”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
28 აპრილი, 2015
1268
print

თიკა ნიკოლაძე

 ერთი კვირის მანძილზე ორი მინისტრის გადადგომას, ”24 საათთან” საუბარში, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აფასებს.

 - ყველაზე ხშირად გაჟღერებული ვერსია არის ის, რომ მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება ბიძინა ივანიშვილის ნებით ხდება. საიდან წარმოიშვა ეს ვერსია და რატომ მაინცდამაინც ეს მინისტრები?

 - დავიწყოთ იმით, რომ ერთი და ორი მინისტრის გადადგომა მდგომარეობას არ ცვლის. საერთოდ მინისტრების ყოფნა-არყოფნაც არ ცვლის რამეს, რადგან მთავარი მოქმედი პირი ბიძინა ივანიშვილია. თვით პრემიერ-მინისტრიც ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არის ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, მთავრობა უნიათო და არაკომპეტენტურია, მაგრამ მის უმოქმედობაზე, უნიათობაზე და არაკომპეტენტურობაზე კიდევ განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში გვაქვს არაფორმალური მმართველობა დ,ა შესაბამისად, სანამ ივანიშვილთან არ შეათანხმებენ საკითხს, მანამდე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ - ასე ქვეყანა არ იმართება. ამიტომ, ახლა ამ ორი მინისტრის გადადგომა არსებითად არაფერს ცვლის.

 მეორე, რაც მინდა ვთქვა: ქვაყანაში მთავარი პრობლემა ახლა არის ეკონომიკური ვარდნა. საშუალოდ 600 დოლარით ყველა გავღარიბდით. ამის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის და მმართველობის გამოცვლით, ანუ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის გამოცვლით. არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ან ერთი-ორი მინისტრის გამოცვლა შეცვლის მდგომარებას ან თუნდაც მთელი მინისტრთა კაბინეტის, თუკი იგი მაინც ბიძინა ივანიშვილმა უნდა მართოს.

 რაც შეეხება ინტრიგას შიგნით, ერთი მინისტრის გადადგომა უკლია იმას, რომ მთელი მინისტრთა კაბინეტი გამოიცვალოს. ნელ-ნელა ბიძინა ივანიშვილი აპარებს საზოგადოებას, რომ დღევანდელი მთავრობა უნდა გამოიცვლაოს და ეს, პირველ რიგში, ეხება ირაკლი ღარიბაშვილს. თუმცა, იმ ”ბრძენ კაცს” თავში რა მოუვა, ამის წინასწარ გასაზღვრა ჩემს ინტელექტუალურ ძალისხმევას აღემატება.

 - გადამდგარი მინისტრები ღარიბაშვილის კადრებად მოიაზრებიან. რა შედეგებს უნდა ველოდოთ ღარიბაშვილის კადრების პირადად ივანიშვილის კადრების ჩანაცვლებით?

 - ღარიბაშვილიც, უსუფაშვილიც, მარგველაშვილიც და აღარაფერს ვიტყვი სხვებზე, არიან ბიძინა ივანიშვილის კადრები. ახლა ბიძინა ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი რას მოილაპარაკებენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს შემდეგი პრემიერი, ამას, კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყანას მართავენ ბიძინა ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი, ლარს, ეკონომიკას და ჩვენს ჯიბეს კარგი დღე არ უწერია,.

 - არსებობს ვერსია, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი და დავით შავლიაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის დეიდაშვილ ზვიად ჯანყარაშვილთან ერთად, გარეულები იყვნენ კორუფციულ სქემებში და ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მათი თანმდებობიდან გათავისუფლება. ამაზე რას ფიქრობთ?

