ულტრონის ხანა გვიახლოვდება
02 აპრილი, 2015
1076
print

ქართული, თითქმის ქართული, ბლოკბასტერი, რომანტიკული და მძაფრსიუჟეტიანი - ასეთია ჩვენი კინოგაქირავების აპრილის აფიშა. სამი ფილმი გაქირავებაში დღეიდან გამოდის, მათ შორის სალომე ალექსის „კრედიტის ლიმიტი“, რომელმაც საუკეთესო რეჟისურისთვის შარშანდელი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნული კონკურსის პრიზი დაიმსახურა.

„კრედიტის ლიმიტი“ სალომე ალექსის (იგივე ნუცა ალექსი-მესხიშვილი) პირველი მხატვრული ნამუშევარია და სწორედ იმ ისტორიას გვიყვება, როგორიც ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრ მოქალაქეს გადახდენია თავს. ოდესღაც შეძლებული და უდარდელი ოჯახი დღეს ბანკებისგან და კერძო პირებისგან აღებულ ვალებში იხრჩობა. ფილმის მთავარი გმირი ნინო (ნინო კასრაძე) უნიათო ქმრის, შვილებისა და მოხუცი დედის გამოსაკვებად იძულებულია ან სახლში არსებული ნივთები გაყიდოს ან დაალომბარდოს, უარეს შემთხვევაში კიდევ ერთი ვალი აიღოს, საბოლოოდ კი უკიდურესი ნაბიჯი გადადგას და ოჯახი ქუჩაში დატოვოს. „კრედიტის ლიმიტი“ ეს არის კონკრეტულ პრობლემაზე აგებული სოციალური დრამა, რომელიც აუცილებლად იმსახურებს მაყურებელს.

დღესვე შეგიძლიათ ნახოთ ისტორიული ექშენი „უკანასკნელი რაინდები“, რომელშიც მთავარ როლებს მორგან ფრიმენი და კლაივ ოუენი თამაშობენ, გვერდით დარბაზში კი ამ დროს ევგენი შელიაკინის „შავი და თეთრის“ ჩვენება დაიწყება. ფილმს ჟანრის გრაფაში კომედიური ფანტასტიკა უწერია და ალბათ ასეცაა - აბა, როგორ შევედავოთ... ჩვენთვის კი „შავი და თეთრის“ მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ მასში მერაბ ნინიძე და კახი კავსაძე თამაშობენ.

9 აპრილიდან ეკრანებზე წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე ფილმი „ფორსაჟი 7“ გამოვა. ფილმს საკმაოდ აგრესიული სარეკლამო კამპანია აქვს, ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ მასში ფრენჩაიზის ყველა ვარსკვლავი მონაწილეობს: ვინ დიზელი, ჯეისონ სტეტჰემი, მიშელ როდრიგესი, ჯორდანა ბრუსტერი, დუეინ ჯონსონი, ლუდაკრისი, კურტ რასელი, ლუკ ევანსი და შარშანწინ გარდაცვლილი პოლ უოკერიც კი. პრევიუებში უკვე წერენ, რომ მეშვიდე ფილმი ფრენჩაიზის საუკეთესოა, ყველაზე არანორმალური და გიჟურია და წერენ იმასაც, რომ ეს ფილმი სწარაფი და მძვინვარე მრბოლელების კინოისტორიას დაასრულებს.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულებს კინოთეატრებში 16 აპრილიდან ვიწვევთ, სადაც ლაიმ ნისონის კიდვ ერთი ექშენი „ღამის დევნა“ გამოდის, 30 აპრილიდან კი ნოკოლა სპარქსის რომანების ეკრანიზაციის ფანები გაიხარებენ - ამ დღიდან გაქირავებაში მათ „ხანგრძლივი რბოლა“ ელით.

თვის ყველაზე და წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბლოკბასტერის ნახვა 23 აპრილიდან შეგეძლებათ. 2012 წელს გამოსული „შურისმაძიებლების“ მეორე ნაწილი „შურისმაძიებლები: ულტრონის ხანა“ ყველაზე თვალისმომჭრელ სანახაობას, დაუსრულებელ ექშენსა და იუმორით გაჯერებულ სიუჟეტს გვპირდება. ამ ფილმში ნახავთ ყველას: აირონ მენს, კაპიტან ამერიკას, თორს, შავ ქვრივს, ჰაუკის, ლოკის, ნიკ ფურისა და ჰალკს და ნახავთ ახალ სუპერგმირებსაც - მათ შორის, ქუიქსილვერსა და სკარლეტ უიჩს. ასე რომ მოემზადეთ - ყველაზე ძლევამოსილი და არანორმალური გუნდის მორიგი თავგადასავალი 23 აპრილიდან გაგრძლედება!

 

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან
17 აგვისტო, 2015 ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
11 აგვისტო, 2015 როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
04 აგვისტო, 2015 აგვისტო დიდ ეკრანზე
31 ივლისი, 2015 „სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს
30 ივლისი, 2015 ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა
22 ივლისი, 2015 კინო და კინოდისტრიბუცია რეგიონებში
15 ივლისი, 2015 ქართული მოკლემეტრაჟიანი ლოკარნოს კონკურსშია
13 ივლისი, 2015 ლევან გაბრიაძის Unfriended გაქირავებაში გამოდის
03 ივლისი, 2015 სტრიპტიზის დროა!