემაზე დაახლოებით ერთი წლის წინაც ვწერდით - მაშინ, როდესაც პროექტ „კინო სკოლაში“ პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ მწირი დაფინანსების გამო მისი გაგრძელების შანსი პრაქტიკულად არ არსებობდა. გავიდა ერთი წელი და ირკვევა, რომ დაფინანსების საკითხი არა თუ მოგვარებულია, არამედ, მეტიც - „კინო სკოლაში“ მასშტაბს აფართოვებს და ქვეყნის 200 სკოლისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

პროექტი, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი შარშან განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებდა, ახლა კი კულტურის სამინისტრო შეიამხანაგა, საპილოტე ვერსიის 40 სკოლის ნაცვლად 200 სკოლაში გავრცელდება, მოიცავს არა მხოლოდ ქვეყნის დიდი ქალაქების, არამედ ყველაზე მიუვალ ადგილას მდებარე, პატარა და არაქართულ სკოლებსაც. ამ სკოლების მოსწავლეებთან 50-ზე მეტი კინოსპეციალისტი იმუშავებს, რომლებსაც მათთვის არა მხოლოდ ქართული თუ მსოფლიო კინოკლასიკის ჩვენება დაევალებათ, არამედ ნანახის შეფასება, განხილვა, სურვილის შემთხვევაში რეცენზიების დაწერა და სხვა.

ნენო ქავთარაძე, კინომცოდნე, პროექტის მონაწილე: „ამ პროექტში უკვე მეორედ ვერთვები, ამჯერად ქვემო ქართლის სკოლებში მომიწევს მუშაობა. შარშან მცხეთისა და ჟინვალის სკოლებში მოვხვდი. ფილმებს საკლასო ოთახში ვაჩვენებდი, ზოგჯერ ეკრანის ნაცვლად დაფას ვიყენებდი. მიუხედავად იმისა, რომ დასწრება ყოველთვის მაღალი მქონდა და ინტერესიც დიდი იყო, ფილმის ყურების პროცესი თავიდან მაინც უძნელდებოდათ, განხილვისას კი მძიმედ იხსნებოდნენ. ეს იმის ბრალია, რომ ამ ბავშვებს არ გააჩნიათ კინოში სიარულის კულტურა, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ მათთან კინოსპეციალისტის ენით საუბარი ზედმეტია. პირიქით, რაც შეიძლება, უშუალო და გახსნილი უნდა იყო, მათ ენაზე უნდა ილაპარაკო. ასევე უნდა იცოდე მოსმენაც, რადგან განხილვისას ზოგჯერ საკუთარ პრობლემებზე იწყებენ საუბარს და ფილმში ნანახს ძალიან საინტერესოდ უკავშირებენ.“

შარშან „კინო სკოლაში” ქვემო და შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და აჭარის 40 სკოლაში განხორციელდა. როგორც ნენო ქავთარაძე იხსენებს, დაახლოებით 5-6 გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეების კინოს მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა (ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარია ბავშვებზე, რომელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას დიდ ეკრანზე ფილმი არასდროს უნახავს - ქვეყანაში ხომ სამიოდე კინოდარბაზი გაგვაჩნია!). ისინი უკეთ ახერხებდნენ ჟანრების გარჩევას, ფილმების ტექნიკური მხარეზე საუბარს, სამსახიობო შესრულების შეფასებასა და სხვა. „სამი თვის განმავლობაში ამ ბავშვების კინოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, თუმცა ეს არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ მათგან კარგი მაყურებელი დადგეს. სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი ამ პროექტის გაგრძელება - შარშან დაწყებული პროცესი უნდა გაგრძელდეს, დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ“, - ამბობს ნენო ქავთარაძე.

აქვე დავამატებთ, რომ „კინო სკოლაში“ მხოლოდ ფილმების ნახვასა და მათ გარჩევას არ ითვალისწინებს. პროექტის მონაწილე მოსწავლეებს სცენარის წერის კულტურასაც ასწავლიან და პატარა ფილმის გადაღების საშუალებასაც აძლევენ. შარშანდელი პროექტის ფარგლებში ხუთი ფილმი გადაიღეს, რომელთა ჩვენებაც პროექტის დახურვის ცერემონიალზე შედგა. იგივე იგეგმება წლევანდელ ნაკადთანაც, შედეგებს კი რამდენიმე თვეში, პროექტის დასკვნით ეტაპზე ვიხილავთ.

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან
17 აგვისტო, 2015 ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
11 აგვისტო, 2015 როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
04 აგვისტო, 2015 აგვისტო დიდ ეკრანზე
31 ივლისი, 2015 „სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს
30 ივლისი, 2015 ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა
22 ივლისი, 2015 კინო და კინოდისტრიბუცია რეგიონებში
15 ივლისი, 2015 ქართული მოკლემეტრაჟიანი ლოკარნოს კონკურსშია
13 ივლისი, 2015 ლევან გაბრიაძის Unfriended გაქირავებაში გამოდის
03 ივლისი, 2015 სტრიპტიზის დროა!