ზურაბ ჭიაბერაშვილი: ”სერგეენკომ შემოგვაპარა, რომ ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა უნდა შეიცვალოს”
07 აპრილი, 2015
1593
print

თიკა ნიკოლაძე

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრს წმინდა გიორგის ორდენი ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ჯანდაცვის სისტემაში წარმოებული რეფორმებისა და პროგრამების წარმატებით განხორციელებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, კეღზოდ, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დანერგვისთვის გადასცა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა" აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სისტემად გარდაიქმნება. როგორც სერგეენკოს უწყებაში ამბობენ, გარდაქმნის მიზანი ევროსტანდარტებთან მიახლოებაა - მთავრობამ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯების შემცირება და ეფექტურობის ამაღლება იგეგმება.

"ძირითადი მედიკამენტები გახდება უკვე ბევრად მისაწვდომი მოსახლეობისთვის. დაიწყება 3 მძლავრი კლინიკის რეკონსტრუქცია - რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოცენტრი და ხილიანის ბავშვთა ინფექციური. რომლის როგორც აღჭურვა, ასევე მართვა და მენეჯმენტი იქნება სწორედ ამ მოდელზე დაფუძნებული. მოხდება სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობის რევიზია და მათი მროგება ახალ გამოწვევებზე, რათა უფრო მეტი რეალური შედეგი მიიღოს მოსახლეობამ", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩანაცველებასთან დაკავშირებით, ”24 საათი” ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჭიაბერაშვილს ესაუბრა.

 - რას ნიშნავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის აუცილებელი სამედიცინო დაზღვევით ჩანაცვლება? რა განსხვავებაა?

 - პროგრამას, რომელსაც დღეს ახორციელებენ, დაზღვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პირიქით, დაზღვევის სექტორი ამით ძალიან შეავიწროვეს და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს. ახსნა ძალიან მარტივია - საყოველთაო ჯანდაცვა ეს არის შავი ხვრელი ბიუჯეტში, რომელიც მუდმივად მეტ და მეტ ხარჯს მოითხოვს და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მიმართვიანობა იზრდება, არამედ იმის გამოც, რომ სახელმწიფო ხარჯს ვეღარ აკონტროლებს.

წინა კვირაში სახელმწიფოს ჰქონდა ამის მცდელობა, როდესაც კრიტიკული მდგომარეობის შემთხვევებზე ზედა ზღვარი დაწესდა. თუ აქამდე ადამიანი გადაუდებელი მდგომარეობის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდებოდა, სახელმწიფო ულიმიტოდ აფინანსებდა და იმის გამო, რომ სწორედ ამ ნაწილში სულ უფრო და უფრო იზრდება ხარჯი, სახელმწიფომ ზედა ზღვარი დააწესა - სერგეენკო აცნობიერებს, რომ ხარჯს ვერ აუვა და შესაბამისად, მან უკვე დაიწყო ლაპარაკი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეცვალოს რაიმე სხვა პროგრამით, რითაც საშუალება ექნება, რომ ხარჯი დაიკავოს.

 ბევჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის უსამართლო. ეს არის მიზნობრიობის დაკარგვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმის მაგივრად, სახელმწიფომ თავისი შეზღუდული შესაძლებლობები და ფინანსები მოახმაროს საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს და განახორციელოს მიზნობრივი პროგრამები, დღეს ის აფინანსებს შედარებით შეძლებულ ადამიანებსაც. შესაძლოა, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა, მაგრამ ისინიც ფინანსდებიან. ეს სოციალურად უსამართლო სისტემა გამოდის.

 გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯს სახელმწიფო ვერ აუვა. შესაბამისად, დღეს სერგეენკომ შემოგვაპარა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა უნდა შეიცვალოს. მე ვერ შევუდგები იმის აღწერას, რითი აპირებს შეცვლას, იმიტომ, რომ მისი განცხადება იყო ძალიან ბუნდოვანი და ზოგადი. მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ ჩანდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო ვეღარ აუდის და ის უნდა შეიცვალოს.

 კიდევ ერთი დეტალი: სულ რომ თავს იწონებდნენ, ჩვენ ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული გავხადეთო. წინა წლებთან შედარებით, 2015 წლის სოციალური მიმართულების ხარჯი სულ 3 პროცენტით არის გაზრდილი და ისიც უკვე ინფლაციამ შეჭამა პრაქტიკულად. ანუ ეს არაფერს არ იძლევა. ეს მოსალოდნელი იყო და ამაზე ჩვენ სულ ვლაპარაკობდით.

 - ნიშნავს თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის აუცილებელი სამედიცინო დაზღვევით ჩანაცვლება იმას, რომ ჯადაცვის მინისტრმა გაიზიარა ოპონენტების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ იყო გამართლებული ისეთი ეკონომიკური მდგომარეობის და ბიუჯეტის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?

 - ისინი ამას არასდროს აღიარებენ. დღემდე ამბობენ და საზოგადოებაშიც აღქმა ასეთია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არის მთავრობის ყველაზე წარმატებული პროექტი. არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოებას ეს პროგრამა მოსწონს. თუკი ადამიანი, რომელიც სხვაგვარად თავისი ჯიბიდან გადაიხდიდა მკურნალობის ხარჯს (შედარებით შეძლებულზე ვლაპარაკობ) და მას სახელმწიფო თუნდაც 30-40 პროცენტს დაუფინანსებს, რატომ იქნება უკმაყოფილო? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა ვუყოთ მაშინ უკიდურესად გაჭირვებულს, რომელსაც იგივენაირად ეხმარება სახელმწიფო, როგორც შეძლებულს? კითხვა ასე ისმება - მდიდარსაც და ღარიბსაც სახელმწიფო ერთნაირად რატომ უნდა ეხმარებოდეს?

 - რაც შეეხება აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის პროგრამას. თქვენ თუ იცნობთ ამ პროექტს?

 - არა და დარწმუნებული ვარ მსგავსი პროექტი ჯერჯერობით არც არსებობს. პრაქტიკულად, ეს არის ერთგავრი პრეტექსტი, წინასწარ განცხადება იმისა, რომ ახლა სახელმწიფო დაიწყებს საავადმყოფოების კონტროლს და მათთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ასანაზღაურებელი ხარჯების დაკორექტირებას.

 ჯანდაცვის სამინისტრო ისედაც აპირებს, რომ საავადმყოფოებს მასობრივად დაუკორექტიროს ის თანხები , რომელიც საყოველთაო დაზღვევით აქვს გადასახდელი.

დაკორექტირება ნიშნავს, რომ არ გადაუფაროს ხარჯები. ამას ისედაც აპირებდნენ. თქვენ თუ ნახავთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადგენილებას, იქ პირდაპირ წერია, რომ კონკრეტული პაციენტის შემთხვევის დადგომიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს შეუძლია ჩაატაროს შემოწმება და ნახოს იმ პაციენტზე დახარჯული თანხები სწორედ იყო თუ არა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული. სახელმწიფო ახლა დაიწყებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 2013-2014 წლებში გადახდილი თანხების დაკორექტორებას. ეს აუცილებლად მოხდება.

 

tika nikoladze
სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
26 იანვარი, 2016 რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
01 ივლისი, 2015 მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც
15 მაისი, 2015 დღეს სახელმწიფო ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას
28 აპრილი, 2015 ”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
24 აპრილი, 2015 ”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
17 აპრილი, 2015 პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება