გრაფიკული ჯაზი
05 მაისი, 2015
975
print

ზუსტად ათი დღის შემდეგ, შავი ზღვის ჯაზფესტივალის გახსნამდე ორიოდე თვით ადრე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თიბისი სტატუსი  ჯაზფესტივალის ყოველწლიური კონკურსის შედეგებს გამოაცხადებენ და გამარჯვებულსაც დააჯილდოებენ. საუკეთესო პოსტერი წლევანდელი ღონისძიების მთავარი აქსესუარი გახდება: დაბეჭდავენ პოსტრებს, მაისურებზე და სხვა აქსესუარებზე. მისი ავტორი კი ჯილდოს გარდა ფესტივალზე დასასწრებ აბონემენტებსაც მიიღებს.

პოსტერის კონკურსი 1 აპრილს გამოაცხადეს და ერთ თვეს გასტანა. სულ შემოვიდა 78 კონკურსანტის 104 ნამუშევარი. კონკურსში მონაწილეობენ როგორც დიზაინერები, ისე მხატვრები და გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები. ამჟამად ნამუშევრები ფესტივალის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული (tbilisijazz.com) და ყველა მსურველს შეუძლია თავისი რჩეული შეაფასოს (15 მაისამდე). მომხმარებელთა ფავორიტი კონკურსანტი აბონემენტებთან ერთად 1000 ლარსაც მიიღებს, ხოლო გამარჯვებულისთვის 2000 ლარიანი ფულადი ჯილდოა დაწესებული.

104 ნამუშევრიდან ნახევარზე მეტი ყურადღებას საერთოდ არ იქცევს. ზოგი იმდენად ბანალურია, რომ საყვირის სილუეტის იქით ვერ მიდის, რამდენიმემ კი ბათუმის ლოგოს კონკურსის ნამუშევრები გადაათამაშა. ბევრი იყენებს ქალაქის არქიტექტურას, მედუზებს, ნიჟარებს, ფორტეპიანოს კლავიშებსა და სხვა ინსტრუმენტებს, ასევე მაილს დევისის სილუეტს პალმებითა და ტალღებით. არის ვინტაჟური პოსტერებიც, შავ-თეთრებიც და ზედმეტად ფერადებიც. მოკლედ, ასარჩევი ბევრია.

გიორგი წოწკოლაური, გრაფიკოს დიზაინერი, კონკურსის მონაწილე: ”ჯაზს არ ვუსმენ, სხვა სტილის მუსიკა უფრო მიზიდავს, თუმცა პროფესიონალი ვარ, ამიტომ ამ ფაქტორს მუშაობისას ხელი არ შეუშლია. მინდოდა, წინა პოსტერებისგან განსხვავებული შემექმნა, ამიტომ ვეცადე, ფერთა გამის დონეზეც არ გამემეორებინა. მუქი ლურჯი და ღრმა იასამნისფერი ინტიმური საკონცერტო განწყობის შემქნელია, თუმცა ფერებით ვარირება დაუსრულებლად შეიძლება. რაც შეეხება კონტრაბასს, ის მხოლოდ დეტალის ფუნქციას ასრულებს, მასზე არჩევანი კი იმ მარტივი მიზეზით შევაჩერე, რომ საყვირი და საქსოფონი ამ ტიპის პოსტერებში ძალიან გაცვეთილი თემაა. კონტრაბასის დეკაზე გამოსახული ხვეულები კი ჩემი სტილია, უბრალოდ ლამაზი ფაქტურაა. რაც შეეხება სხვა საკონკურსო ნამუშევრებს, აქედან შეიძლება კიდევ ერთხელ დავასკვნათ, რომ ჩვენთან პოსტერის შექმნის კულტურა ისევ განვითარების დონეზეა. ნამუშევრების უმეტესობა მხატვრის ნახატს ჰგავს და მოკლებულია გრაფიკულ დეტალებს.” 

 ***

წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალი 23-დან 26 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ჯორჯ კლინტონის, ლივ უარფილდის, ლიზა სტენსფილდისა და სნუპ დოგის კონცერტები ტრადიციისამებრ ბათუმის კორტებზე გაიმართება. აქვე კი შეგახსენებთ, რომ 12 მაისს ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერის, სნუპ დოგის ალბომი Bush გამოდის, რომლის პროდუსერიც ფარელ უილიამსი გახლავთ, სტუმარი შემსრულებლი კი სტივ უანდერი. ცხადია, ამ ალბომში შესულ კომპოზიციებს ბათუმის სტუმრებიც მოვისმენთ.

 

ია ვეკუა 

ia vekua
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის