ვარსკვლავური დღესასწაული თიზერითა და სხვა გემრიელობებით
07 აპრილი, 2015
1071
print

 (სტატია შეიცავს სპოილერებს

 ზუსტად მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში მორიგი დღე დადგება და მას მარტივად 16 აპრილი ერქმევა, კალიფორნიის ქალაქ ანაჰეიმში ფერადი სინათლის მახვილები აკიაფდება, ჰაერს კი ბლასტერების ლაზერის სხივები გაჰკვეთს. ასე გაგრძელდება ოთხი დღის განმავლობაში - უზარაზარ სივრცეში ასობით დარტ ვეიდერი, ბობა ფეტი, ჰან სოლო, პრინცესა ლეა, შტორმტრუპერი და C3PO იტრიალებს, გაიმართება სინათლის მახვილებით ბრძოლები, მილენიუმ ფალკონით წარმოსახვითი გაფრენები, ბავშვები R2D2-ს ფორმებს მოირგებენ და მოხდება ყველაზე მნიშვნელოვანი - შედგება „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძების“ მეორე თიზერისა და ოფიციალური პოსტერის პრეზენტაცია.

ეს ყველაფერი შემდეგ კვირას, ყოველწლიური Star Wars Celebration-ის ფარგლებში იგეგმება, რომელიც წელს განსაკუთრებით მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება, რადგან პირდაპირ ებმის მოვლენას, რომელიც მიმდინარე წელს დააგვირგვინებს - 18 დეკემბერს „ძალის გამოღვიძების“ პრემიერა გაიმართება.

VII ეპიზოდის პირველი თიზერი 28 ნოემბერს გამოჩნდა. ის მთლიანობაში ერთ წუთს მოიცავდა და ძირითადი აქცენტი ახალ პერსონაჟებზე იყო გაკეთებული. ნაცნობი „გმირი“ მხოლოდ თიზერის ბოლო კადრში ჩანდა - დიდებული მილენიუმ ფალკონი, რომელიც მთელ გალაქტიკაში ყველაზე სწრაფი ხომალდია, მისი კაპიტანი კი სწორედ ის გახლავთ, ვინც პირველი ისვრის...

ახლა კი ახალი თიზერის დრო დადგა, რომლის შესახებაც სავარაუდო ინფორმაციაც ვრცელდება, ამიტომ თუ დასპოილერებას ერიდებით, მომდევნო აბზაცს ნუ წაიკითხავთ: თიზერის ხანგრძლივობა ერთი წუთი და 50 წამია. პირველივე კადრში ჰან სოლო, ლეა ორგანა-სოლო (ამ დროისთვის ის უკვე მისის სოლოა - ყოველ შემთხვევაში ასეა „ვარსკვლავური ომების“ გაფართოებულ სამყაროში, ფილმზე თავს ვერ დავდებთ), C3PO და R2D2 ჩანან. შემდეგ კადრში ქვიშის ზედაპირიან პლანეტაზე (სავარაუდოდ, ტატუინზე) ჩამოვარდნილ ვარსკვლავურ გამანადგურებელს ვხედავთ, ისმის პლანეტა იავინის სახელწოდებაც (შეგახსენებთ, რომ სწორედ იავინ 4 გახლავთ ორიგინალი ტრილოგიის ერთ-ერთი მთავარი პლანეტა, მეამბოხეთა ბაზა, სადაც გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს. ვარსკვლავური ომების სამყაროში ახალი წელთაღრიცხვა სწორედ ამ მოვლენიდან იწყება და მას იავინის ბრძლიდან ახალი ხანა ჰქვია). იავინის ხსენებას ქრომის შტორმტრუპერისა და ამ დროისთვის მთავარი ვილანის, კაილო რენის ჩაჩქანის გამოჩენა მოსდევს. თიზერში ასევე ვნახავთ ოსკარ ისააკის პერსონაჟ პო დამერონს, რომელიც თავისი X Wing-ით TIE fighter-ს აგდებს, მილენიუმ ფალკონის მორიგ გაფრენასა და დარტ ვეიდერის ჩაჩქანის მემორიალურ განსათავსებელს, მაგრამ ვერ ვნახავთ ვერც ლუკ სკაიუოკერს და ვერც ენდი სერკისის ჯერჯერობით იდუმალ პერსონაჟს.

ცხადია, ეს ყველაფერი ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, მეტიც, ყველა წყარო თიზერის განსხვავებულ აღწერას გვთავაზობს, მაგრამ 16 აპრილამდე იმდენად ცოტა დრო დარჩა, როგორმე მოვითმენთ. ამ დღის მთავარი მოვლენა კი, როგორც გითხარით, Star Wars Celebration-ის გახსნა იქნება. ეს ღონისძიება წელს მეათედ იმართება, პირველად კი 1999 წელს, ახალი ტრილოგიის პირველი ეპიზოდის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა.

ანაჰეიმის ვარსკვლავურ ზეიმზე მონაწილეობისთვის უკვე დარეგისტრირდა 150 ათასი მონაწილე, რასაც დაახლოებით ამდენივე დამთვალიერებელი დაემატება. მიწვეულია ასამდე სპეციალური სტუმარიც, მათ შორის ჯეი ჯეი აბრამსი (ახალი ეპიზოდის რეჟისორი), კეტლინ კენედი (პროდუსერი), კერი ფიშერი (პრინცესა ლეა), მარკ ჰემილი (ლუკ სკაიუოკერი), დეივ ფილონი („ვარსკვლავური ომები: კლონების ომების“ რეჟისორი), ენტონი დენიელსი (C3PO), ბილი დი უილიამსი (ლანდო კარლიჟენი), პიტერ მეიჰიუ (ჩუბაკა), ჯერემი ბალოკი (ბობა ფეტი ორიგინალი ტრილოგიიდან), კენი ბეიკერი (R2D2) და უამრავი სხვა - სწორედ ისინი, ვისთანაც ძალაა და დაე, ძალა იყოს თქვენთანაც!

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან