ინჟინრები ევერესტზე ფეკალიას ებრძვიან
22 აპრილი, 2015
1344
print

გიგა გურასაშვილი

დედამიწის უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე, გნებავთ ჯომოლუნგმაზე თუ საგარმატხაზე, რომელიც ნეპალსა და ჩინეთს შორის ზღვის დონიდან 8848 მეტრზე აღმართულა, ამსვლელთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. იზრდება მის კალთებზე გამყოლთა შემოსავალიც. ეგაა, სარგებელთან ერთად მთამსვლელების მიერ დატოვებული ნაგავი, ჟანგბადის ბალონები თუ ექსკრემენტების რაოდენობაც მატულობს.

ერთი სიტყვით, ამერიკელი ინჟინრები ტონობით ფეკალიისგან დაბინძურებული ევერესტის ბიოგაზის რეაქტორის დახმარებით გადამუშავების წინადადებით გამოდიან. ირკვევა, რომ ამგვარი ტექნოლოგიური გადაწყვეტილება დედამიწის უმაღლეს მწვერვალს არამარტო გაწმენდს ექსპედიციების მიერ დატოვებული ნარჩენებისგან, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას საწვავის ახალი წყაროთი უზრუნველყოფს.

საქმე ისაა, რომ ევერესტის მიდამოებში ექსპედიციები ყოველწლიურად დაახლოებით 12 ტონა ფეკალიას ტოვებენ, რომელიც შემდგომ საბაზო ბანაკიდან (5364  მ.) სოფელ გორაკშეპში (ზღვის დონიდან 5164 მეტრზეა) მზიდავებს ხელით გადააქვთ და საგანგებოდ მომზადებულ ღია ორმოებში ყრიან. ეგაა, მაღალმთიანეთში, გაიშვიათებული ჟანგბადის პირობებში ასეთი ნარჩენების გამოშრობას და გახრწნას წლები სჭირდება.

Discovery News-ის დახმარებით ვიტყობთ, რომ ამერიკელმა ინჟინრებმა შეიმუშავეს ბიოგაზის ერთგვარი მოწყობილობა, რომელიც ექსკრემენტებს ენერგიის წყაროდ გარდაქმნის (ორგანულ ნივთიერებათა ბიოდესტრუქციის პროცესი, რომელიც მეთანს გამოათავისუფლებს), და რომელსაც გორაკშეპის მაცხოვრებლები საკვების მოსამზადებლად თუ სახლების გასათბობად გამოიყენებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტანდარტული ბიოგაზის დანადგარებისგან განსხვავებით ასეთი მოწყობილობა გამოირჩევა დაბალი ტემპერატურის პირობებში მუშაობის შესაძლებლობით.   

ნეპალის ხელისუფლება და მთამსვლელები დიდი ხანია ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ.

ტემპერატურის 30 გრადუსამდე შესანარჩუნებლად დაახლოებით 200 ვატი ელექტროენერგიაა საჭირო (თავად აპარატი მიწის ქვეშ იქნება განთავსებული). იმის გათვალისწინებით, რომ სოფელი ენერგოქსელში ჩართული არაა, დანადგარი აღჭურვილი იქნება მზის 16 ბატარეისგან. ღამით და ძლიერი ღრუბლიანობის პირობებში ელექტროობას უზრუნველყოფენ Exide LMXT-ის ორვოლტიანი აკუმულატორები.

იდეის ავტორებმა საკუთარი პროექტი უკვე წარუდგინეს ექსპერტთა ჯგუფს, რასაც დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა. პროექტი მოიწონეს გორაკშეპის მაცხოვრებლებმა და ნეპალის ხელისუფლებამ.

ბიორეაქტორის გაშვება 2016 წლისთვის იგეგმება, მანამდე კი ინჟინრებს მის განსახორციელებლად შემოწირულობების მიღება განუზრახავთ.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს