სტამბოლისა და კანის კინოფესტივალების შესახებ
14 აპრილი, 2015
1035
print

 ზუსტად იმ დღეს, როდესაც კანის საერთაშორის კინოფესტივალმა გამხსნელი ფილმის შესახებ გვაუწყა, სტამბოლის კინოფესტივალი ჩაშლის საფრთხის ქვეშ დადგა. მთავრობის მიერ დაწესებული ცენზურის გამო, ფესტივალიდან დოკუმენტური ფილმების სექცია მოხსნეს, რომელშიც ქურთების მშრომელთა პარტიის შესახებ გადაღებული ფილმი „ჩრდილოეთი“ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. თურქეთის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჩრდილოეთი“ დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის გამო მოხსნეს, თუმცა დამოუკიდებელი თურქული პრესა ამტკიცებს, რომ ფილმი სინამდვილეში პოლიტიკური ცენზურის მსხვერპლი გახდა.

ამ აზრს იზიარებენ თურქი კინოხელოვანებიც, რომელთა ნაწილმაც პროტესტის ნიშნად საკუთარი ფილმები პროგრამიდან მოხსნა. მათ შორისაა ნური ბილგე ჯეილანიც. მან თურქეთის მთავრობას ღია წერილი მისწერა და ზეწოლაში დაადანაშაულა. მთლიანობაში კინოფესტივალს ბოიკოტი 23-მმა რეჟისორმა გამოუცხადა, ამის გამო ღონისძიება საკონკურსო პროგრამისა და, შესაბამისად, 19 აპრილს დაგეგმილი დახურვის ცერემონიალის გარეშე დარჩა.

პარალელურ სამყაროში კი კანის კინოფესტივალის ორგანიზატორები გახსნის ფილმს ასახელებენ და სიამაყით აღნიშნავენ, რომ ფესტივალის ისტორიაში პირველად მას ქალის მიერ გადაღებული ფილმი გახსნის. ეს გახლავთ ემანუელ ბერკოს დრამა „მაღლა აწეული თავით“. ფილმის მთავარი გმირი მოზარდი კრიმინალი მელონია, რომლის გამოსწორებასაც ცდილობს ყველა - მოსამართლიდან (კარტინ დენევი) დაწყებული სოციალური სამსახურის წარმომადგენლებით დამთავრებული.

„ეს ფილმი ზუსტად გადმოსცემს ჩვენს სურვილს ფესტივალი ემოციური და გამბედავი ფილმით გავხსნათ. ემანუელ ბერკოს ნამუშევარი თანამედროვე სამყაროში არსებულ პრობლემებსა და სხვა საკითხებს ზუსტად ეხმიანება, სწევს უნივერსალურ სოციალურ თემებს, ამიტომ იდეალურად ერგება კანის კინოფესტივალის საერთაშორისო აუდიტორიის გემოვნებას“, - ამბობს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ტიერი ფრემო.

ფესტივალის პროგრამასთან დაკავშირებით ვრცელ ინფორმაციას ორიოდე დღეში მოგაწვდით, რადგან მას ოფიციალურად 16 აპრილს გამოაცხადებენ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ისტორიაში პირველად ჟიურის ერთდროულად ორი თავმჯდომარე ეყოლება - ჯოელ და ითან კოენები. ”გვიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცემა კანში ჩასვლისა და მუშაობის საშუალება. ამ ფესტივალს ჩვენს კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ჟიურის თავმჯდომარეობა კი პატივია, მით უფრო, რომ არასდროს არაფრის თავმჯდომარეები არ ვყოფილვართ”, - განაცხადეს ორიოდე თვის წინ ძმებმა.

წელს კანის კინოფესტივალი 68-ედ, 13-დან 24 მაისის ჩათვლით გაიმართება.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან