Silent Hills-ის პროექტი მკვდარია
27 აპრილი, 2015
1011
print

დაახლოებით ერთი წლის წინ ვიდეოთამაშების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, Heavy Rain-ის შემქნელი დევიდ კეიჯი დეველოპერების მიმართ საყვედურით სავსე სიტყვით გამოვიდა და ორიგინალური იდეების არქონის ან მათი კომერციული პროექტებით ჩანაცვლების გამო მძლავრი სტუდიები გააკრიტიკა. ვერ შეედავები - დიდი კომპანიები სულ უფრო ნაკლებს მუშაობენ ახალ ფრენჩაზიებზე და ძველების გადამღერებას, სიქველებისა და რიმეიქების გამოშვებას ამჯობინებენ (ზუსტად ისე, როგორც ეს სანახობრივი კინოს შემთხვევაში ხდება), ხოლო თუ რამე ახალი მოიგონეს, ისეთივე ნაგავი გამოდის, როგორიც ათასგზის დარეკლამებული Order 1886 იყო.

დევიდ კეიჯის ”გასახარად” სტუდია Treyarch-მა ორიოდე დღის წინ Call of Duty: Black Ops 3-ის გეიმპლეი წარმოგვიდგინა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ეს არასდროს დამთავრდება, იქით Ubisoft-ი Assassin's Creed: Something-ს ამზადებს. მოკლედ, კარგი არაფერი... და როგორი პარადოქსია, რომ ამ პატარა სტატიაში 9gag-ის პინგვინივით უნდა მოვიქცე და ძალიან ცნობილი სერიის დაანონსებული ნაწილის ჩავარდნა გამოვიგლოვო - ზაფხულში დაანონსებული Silent Hills-ის პროექტი მკვდრადშობილი აღმოჩნდა.

სურვაივალ ჰორორ ”საილენთ ჰილის” ახალი ნაწილი ”კონამიმ” შარშან აგვისტოში დააანონსა და თან იმდენი კარგი სიახლე მოაყოლა, გეიმერებს კინაღამ ოვერდოზი დაემართათ: პროექტს თვით ჰიდეო კოჯიმა უხელმძღვანელებდა, რეჟისორი გილერმო დელ ტორო უნდა ყოფილიყო, მთავარი პერსონაჟის მოდელი კი მსახიობი ნორმან რიდუსი იქნებოდა. ეს ყველაფერი Gamescom 2014-ზე Sony Computer Entertainment-ის პრესკონფერენციისას გვამცნეს და Playstation 4-ისთვის PS store-ზე დადებული ე.წ. Playable Teaser (P.T.) ანუ ინტერაქტიული თიზერიც წარმოგვიდგინეს.

საბოლოოდ კი ამ თიზერით დაწყებული საქმე, მასთან დაკავშირებული სიახლით დასრულდა - PS store-იდან P.T.-ს 29 აპრილს აიღებენ, ამიტომ სანამ დროა, გადმოწერეთ (უფასოა), თამაშად ნამდვილად ღირს.

როდესაც თიზერის აღების შესახებ გვაუწყეს, ეს არც ისე პესიმისტურად ჟღერდა. ბევრმა იფიქრა, რომ ”კონამის” პროექტის დეველოპმენტში პროგრესი ჰქონდა და სპოილერის ან სხვა დეტალების გამო ამჯობინეს, თამაშთან დამაკავშირებელი ნებისმიერი კონტენტი გაექროთ. თუმცა ეს ოპტიმიზმი მეორე დღესვე მოკლეს - გილერმო დელ ტორომ პირდპირ გვაჯახა, რომ it’s not gonna happen. დელ ტოროს სიტყვებს მალე ნორმან რიდუსის ”ჭიკჭიკი” მოჰყვა რომელმაც პროექტის ჩავარდნის გამო საკუთარ ტვიტერზე ბოდიშიც მოიხადა და ნუგეშად ერთი ნაჭერი პიცა დაგვიტოვა. არაფერი დაუტოვებია ჰიდეო კოჯიმას, რომლის კომპანიის ლოგოც თამაშის საიტიდან ჯერ კიდევ მარტში გაქრა, თავად კი Metal Gear Solid V: The Phantom Pain-ზე გააგრძელა მუშაობა.

ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ, ამ დროინდელი მონაცემებით, პროექტის გაცოცხლების ვარაუდებსაც არ გამოთქვამენ, ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებიათ, რომ ახალ გუნდს მოიყვანენ და თამაშს მაინც გააკეთებენ. მოკლედ, ისევ და ისევ კარგი არაფერი...

 

ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი