ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
29 აპრილი, 2015
828
print

პირველი საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 1976 წელს ჰყავდა და ეს ლათინური ამერიკის ლიტერატურა გახლდათ. 42 წლის შემდეგ კი ამ როლს საქართველო შეასრულებს. უკვე ყველამ ვიცით, რომ 2018 წელს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს და ყველაზე მასშტაბურ წიგნის ბაზრობაზე ყურადღების ცენტრში მოვექცევით ანუ ღირსეულად უნდა წარვსდგეთ, რაც საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ მოსამზადებელ პროცესს გულისხმობს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობითვის ჩვენი ქვეყანა უკვე მეორე წელია ემზადება, გუშინ კი ის ადამიანები გაგვაცნეს, ვისაც ფრანკფურტში წარსადგენი პროგრამის შემუშავება დაევალება.

აღნიშნულ საკითხზე მომუშავე კომიტეტის შემადგენლობის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა, რასაც პირველი სამუშაო შეხვედრაც მოჰყვა. იქვე გაირკვა, რომ საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობასა და პროექტის განხორციელებას მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს, ასევე მის მუშაობაში ჩართული იქნება საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, მდგრადი განვითარების, ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, რომლებიც კომიტეტში შესაბამისი მინისტრების მოადგილეებით იქნებიან წარმოდგენილი. ისინი პროგრამის დაგეგმარებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკური, საორგანიზაციო და უწყებათაშორისი საკითხების გადაჭრას უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება კომიტეტს, მის შემადგენლობაში სახელოვნებო და სამეცნიერო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სპეციალისტები მოხვდნენ: მწერალი ნინო ხარატიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი, ხელოვნებათმცოდნე ირინა პოპიაშვილი, კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, თიბისი ბანკის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე, რეჟისორი დავით დოიაშვილი, გამომცემელი ოთარ ყარალაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი შტეფან ვაკვიცი.

სწორედ ამ ადამიანებს მოუწევთ ფრანკფურტში წარსადგენი პროგრამის კონცეფციასა და დაგეგმარებაზე მუშაობა, სამუშაო კი ნამდვილად ბევრია. საქმე ის გახლავთ, რომ ფრანკფურტის ბაზრობის საპატიო სტუმრობა მხოლოდ წიგნების დახლებზე ჩამოლაგებასა და პრეზენტაციების გამართვას არ ითვალისწინებს - ფრანკფურტში ფაქტობრივად მთელი ქვეყანა უნდა ჩაიტანო და კულტურული ღონისძიებების მთელი სერია ჩაატარო.

როგორც გითხარით, საპატიო სტუმრების პრაქტიკა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 1976 წლიდან აქვს. მაშინ სტუმრის სტატუსი მთელი ლათინური ამერიკის მწერლობას ჰქონდა, შემდეგ სტუმარი საბავშვო ლიტერატურა და კონკრეტულად ჯორჯ ორუელის შემოქმედება იყო, პირველი სტუმარი ქვეყანა კი ბაზრობას 1986 წელს ჰყავდა - ინდოეთი. შარშან სტუმრის სტატუსი ფინეთს ჰქონდა, წელს კი, ოქტომბერში დაგეგმილ ბაზრობაზე, ყურადღების ცენტრში ინდონეზიური ლიტერატურა მოექცევა. ცნობილია ისიც, რომ მომავალ წელს ბაზრობის სტუმარი ქვეყანა ჰოლანდია იქნება, შემდგე კი ჩვენი გამოცდის ჯერი დადგება.

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული
12 თებერვალი, 2015 ბალადა პირველი ქართული გრაფიკული ნოველისა