დევიდ ლინჩი ”ტვინ პიქსიდან” გაემგზავრა
06 აპრილი, 2015
1012
print

After 1 year and 4 months of negotiations, I left because not enough money was offered to do the script the way I felt it needed to be done – წერს საკუთარ ტვიტერზე დევიდ ლინჩი, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში საკულტო სერიალ ”ტვინ პიქსის” მესამე სეზონზე მუშაობდა. მის ტვიტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, რა თქმა უნდა, ყველა უკმაყოფილო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტელესივრცე სხვა და სხვა ხარისხის (მათ შორის, საკმაოდ მაღალისაც) ტელეშოუებითაა სავსე, მაყურებელს მაინც ახსოვს და უყვარს ნამუშევარი, რომელმაც სერიალების კულტურა სულ სხვა საფეხურზე აიყვანა.

თავის ტვიტში დევიდ ლინჩი არხ Showtime-თან მოლაპარკებებს გულისხმობს. სერიალის მესამე სეზონის გადაღებისა და საკუთარ ეთერში გაშვება-დისტრიბუციის მისია სწორედ ამ არხმა აიღო საკუთარ თავზე, თუმცა, როგორც ირკვევა, ლინჩის სამყაროსთან შეჭიდება სერიალების მხრივ საკმაოდ კარგი რეპუტაციის მქონე არხმაც ვერ შეძლო (სწორედ Showtime-ს ნამუშევრებია ”დექსტერი”, ”უსირცხვილო”, ”რეი დონოვანი”, ”სექსის ოსტატები”, ”სამშობლო”, ”კალიფორნიკაცია”, ”სასიყვარულო ურთიერთობა” და ”ტიუდორები”).

მეორე მხრივ, ცოტა უცნაურია, რომ ასეთმა მძლავრმა კომპანიამ სიძუნწის გამო რეალური ”ქერის ორმოს” დაკარგვამდე მიიყვანა საქმე. გასაგებია, რომ დევიდ ლინჩი არ არის ადვილი ადამიანი, მას საკმაოდ სპეციფიკური მოთხოვნები და სურვილები აქვს, მაგრამ ეს სწორედ ის თვისებებია, რომელთა დამსახურებითაც მისი კინო არსებობს, ამიტომ გარკვეულ დათმობაზე წასვლა ანუ ჯიბეში ხელის უფრო ღრმად ჩაყოფა არხის ხელმძღვანელობას არ უნდა დაზარებოდა.

მოკლედ, ლინჩი წავიდა (თან ისეთი ხმაურით, არა მგონია უკან მობრუნდეს), თუმცა Showtime პროექტისგან ხელის აღებას მაინც არ აპირებს. მის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია დევიდ ლინჩის გადაწყვეტილებით შეწუხებულია, მაგრამ მაყურებლის წინაშე აღებული ვალდებულების გამო შოუს აუცილებლად გადაიღებენ.

”ტვინ პიქსის” გაგრძელების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში გამოჩნდა და, როგორც შემდეგ გაირკვა, პროექტი წელიწადზე მეტი ხანია შემუშავების პროცესშია. ”შოუთაიმმა” ახალი სეზონის გამოშვება 2016 წელს, ანუ სერიალის გამოსვლიდან 25 წლის იუბილეზე გადაწყვიტა, სცენარის დამუშავების პარალელურად კი სამსახიობო ანსამბლის შერჩევაც დაიწყო. უკვე დადასტურებულია, რომ სერიალში ბრუნდებიან კაილ მაკლაჰლენი (აგენტი დეილ კუპერი), შერილ ლი (ლორა პალმერი), შერილინ ფენი (ოდრი ჰორნი), დანა აშბრუკი (ბობი ბრიგსი), მაიკლ ონტკინი (შერიფი ტრუმენი), რეი უაიზი (ლილანდ პალმერი) და გრეის ზაბრისკი (სარა პალმერი).

პარალელურად კი დევიდ ლინჩის პროექტიდან წასვლას ფანები ეხმაურებიან და რეჟისორს საჭირო თანხის შეგროვებასაც სთავაზობენ. ასევე შექნეს პეტიცია სახელწოდებით Save Twin Peaks, უმეტესობა კი ლინჩს სხვა ტელეკომპანიებთან თანამშრომოლობას (მაგალითად HBO ან Netflix) ურჩევს.

პირველად ”ტვინ პიქსი” 1990 წელს ტელეკომპანია ABC-ის ეთერში გავიდა, მომდევნო წლებში კი თითქმის მთელი მსოფლიოს, მათ შორის, საბჭოთა კავშირის ტელევიზიებიც მოიარა. 1992 წელს ეკრანებზე გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ”ტვინ პიქსი: ცეცხლო, გამომყევი”, რომელშიც სერიალის შემდგომი მოვლენებია ასახული და მასში დასმულ მთავარ კითხვაზე პასუხსაც ვიგებთ... ან არ ვიგებთ.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან