პატრიოტთა თამაშები
25 მარტი, 2015
1351
print

დიმიტრი ავალიანი

საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში შიდა დაპირისპირებამ იფეთქა. პრეზიდენტმა პოროშენკომ გვიან ღამით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ დნეპროპეტროვსკის ოლქის გავლენიანი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი, „საკუთარი სურვილის საფუძველზე“ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რამდენიმე დღით ადრე კოლომოისკი ორი სახელმწიფო ნავთობკომპანიის ოფისებს შეიარაღებული პირების თანხლებით ესტუმრა. გუბერნატორი და ოლიგარქი, რომლის ქონება 1,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, აცხადებდა, რომ გარკვეული პირები ამ კომპანიების უკანონოდ დაპატრონებას ცდილობდნენ.

საქმე ისაა, რომ მანამდე უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფო წილის მქონე სააქციო საზოგადოებაში გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმს მანამდე მოქმედი 60 პროცენტის ნაცვლად 50 პლუს ერთი აქციის დონეზე აწესებდა. ორივე კომპანიაში 40 პროცენტზე მეტი კოლომოისკის ჯგუფ „პრივატს“ აქვს. კანონის მიღების შემდეგ სახელმწიფომ “უკრტრანსნაფტაში“ ხელმძვანელი შეცვალა, რამაც კოლომოისკის ასეთი მწვავე რეაქცია გამოიწვია.

საგანგაშო კი ის იყო, რომ კომპანიების ოფისების დაკავებაში, როგორც ადგილობროვ ჟურნალისტებს თავად ჯარისკაცებმა უთხრეს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის „დნეპრი–1“–ის მებრძოლები მონაწილეობდნენ. თუმცა თავად კოლომოისკიმ განაცხადა, რომ ისინი კერძო დაცვის თანამშრომლები არიან.

იგორ კოლომოისკი დნეპროპერტროვსკის გუბერნატორად მაიდანის გამარჯვების შემდეგ მოსულმა მთავრობამ დანიშნა. ახალმა გუბერნატორმა და ამისმა გუნდმა ოლქის არა მხოლოდ პრორუსი სეპარატისტების გავლენისგან საიმედოდ დაცვა შეძლეს, არამედ უდიდესი წვლილი შეიტანეს სეპარატისტებთან და რუს აგრესორებთან ბრძოლაში. დნეპროპეტროვსკი უკრაინის არმიის ზურგის მთავარ ბაზად იქცა. კოლომოისკიმ ფაქტობრივად, საკუთარი სახსრებით შექმნა და აღჭურვა მოხალისეთა ბატალიონები, რომლებმაც მარიუპოლთან და დონეცკთან პირველი ბრძოლების მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე აიღეს. ამ ქვედანაყოფებს, მოგვიანებით, კოლომოისკის არაკეთლმოსურნეებმა ოლიგარქის კერძო არმია უწოდეს. ფაქტობრივად ის, რომ აღმოსავლეთ უკრაინის დიდ ნაწილს დღეს კიევი აკონტროლებს, სწორედ კოლომოისკის დამსახურებაა.

თუმცა, პატრიოტი, პუტინისა და რუსული პროპაგანდის მიერ მოძულებული ოლიგარქი, კვლავაც ძველი სისტემის ნაწილად რჩება – სისტემის, სადაც ეკონომიკაზე, მედიაზე, პოლიტიკურ პარტიებზე, დეპუტატებზე და სახელმწიფო უწყებებზე ცალკეული გავლენის ჯგუფები, კლანები ბატონობდნენ. ფირტაშის, ახმეტოვის, ნოვინსკის და ა. შ. ჯგუფებს ქვეყანა ფაქტობრივად გავლენის სფეროებად ჰქონდათ დაყოფილი და ამ მხრივ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგაც თამაშის წესებში ბევრი არაფერი შეცვლილა.

სახელმწიფოს ჩარევა მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებადი კომპანიების საქმიანობაში კოლომოისკიმ სხვა გავლენის ჯგუფების მიერ ორგანიზებულ თავდასხმად აღიქვა, რადგან აქამდე უკრაინაში ასეთ ქმედებებს მხოლოდ ასეთ ახსნა ჰქონდა. და ბრძოლაში ყველა თავისი რესურსის, მათ შორის პოლიტიკურის და სამხედროს, ჩართვა გადაწყვიტა.

სიტუაცია კი უკვე ძალიან საშიში გახდა – კოლომოისკის მხარდამჭერთა ორგანიზაცია „სიჩის“ წარმომადგენლები 21 მარტს, ფრონტის ხაზთან ახლოს, ძალოვნებთან კონფლიქტის დროს მომხდარი მკვლელობისთვის დააკავეს. მკვლელობაში კოლომოისკის მომხრე რადას დეპუტატის თანაშემწეა ბრალდებული. ოთხმა დეპუტატმა, რომლებიც დნეპროპეტროვსკს წარმოადგენენ, ამის შემდეგ პოროშენკოს ბლოკის დატოვების შესახებ განაცხადეს...

ფაქტობრივად, უკრაინა გზაგასაყარზე და მორიგი ურთულესი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა – პოროშენკოს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ კოლომოისკის გადაყენება სახელმწიფოს ოლიგარქიული მოდელის დასასრული და რეალური რეფორმების დასაწყისია და არა ბრძოლის ნაწილი გავლენიან ჯგუფებს შორის. ქვეყნის ბედი ასევე კოლომოისკის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული - რამდენად მოინდომებს დასჯილი ოლიგარქი პოლიტიკური შურისძიებისთვის მის ხელში არსებული ბერკეტების გამოყენებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიმიტრი ავალიანი
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს