დაგეგმილი პაემანი ლევან კოღუაშვილის ფილმთან
01 მაისი, 2015
1079
print

ამ ფილმს პირველი მაყურებელი 2013 წლის თბილისის კინოფესტივალზე ჰყავდა, შემდეგ ის მსოფლიოს უამრავი საერთაშორისო კინოფესტივალის მაყურებელმა ნახა და შეაფასა. აფასებდა ჟიურიც, თანაც საკმაოდ კარგად, რაზეც მის მიერ მოპოვებული კინოჯილდოების რაოდენობა და ხარისხი მეტყველებს. გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ კი ლევან კოღუაშვილის „შემთხვევით პაემნებს“ ჩვენს მაყურებელს წარუდგენენ - ფილმი გაქირავებაში 7 მაისიდან გამოდის.

„შემთხვევით პაემნებზე“ წერისას უცხოური პრესა ამბობს, რომ ეს არის სევდით გაჯერებული კომედია, ჩუმი აღფრთოვანება, სასაცილო და ღრმა, სინათლის სხივი და ასე შემდეგ. ჩვენთვის კი ეს სიტყვები პირველივე სცენებიდან კარგავს აზრს, რადგან ის, რაც სხვისთვის აღფრთოვანება და სინათლის სხივია, ჩვენთვის ყოველდღიურობა, ძალიან ხელშესახები და ნამდვილი ამბავია - ასე ვცხოვრობთ, ასე ვსაუბრობთ, ვიქცევით და ასევე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ძალიან კარგი „ქუჩის დღეების“ რეჟისორმა კიდევ ერთხელ მოახერხა ყველასთვის კარგად ნაცნობი, ბევრჯერ მოსმენილი და მოყოლილი ამბის ეკრანზე ის გადატანა, თითქოს ამ ყველაფერს პირველად იგებ - ზუსტად ისე, როგორც ალბათ უცხოელი მაყურებლის შემთხვევაში მოხდა. ფილმის მთავარი ღირსება სწორედ ეს გახლავთ - მოვლენის გვერდიდან დანახვა და შეფასება, რადგან სწორედ ასეთ დროს ვიქცევით ადამიანები ადეკვატურად, ასეთ დროს შეგვიძლია ვიყოთ ყველაზე გულწრფელები.

„შემთხვევითი პაემნების“ სცენარზე ლევან კოაღუაშვილმა ამჯერადაც ბორის ფრუმინთან („ქუჩის დღეების“ სცენარის თანაავტორი) ერთად იმუშავა. ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ოპერატორ ტატო კოტეტიშვილის მიერ შექმნილი მინიმალისტური გარემოა, რასაც პაატა გოძიაშვილი მუსიკა ავსებს. სამსახიობო ანსამბლში კი ანდრო საყვარელიძე, ია სუხიტაშვილი, არჩილ ქიქოძე, ვახო ჩაჩანიძე (ფილმში საუკეთესო) და კახი კავსაძე მოხვდნენ.

როგორც გითხარით, „შემთხვევითი პაემნები“ ჩვენს გაქირავებაში 7 მაისიდან გამოვა და მის ნახვას ობიექტურად გირჩევთ.

14 მაისიდან კი გაქირავებაში პოსტაპოკალიპტური „შეშლილი მაქსი: მრისხანე გზა“ გამოვა. ვინც ვიდეოკასეტების გაქირავების ეპოქას მოესწრო, უთუოდ ემახსოვრება მელ გიბსონიანი ე.წ. „ბეზუმნი მაქსი“ - ავსტრალიელი ჯორჯ მილერის შესანიშნავი ტრილოგია, რომელმაც მსოფლიოს არა მხოლოდ ნახსენები მსახიობი უბოძა, არამედ ზოგადად ჟანრის შექმნაც განაპირობა. სწორედ „შეშლილი მაქსის“ ვიზუალური მხარე გახდა შემდგომში ბევრი პოსტაპოკალიპტური ფილმისა თუ ვიდეოთამაშის ინსპირაციის წყარო, რასაც თანამედროვე კინოშიც იყენებენ.

მეოთხე „შეშლილი მაქსის“ რეჟისორი კვლავ ჯორჯ მილერია, თუმცა ამჯერად ტომ ჰარდის მიერ შესრულებული მაქსი შეიშალა. ორიოდე კვირის წინ ინტერნეტში გამოჩენილი ტრაილერი საკმაოდ იმედის მომცემიანად გამოიყურება: ექშენი, სპეცეფექტები, ავთენტური გარემო და არანორმალური პერსონაჟები - ეს ყველაფერი ადგილზეა, ახლა კი მხოლოდ ფილმის ნახვა დაგვრჩენია.

საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება „ხვალიდნელი სამყაროს“ (Tomorrowland) საანონსო ვიდეოებიც. იდეა საკმაოდ ორიგინალური ჩანს, მთავარია მისი კინოგანხორციელება თანმიმდევრობითი იყოს და არა ლაბირინთად ჩახლართული აბრაკადაბრა. ეს ფილმი გაქირავებაში 21 მაისს გამოვა, ერთი კვირის შემდეგ კი „სან ანდრეასის“ ნახვას შეძლებთ. ეს გახლავთ ფილმი-კატასტროფა, რომელშიც მოვლენები კალიფორნიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ვითარდება და არანაირი კავშირი არ აქვს ერთ ძალიან ცნობილ თამაშთან...

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან