„ფენიქსი“ საუკეთესო კავკასიელებს დააჯილდოებს
08 აპრილი, 2015
913
print

თანამედროვე მუსიკის მხრივ რომ მოვიკოჭლებთ, ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა ხელის გულზე მხოლოდ პოპსცენა გვაქვს გადმოშლილი - ალტერნატიული მუსიკა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ პრაქტიკულად უცნობ სივრცედ რჩება. სწორედ ამ ფონზე ბევრისთვის შეიძლება სიურპრიზადაც იქცეს ის ფაქტი, რომ საქართველოში უკვე მეოთხე წელია კავკასიის მასშტაბის მქონე მუსიკალური დაჯილდოება ტარდება. წლევანდელი ღონისძიება კი 15 აპრილს გაიმართება.

ამ დღეს მხოლოდ გამარჯვებულებს არ დააჯილდოებენ - ივენთ ჰოლში ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ჯგუფებისა და სოლო შემსრულებლების კონცერტიც იგეგმება. როგორც დაჯილდოების ორგანიზატორი და ზოგადად ფესტივალის ხელმძღვანელი ლადო ბურდული ამბობს: „როკ მუსიკა ძალიან გახსნილი და მიმღები სამყაროა, ამიტომ კავკასიის მსგავს რეგიონებში მისი მეშვეობით კომუნიკაცია გაცილებით ადვილია. მის წარმომადგენლებს არ უჭირთ ურთიერთობა და არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს წარმოადგენენ. მუსიკას აქვს განსხვავებული ადამიანების დაკავშირების უნარი, ჩვენი ფესტივალი და დაჯილდოების ცერმონიალიც ამას ემსახურება“.

„ფენიქსის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. „სამინისტრო ცდილობს ხელი შეუწყოს სხვა და სხვა ჟანრის მუსიკის მხარდამჭერ პროექტებს, მით უფრო მაშინ, როდესაც მას რეგიონული მნიშვნელობა აქვს,“ - ამბობს კულტურის მინისტის მოადგილე კახა კანდელაკი.

„ფენიქსი“ არ გახლავთ მხოლოდ მუსიკალური მოვლენა, მას საქმიანი ნაწილიც გააჩნია - მის ოფიციალურ ვებგვერდზე თავმოყრილია კავკასიის რეგიონის ალტერნატიული მუსიკის წარმომადგენელ შემსრულებელთა და ჯგუფების შემოქმედება. მონაცემთა ბაზა საკმაოდ ვრცელია და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მუსიკალური რუკის საკმაოდ დიდ ნაწილს მოიცავს.

რაც შეეხება 15 აპრილს დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიალს, ამ დღეს ექვსი ნომინაციის გამარჯვებულებს გამოავლენენ. საუკეთესო სიმღერასა და ვიდეოს „ფეისბუქის“ მომხმარებელი ავლენს ანუ კეთდება სახალხო არჩევანი, ხოლოდ ჟიური ასახელებს წლის დებიუტანტს, არტისტს ან ჯგუფს, აჯილდოებს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ავლენს „ფენიქსის“ გმირს.

„ფენიქსი“ 1995 წელს დაარსებული კავკასიის როკფესტივალებიდან იღებს სათავეს. დაჯილდოება ინტერნეტ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ინტერნეტ რესურსები და შექმნას სივრცე, სადაც კავკასიის რეგიონში მოღვაწე მუსიკოსები გაერთიანდებიან.

მოკლედ, 15 აპრილს თბილისში ნადვილი ცვლილებების ქარი დაუბერავს და თუ ქართული ესტრადა გულზე არ გეხატებათ, შეგიძლიათ ნამდვილი მუსიკით დატკბეთ.

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...