 - კორუფციულ სქემებში გარეული ნამდვილად იყვნენ. თავისთავად, ღარიბაშვილის ათვალწუნება და, ვთქვათ, შავლიაშვილი იქნება, მანამდე ჯანყარაშვილი თუ ჩხენკელი, მათი თანამდებობიდან წასვლა, უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში გაჩნდა კორუფციული სქემები, რომელიც არ იყო ნებადართული ბიძინა ივანიშვილის მიერ. აქ ის კი არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ”კაი ტიპია” და კორუფციას ებრძვის, არამედ ის, რომ ჯანყარაშვილის და დანარჩენების კორუფციული სქემები უბრალოდ ივანიშვილთან არ იყო შეთანხმებული. თორემ ვინც მასთან ათანხმებს, აგერ მაგალითად, მისი საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, მას RMG GOLD-ზეც კარგად აქვს ხელი დადებული და ლარად ქონებაც კარგად ჩაიჯიბა. ბიძინა ივანიშვილი გაბრაზდა არა თვითონ კორუფციის ფაქტზე, არამედ იმაზე, რომ მასთან შეუთანხმებლად დაიწყო ვიღაცამ ფულის კეთება. თორემ, ფულს თვითონაც კარგად აკეთებს უჩას ხელით.

 - არის კიდევ ერთი ვერსია, რომ ელგუჯა ხოკრიშვილმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეს იმიტომ მოხდა, რომ მას მუშაობის საშუალება არ ეძლეოდა, ვერ იღებდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს. რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის ეს მოსაზრება?

 - იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი გუნება-განწობილება აქვთ მინისტებს, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი რამ ვიცი, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავზე ვგრძნობთ შედეგს, რაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა.

 - კიდევ ერთი მინისტრის გადადგომით, პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა წარუდგინონ. კანონმდებლების მიერ ნდობის ორჯერ არგამოცხადების შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. გამორიცხავთ ვერსიას, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს სწორედ ეს სურს?

 - ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. ივანიშვილმა ერთხელ საჯაროდაც თქვა, რომ არ გამორიცხავდა რიგგარეშე არჩევნებს. მაგრამ შემდეგ, ”ქართული ოცნებიდან” და თავად ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც ამაზე საუბარი შეწყდა და ეს არ გამკვირვებია, რადგან როგორც IRI-ს კვლევამ აჩვენა, იმდენად დიდია ”ქართული ოცნების” რეიტინგის ვარდნა, რომ ასეთ პირობებში მათ ნამდვილად არ მოუნდებათ არჩევნების ჩატარება.

რაც შეეხება თვითონ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პერსპექტივას, მიმაჩნია, რომ ალბათობა მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ნელ-ნელა უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ამ მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში რაიმე ტიპის გაუმჯობესებაზე ლაპარაკი (თუ კიდევ უფრო არ გაუარესდა და, მე გარწმუნებთ, რომ გაუარესდება) შეუძლებელია. შესაბამისად, შესაძლოა გვიან შემოდგომაზე ისე დამძიმდეს მდგომარეობა, რომ ყოველ თვეს და ყოველ კვირას ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ამოვძვრეთიმ ჭაობიდან, რომელშიც ჩაგვაგდო ივანიშვილმა.

 მაგალითად, პირადად მე, 2.50-ს ლარის გაცვლით კურსს ველოდებოდი დეკემბერში, ახლა კი 2.30-ს გადაცდა და ისეთი სისწრაფით მიდის, რომ არ გამოვრიცხავ, 2.50 დეკემბრამდე გახდეს, ანუ ლარის ვარდნის სისწრაფე ჩემს სკეპტიციზმსაც კი აღემატება. შესაძლოა ფანტასტიკის სფეროდან მოგეჩვენოთ, რასაც გეტყვით, მაგრამ არასწორი სისტემის გამო, 10-12 წლის წინ კალიფორნიაშიც კი შუქი ქრებოდა. დღეს საქართველოში მოსახლეობას ჰგონია, რომ შუქის ჩაქრობა წარმოუდგენელია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თუ ახლა სწორი გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული, ზამთარში რაღაც ადგილებში შუქი ჩაქრება. ეს გარდაუვალია.

 

სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას