ერთი-ორი მარკშეიდერი რა გახდა?!
27 მარტი, 2015
1353
print

ქეთევან იგნატოვა

“ასეთ ხელისუფლებასა და მთავრობაზე ამერიკასა და ევროპის ნებისმიერ ქვეყანაშიც იოცნებებდნენ!” - ბრძნული სახით, დინჯად, დარწმუნებით, თქვენ წარმოიდგინეთ - სრულიად უყოყმანოდ, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ციტატის სრულ სიზუსტეში დარწმუნებული არ ვარ... რა ვქნა, ვერა და ვერ მივეჩვიე “პუნქტუალურობას”. ამ საკმაოდ თამამი და ვერ ვიტყვი, რომ წინდახედული გამონათქვამის, ან მითუმეტეს ობიექტური აზრის სრულ სიზუსტეში კი, ნამდვილად დარწმუნებული ვარ. ისევე, როგორც იმაში, რომ ამერიკასა და ევროპის უმეტეს ქვეყნებში, მოქალაქეთა უმეტესობა უაზრო თვალებით ცაში კი არ იყურება და სხვის ფულს კი არ ითვლის და ამ სხვის ფულზე აგებულ საკუთარ კეთილდღეობაზე კი არ ოცნებობს, არამედ ნახევარი ცხოვრება სწავლობს, მეორე ნახევარი მუშაობს, გადასახედებს იხდის და მთავრობებზე კი არ ოცნებობს, არამედ მათ ირჩევს, საკუთარი ჯიბიდან ხელფასებს უნიშნავს და შესაბამის მუშაობას ითხოვს. მთავრობა კი მოქალაქეებს ემსახურება და თუ მონდომების მიუხედავად, მოქალაქეთა მოწონება ვერ დაიმსახურა, ან გადაირჩევენ ან მის გადადგომასაც კი მოითხოვენ… “ოცნებობს”, “ოცნება”, იოცნებებენ”… ვერა, ვერ ამოვიღეთ ეს სიტყვები ლექსიკონიდან… ხომ უკვე დავრწმუნდით, რომ რეალურ ცხოვრებაში არ გაამართლა? რატომღაც ვერაფრით წარმომიდგენია, მაგალითად ბესელიაზე ან კობახიძეზე მეოცნებე ამერიკელი - “ოხ, ერთი ეგ ეკა და მანანა აქ მოგვცა! აი, მაშინ კი ვიქნებოდით ყველაზე მძლავრი ქვეყანა!” ან მაგალითად, ხადურის ფინანსურ გენიაზე მეოცნებე შვეიცარიელი როგორ წარმოვიდგინო? ან კურტანიძის მსგავს დახვეწილობაზე მეოცნებე ფრანგი?!... არა, ამას ჩემი ღარიბი ფანტაზია ვერ გაწვდება!

აი მე კი, იცით რაზე, უფრო სწორად კი, ვისზე ვოცნებობ, ვის ვნატრობ - ერთი-ორი კარგი მარკშეიდერი… უი, უკაცრავად, შემეშალა… ერთი-ორი კარგი მეიგავე როგორ არ გვყავს! დასანანია! რა დრო, რა პერიოდი რჩება აღუწერელი! რა პერსონაჟები, რა ალეგორიები, რა სარკაზმი, რა იუმორი და სიბრძნე რჩება აუსახავი… ერთი-ორი ეზოპე, ან ლაფონტენი, ან სულხან-საბა, ან თუნდაც ერთი კრილოვი რას გამოგვადგებოდა ახლა?! წარმოგიდგენიათ, ალეგორიის უკიდეგანო ენაზე აღწერილი დღევანდელობა? ერთ ორკესტრში გაერთიანებული მუსიკოსები, საორკესტრო ორმოში, მუსიკალურ ინსტრუმენტებს მიმსხდარი მაიმუნები, ვირები, ღორები, ფარშევანგები, ქათმები, ინდაურები, ტურები… და მათი დაკრული კაკაფონია, რომელიც შეიძლება გეცნოთ კიდეც! ან მაგალითად, წარმოიდგინეთ, ერთ რომელიმე სპორტულ გუნდში მოთამაშე-მოვარჯიშე თანრიგოსანი შინაური თუ გარეული ცხოველები და მათი მწვრთნელი?! მაპატიეთ, თემას თუ ოდნავ გადავუხვევ, მაგრამ 2015 წლის ოსკარზე ნომინირებული, ახალი ამერიკული ფილმი “Foxcatcher” ნანახი გაქვთ? თუ არა, ეცადეთ ნახოთ! დღევანდელ საქართველოზე ასეთი ფილმის გადაღებაც არ იქნებოდა რთული. მაგრამ მაინც მგონია, რომ ერთი-ორი მარკშეიდერი… უკაცრავად, ერთი-ორი მეიგავე რომ მოგვეძია, რომ გვყოლოდა, ჩვენ დღევანდელობას ერთი დიდი, მდიდარი, მრავალფეროვანი, მსოფლიოში გამორჩეული, სახელგანთქმული ზოოპარკის და ამ ზოოპარკის მობინადრე ცხოველების, მათი პირობების, კვების რაციონის, ზნე-ჩვეულებების მაგალითზე საოცრად ფერადოვნად, შთამბეჭდავად აღწერდა… და ალეგორიულ ენაზე აღწერილი საქართველოს რეალობის ერთი კონკრეტული პერიოდი შთამომავლობას მაღალმხატვრული ფორმით სამუდამოდ დარჩებოდა. არ ღირს? აბა, წარმოიდგინეთ?

გამწვანებული, მილიონ ხედარგული, ბილიკებგაყვანილი, ფერად-ფერადი ყვავილებით აჭრელებული, ასფალტის ბილიკებიანი, მოსასვენებელსკამებიანი, მოვლილი, დასუფთავებული, ხალხმრავალი ზოოპარკის უზარმაზარი ტერიტორია. სპეციალურად ცხოველებისთვის შექმნილი შესაბამისი გარემო, კლიმატი, პირობები… ხელოვნური ტბები, მდინარეები, ტყე, კლდეები, მთები. ხელოვნურად მოწყობილი უდაბნო, ჩანჩქერი, გამოქვაბულებიც კი… ახალშეღებილი, დიდი და ფართე დასუფთავებული გალიები… და სხვადასხვა კონტინენტებზე საგანგებოდ აღმოჩენილი, ძვირად შეძენილი, წითელ წიგნში შეტანილი, გადაშენების პირას მისული, სხვაგან, მსოფლიოში უკვე ძნელად მოსაძიებელი, აქ, ამ ჩვენ ზოოპარკში კი, იდეალურად მოვლილი, გამძღარი, ბედნიერი, თავის თავითა და ცხოვრებით ზეკმაყოფილი, უდარდელი, უწყინარი თუ მტაცებელი, შინაური თუ გარეული ცხოველები, ფერად-ფერადი ფრინველები, სამოთხის ჩიტები, ცივსისხლიანი ქვეწარმავლები, სპეციალურ განყოფილება-ლაბორატორიაში მხოლოდ მიკროსკოპში დასანახი ერთუჯრედიანებიც კი…

კარგი მეიგავე თავისი ტალანტით, ხელთ არსებული უმდიდრესი შესაძლებლობებით, ალეგორიის ულევი ენით, ამ საოცარ ზოოპარკში ვის არ აღგვიწერდა - იშვიათი ჯიშის მბზინვარე, შავთეთრბუმბულიან და თქვენ წარმოიდგინეთ, შავთვალება ქათამს; ათას სახიფათო ნადირობაზე ნამყოფ, ათას სისხლში ამოგანგლულ, ახლა კი მოვლილ-გაპრიალებულ, ბებერ მგელს; აქედან - იქით, იქიდან - აქეთ ლაღად მხტუნავ კენგურუს; სპეციალურად მისთვის მოწყობილ ჭაობში ჩამალულ, ყვითელთვალება ნიანგს; სულ ზემოთ და ზემოთ, მაღლა და მაღლა ხეზე მძრომიალე, ყურებპარტყუნა კოალას; უზარმაზარ, ათასჯერ დახვეულ, საშიშ პითონსაც და სულ პატარა, ფერად-ფერად, საყვარელ, მაგრამ სასიკვდილოდ შხამიან ხვლიკსაც; დიდ, სუფთა, ვარდისფერ, ქოსა და სრულიად გაუმაძღარ ღორს, რომელიც ჭამს, ჭამს და ვერ ძღება. მისი ბედი, რომ ასეთ ზოოპარკში მოხვდა; მარაოსავით გადაშლილი კუდებით ამაყად, ნელა, დინჯად, დარბაისლად მოსეირნე და ერთიმეორეზე გამკივანი ხმით მყვირალა ფარშევანგს და იშვიათი ჯიშის ინდაურს; დაბალმთიანი გარემოს გრძელწვერა ვირსა და მაღალმთიანი გარემოს უწვერო თხას; ტალახში ამოგანგლულ, მარადჟამს მძინარე, უზარმაზარ ბეჰემოტს; ხის ტოტებივით აქეთ-იქით გადაშლილ რქებიან ირემს; აგრესიულ გარეულ ტახს; რქებდახვეულ ჯიხვს; უნიკალურ, იშვიათი ჯიშის მოკლეკისრიან ჟირაფს; ფრთებმოჭრილ არწივს; სირაქლემას; ზებრას; ძროხას; კამეჩს; ტურას; მელიას; ბებერ, ფაფარგაცვენილ, გაქუცულ ლომს; ახალგაზრდა და ძალზე სახიფათო პანტერას; უწყინარ დათვს; შავ-თეთრ პინგვინებს; ზვიგენს… და თითქოს უკვე დიდი ხნის წინ გადაშენებულ მამონტსაც კი. ზოოპარკის ბინადართა ჩამოთვლა უსასრულობამდე შეიძლება. მათი მარავალფეროვნება ენითაღუწერელი, ულევია, მაგრამ ის, რაც ამ ზოოპარკს, ყველა სხვა ზოოპარკებისგან გამოარჩევს და ამერიკისა და ევროპის ნებისმიერი ქვეყნისთვის მართლაც რომ საოცნებოს ხდის ისაა, რომ ამ ზოოპარკში უკლებლივ ყველა, შინაური და გარეული ცხოველიც, ზოოპარკის ერთადერთი და შეუდარებელი დირექტორის მიერ გაწვრთნილია და მის ერთ გამოხედვაზე, ერთ მოკლე სიტყვაზე, ზოოპარკის ყველა ბინადარი უკანა ფეხებზე დგება, წინა თათებს, მორჩილების ნიშნად მაღლა სწევს, მწვრთნელს თვალებში შესცქერის და მის ერთ, სულ უმნიშვნელო, სულ დაუნახავ, მაგრამ ბინადართათვის მკაცრი მინიშნების, ბრძანების ტოლფას ჟესტს, განაბულ-გატრუნული ელოდება. სიჩუმეა. ყველასთვის საოცნებო, შესაშური ზოოპარკი მოლოდინშია. აი, ისიც. ნიშანი მიცემულია! ერთი ხელის აქნევა და რიგებად ჩამწკრივებული ცხოველები ერთხმად, შეხმატკბილებულად, ჯერ ჩუმად, თითქოს შეპარვით, ნელ-ნელა, მერე კი ომახიანად, ხმამაღლა იწყებენ შალახოს მელოდიის შესრულებას. მეტი ცეცხლი, მეტი მონდომება, აგერ უკვე ღორმა, ქათამმა და თხამ რიგი გაარღვიეს, დაკავებული ადგილები მიატოვეს და მოედნის ცენტრში, ზედ დირექტორ-დირიჟორ-მწვრთნელის წინ, შალახოს უვლიან, ცხვირსახოციც კი დაუგდეს ფეხებთან და ახლა დინგით თუ ნისკარტით ასაღებად ერთმანეთს ასწრებენ… და წარმოდგენის ბოლოს, არც მეტი - არც ნაკლები, თვით ზოოპარკის დირექტორის ხელიდან, დამსახურებულ და ასეთ საოცნებო, ასეთ ტკბილ ჯილდო-წახალისებასაც იღებენ! თქვენ წარმოიდგინეთ, პირდაპირ მისი ხელიდან! ესვრება ხელი, უსველდება, მაგრამ უყვარს თავისი ზოოპარკი, უყვარს თავისი გაწვრთნილი ცხოველები, დიდი თუ პატარა, სახიფათო თუ უწყინარი, გარეული თუ შინაური, თითოეული თავისი შვილობილი უყვარს და არ თაკილობს, არ ეზიზღება. მათ დასანახად ხელს არასდროს გაიწმენდს, გულს არ ატკენს… ასეა! ცხოველების სიყვარული, მათი მოვლა, გამოკვება, გაწრთვნა… დიდი რამაა! ამ ზოოპარკში ცხოველებმა დირექტორის დაკრულზე სიმღერის და ცეკვის გარდა, თვლაც ისწავლეს. გაწვრთნა, ასწავლა! მართალია, ჯერ მათ გამო, მათ სანახავად მოსულ ათასობით ადამიანს კარგად ვერ ითვლიან, ეშლებათ, სულ რამდენიმე ნული აკლდებათ, მაგრამ ქაღალდების, ფულის თვლა უკვე ასწავლა. იწვალა დირექტორმა, თავისი ოქროს ფასად ღირებული დრო, ენერგია, ძალისხმევა დახარჯა და ასწავლა! რას იზამ, იოლად არაფერი გეძლევა. ადრე თუ გვიან ხალხის დათვლასაც ისწავლიან, მოუწევთ, გალიებში გამომწყვდეულებს, სხვა გზა არ ექნებათ…

რა გახდა ეს ერთი-ორი მარკ… უკაცრავად, ერთი-ორი მეიგავე! დასანანია პირდაპირ! ასეთი იშვიათი, უნიკალური, მრავალფეროვანი, წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების ერთობლიობა თვალწინ კიდევ როდის გვექნება?! ასეთი სურათი კიდევ როდისღა განმეორდება?!

P.S. ძალიან გთხოვთ, ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი ცხოველების მიღმა ნურავის ამოცნობას ნუ შეეცდებით. კონკრეტულად არავინ არავისთვის შემიდარებია, არავინ მიგულისხმია. სამწუხაროდ, ჩემგან ვერანაირი მეიგავე ვერ გამოვა… არადა, ერთი-ორი … როგორ გვჭირდება! თუმცა, დაველოდოთ. საქართველოში ნიჭსა და საიგავარაკოსაც რა გამოლევს?

 

 

 

ქეთევან იგნატოვა
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია