ლორბერის რბილი მუსიკა
20 აპრილი, 2015
937
print

დღევანდელი მონაცემებით სალაროში კრისტიან მაკბრაიდის ტრიოს კონცერტის მხოლოდ ერთი ბილეთია დარჩენილი. ეს კონცერტი 21 მაისს გაიმართება და წლევანდელ ჯაზსერიას დახურავს. ამ დროისთვის ჯაზის მოყვარულებს კენი გარეტის, უოლას რუნისა და ჯეფ ლორბერის მუსიკა ექნებათ მოსმენელი, მაგრამ ეს ყველაფერი არაა - ჩავლილი იქნება ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი კონცერტიც, რომელიც წელს განსაკუთრებული „რეცეპტით“ მოამზადეს. ამ კონცერტს ქვემოთ დაგიანონსებთ, მანამდე კი 18 აპრილის საღამო გავიხსენოთ.

კონცერტი მუსიკათმცოდნე კახალ თოლორდავამ გახსნა, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში ერთი ერთი ჭეშმარიტება აღნიშნა - რომ ჯაზფესტივალებისა და ჯაზსერიის წყალობით ბევრმა მსმენელმა მოახერხა საკუთარი მუსიკალური გემოვნების დახვეწა, რაც უდავოდ პროგრამის დამსახურება გახლავთ. ვერ შეედავები - შესაძლოა, ჩვენს ფესტივალებს მათი უცხოეული ანალოგების მასშტაბი არ აქვთ, მაგრამ ხარისხის მხრივ პრეტენზიას ნამდვილად ვერ გამოთქვამ. სწორედ ამის დასტურია წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალის პროგრამაც, რომელსაც ასევე ქვემოთ შეგახსენებთ.

წლევანდელი ჯაზსერიის მესამე კონცერტის გმირი „გრემის“ ნომინანტი ჯეფ ლორბერი და მისი ბენდი გახლდათ. მუსიკოსებმა ძირითადად შარშანდელი „გრემის“ საუკეთესო ინსტუმენტული ალბომის ნომინაციაზე წარდგენილ ალბომში შესული კომპოზიციები წარმოგვიდგინეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო წლევანდელი ჯაზსერიის ყველაზე მშვიდი, ჰარმონიული და მელოდიური საღამო, მუსიკა ზუსტად ისე ჟღერდა, როგორც ლორბერის გვარი - რბილად და სასიამოვნოდ. თუმცა კონცერტს ენერგიული აკორდების გარეშე არ ჩაუვლია: დრამის ჩატეხილი რიტმები, საქსოფონის უეცარი შემოჭრები, ბასის ოდნავ შესამჩნევი დომინირება და, ცხადია, ლორბერის ფორტეპიანო - ზუსტი აქცენტებითა და რიტმის ჩონჩხისთვის ხორცის მთავარი შემსხმელი.

UNESCO-ს მიერ დაწესებულ ჯაზის საერთაშორისო დღეს სტამბოლისა და ოსაკას შემდეგ წელს პარიზში 30 აპრილს აღნიშნავენ, რასაც ჩვენც ვუერთდებით. თუ პარიზი მსოფლიო ჯაზის უამრავ ვარსკვლავს ელის, თბილისში მხოლოდ ერთი ჩამოდის - ბასისტი რონ კარტერი, რომელიც სცენაზე პიანისტ დონალდ ვეგასა და გიტარისტ რასელ მალოუნისთან ერთად გამოვა. ეს კონცერტი რუსთაველის თეატრში გაიმართება და უკვე წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა იქნება.

ზაფხულის ყველაზე დიდი მოვლენა კი წინ გველის - შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც წელს წარმოუდგენლად ფოიერვერკული გამოვა. 23 ივლისს ბათუმის კორტებზე სუპერლეგენდარული ჯორჯ კლინტონისა და პარლამენტ ფანკადელიკის კონცერტი გაიმართება, 24 ივლისს არაჩვეულებრივი ვოკალის მქონე ლივ უარფილდისა და NPG HORNZ-ის საღამო გელით; ლიზა სტენსფილდი სცენაზე 25 ივლისს გამოვა, ხოლო, არც მეტი, არც ნაკლები, სნუპ დოგი თითოეულ თქვენგანს 26 ივლისის საღამოს ელის.

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...