ევრაზიული ანექსია
09 აპრილი, 2015
1564
print

დიმიტრი ავალიანი

ბელარუსმა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, რუსეთს შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმიც უნდა დანიშნოს - ამას, კრემლის მხარდამჭერი გამოცემა „ვზგლიად“-ში 7 აპრილს გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში, ბელარუსის ხელისუფლებას ვინმე ჟურნალისტი ედუარდ ბიროვი სთავაზობს. ამ შემთხვევაში ავტორის ვინაობა და სტატუსი იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც ის, რომ პუტინის მხარდამჭერი მედიიდან ამგვარი ღია მოწოდება (თუ მუქარა) პირველად გაისმა.

ავტორის აზრით, თუ ბელარუსი არჩევანს არ გააკეთებს და წლის ბოლომდე „ფართო ავტონომიის სტატუსით“ არ შევა რუსეთის შემადგენლობაში, ქვეყანას „ლიკვიდაცია“ ემუქრება - რასაკვირველია, დასავლეთის მიერ...

ეს სტატია გახდა პასუხი ბელარუსის პრეზიდენტის მიერ სააგენტო „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება და სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩება. ამავე ინტერვიუში ლუკაშენკომ აშშ-ს რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად არასაკმარისი ძალისხმევის გამო უსაყვედურა, ასევე ნახევრადხუმრობით აღნიშნა, რომ იგი აღარ არის ევროპის უკანასკნელი დიქტატორი, რადგან „უარესებიც არსებობენ“.

31 მარტს, ევრაზიული კავშირის კიდევ ერთ ქვეყანაში - ყაზახეთში, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენა მოხდა. ქალაქ ალმატის სასამართლომ რუსული წარმოშობის ქალბატონს 4 წლიანი პირობითი სასჯელი სოციალურ ქსელებში ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის და ყახაზეთის რუსეთთან შეერთების მოწოდებისთვის მიუსაჯა. ეს ყაზახეთში ამგვარი განაჩენის პირველი პრეცედენტი გახდა. გარდა ამისა, ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს 2014 წლის ბოლოდან სეპარატიზმის მუხლი შემატა, რომელიც 10 წლიან სასჯელ ითვალისწინებს.

ყაზახეთში რუსულენოვანი მოსახლეობს წილი 22 პროცენტს, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში კი ნახევარზე მეტს შეადგენს. სასამართლოს განაჩენი კი მოწმობს, რომ ევრაზიული კავშირის წევრობისა და რუსეთთან საუკეთესო ურთიერთობის მიუხედავად, ყაზახეთს ყირიმის სცენარი აშინებს და ასტანა აპირებს საკუთარ ტერიტორიაზე პრორუსული სეპარატიზმი ყველა საშუალებით აღკვეთოს.

მანამდე ყაზახეთში გარკვეული მღელვარება ვლადიმირ პუტინის მიერ 29 აგვისტოს გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია იმის შესახებ, რომ „ყაზახეთში სახელმწიფო არასოდეს ყოფილა“. თითქოსდა უწყინარმა მცდელობამ ყაზახი კოლეგა შეექო, რომელმაც, პუტინის თქმით, ყაზახეთის სახელმწიფოებრიობა ჩამოაყალიბა, ყახაზეთის მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია. მით უმეტეს, ყირიმის მოვლენების ფონზე. ქვეყნის პრეზიდენტმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ ევრაზიული კავშირი ყაზახეთის დამოუკიდებლობას დაემუქრება, მაშინ ქვეყანა ამ გაერთიანებას დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს ნაზარბაევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ, რომელიც 26 აპრილს გაიმართება. მორიგი არჩევნები 2016 წლისთვის იყო დანიშნული, მათი გადმოტანის ფორმალური საბაბი კი საპარლამენტო არჩევნებთან დამთხვევა გახდა. რეალურად კი ნაზარბაევი, რომელსაც კონკურენტი არც ამ არჩევნებზე ეყოლება, ძალაუფლებაში ყოფნის ვადას კიდევ 5 წლით გაიხანგრძლივებს. როგორც ჩანს, მას რეალური მიზეზები ჰქონდა, რომ ეს ახლა და არა მომავალ წელს გაეკეთებინა.

როგორც ჩანს, ბელარუსშიც და ყაზახეთშიც კარგად აცნობიერებენ იმ საფრთხეს, რაც უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა თვალსაჩინო გახადა - თუ მოსკოვს მეზობელ ქვეყანაში არჩევნების შედეგები ან ხელისუფლების ცვლილება არ მოეწონა, ან მიიჩნია, რომ გავლენას კარგავს, ნებისმიერი პროვოკაციისთვის და აგრესიისთვის მზად არის. ლუკაშენკო თავის დაზღვევას დასავლეთთან დაახლოებთ ცდილობს, რაც თუნდაც მინსკის მოლაპარაკებებში შუამავლობაში გამოიხატა. ნაზარბაევი - შესაძლო შიდა საფრთხეების განეიტრალებით. ორივე ლიდერის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძლებით შეკოწიწებული ევრაზიული კავშირის ერთიანობა ეფემერული და დროებითია.

ზემოთმოყვანილი მაგალითებიდან კიდევ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ვისაც ჰგონია, რომ პუტინი დღეს ყირიმის და დონბასის ოკუპაციას დასჯერდება, ცდება. ისევე როგორც ცდებოდნენ ისინი, ვისაც ეგონა, რომ კრემლი იკმარებდა ჯერ ჩეჩნეთზე კონტროლის აღდგენას, შემდეგ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას...

ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შეტევას გამორიცხავს - რადგან რუსეთს ამ შემთხვევაში დაპირისპირება ნატო-სთან მოუწევს. მართალია, დღევანდელი პუტინი ამასზე ალბათ არ წავა. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ პუტინმა გაიმარჯვა უკრაინაში, მოახდინა მთლიანად ბელარუსის და ყაზახეთის ნაწილის ანექსია ყირიმის სცენარით - ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, პუტინი ამ შინაგან ბარიერსაც გადალახავს.

 

დიმიტრი ავალიანი
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს