დღეს სახელმწიფო ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას
15 მაისი, 2015
1005
print

ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორთან გიგი თევზაძესთან

 მაია ჭალაგანიძე

- რამდენიმე დღის წინ, გამოქვეყნდა NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ საქართველოში. ტრადიციულად, სოციოლოგიური კვლევების მიმართ საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ნაწილი ენდობა, ნაწილი - კატეგორიულად არა. რეალურად რა გავლენას ახდენს ეს კვლევები ჩვენს ცხოვრებაზე?

კითხვა ყველამ იცის და ყველას შეუძლია დიაგრამების და პროცენტული მონაცემების წაკითხვა, მაგრამ კვლევის კითხვა ცალკე უნარია, რომელსაც სწავლა სჭირდება.

- სწორედ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე გისვამთ კითხვებს...

- როგორიც არ უნდა იყოს საზოგადოება, არსებობს ტაბუდადებული თემები, კითხვები, რომელზეც რესპონდენტებს ნაკლებად სურთ პასუხის გაცემა. ამიტომაც, რესპონდენტი რომ არ დაფრთხეს, კარგ კვლევაში იდება ისეთი კითხვები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ პასუხობენ კვლევისთვის საინტერესო საკითხებს, მაგრამ ირიბად მიუთითებენ საძიებო პასუხს.

მაგალითისთვის ვნახოთ პასუხი კითხვაზე - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს“. – 16 პროცენტი ნაციონალებს უჭერს მხარს, 24 - ოცნებას და თავისუფალ დემოკრატებს - 5 პროცენტი. თითქოს, პასუხი გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს გამოკითხულთა იმ 27 პროცენტზე მეტს, ვინც ამბობს, რომ არ იცის, რომელ პოლიტიკურ ძალს დაუჭერდა მხარს.

- ასევე დიდი პროცენტია მათი, ვინც ჯერ არ ჩამოყალიბებულა. საქართველოში ჩატარებულა გამოკითხვები, რომელიც აჩვენებდა, რომ ჩამოუყალიბებელი იყო 10 პროცენტი: თუ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად დაძაბული პოლიტიკური ვითარება არ არის, მაშინ მკვლევარები მოწოდებულები არიან თანაბრად გადაანაწილონ გაურკვეველი ხმები. ანუ, ეს, „გაურკვევლების“ 10 პროცენტი სხვა, „გარკვეულების“ პროცენტული მონაცემების მიხედვით გადაანაწილონ. თუ გაურკვევლობა იმდენია, რამდენიც ამ კვლევაში მივიღეთ, მაშინ პირდაპირი განაწილების მართებულობა საეჭვოა.

- ვფიქრობ, დღეს საქართველოში მოსახლეობის ნაწილს უფრო არ სურს არჩევნებში ხმის მიცემის შესახებ პირდაპირ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვიდრე სურს. აქ ბევრი ფაქტორია: ინტერვიუერის უნდობლობა, საკუთარი არჩევანის შესახებ საკუთარი სოციალური წრის უარყოფითი აზრი, კონფლიქტში, თუნდაც წარმოსახვითში, არშესვლის სურვილი... ამას ხელს უწყობს ისიც, რომ არანაირი თანამშრომლობა არ არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რეალურად, წინასაარჩევნო პერიოდში ვართ. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში წყნარი პოლიტიკური ვითარებაა, სწორედ იმიტომ, რომ არსებობს სრული მიუღებლობა ოპოზიციის მთავარი ნაწილის (ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები) და ხელისუფლების მომხრეებს შორის. ზუსტად ის მდგომარეობაა, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კვლევაში პასუხი კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ვინ გაიმარჯვებს, უნდა ვეძებოთ ირიბ კითხვებში, რომელიც რეალურად მიგვითითებს რა მოხდება, ხვალ რომ არჩევნები იყოს.

- კვლევაში, კონკრეტულად რა აღწერს ამ რეალობას?

- ეს ძალიან კარგად შედგენილი კითხვარია. აი, ირიბი კითხვის მაგალითი, რომელიც ჩვენთვის საინტერესო კითხვას პასუხობს: „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს“. გამოკითხულთა 45 პროცენტი ამბობს, რომ ხელისუფლება ახორციელებს ასეთ ცვლილებებს. 50 პასუხობს, რომ - არა. მეორე მხრივ, პირდაპირი კითხვის შედეგად, ვიცით, რომ 24 პროცენტი მისცემს ხმას სახელისუფლებო ძალას. ეს 45 პროცენტი უფრო ადეკვატურად ასახავს, თუ რა ვითარებაა პოლიტიკურ სფეროში, ანუ იმას, თუ რამდენი ადამიანი მისცემს ხმას სახელისუფლებო ძალას, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვიდრე პირდაპირი კითხვა. გარდა ამისა, ეს 45 პროცენტი რეპრეზენტატიული მხოლოდ ქართულენოვანი მოსახლეობის მასშტაბით არის (ასეა აღნიშნული კვლევაში) და აქ არ შედის ეროვნული უმცირესობების ხმები იმ რეგიონებიდან, სადაც ხელისუფლებას ისტორიულად აქვს გავლენა. ასევე ამ პროცენტში არ შედის ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ხელისუფლება ტრადიციულად იყენებს. ასე გამოდის, რომ ამ მონაცემებით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება უმრავლესობას, 50 პროცენტზე მეტს, აიღებდა. მე რომ მკითხო, ეს კარგი არ არის, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი კოალიციური მთავრობაა და ეს თქვენთანაც არაერთხელ მითქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების რეიტინგის შკალა დაბლა მიდის, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნებისათვის იგივე, ან, პარლამენტში ადგილების გადანაწილების წესიდან გამომდინარე, უფრო სახარბიელო ვითარებას მივიღებთ.

აქვეა ასეთი კითხვაც: „საპარლამენტო ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, განახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს თუ არა“. გამოკითხულთა 56 პროცენტი ფიქრობს, რომ ვერ განახორციელებს, ხოლო 22 პროცენტი ფიქრობს, რომ განახორციელებს. სწორედ ეს 22 პროცენტი შეიძლება აიღოს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, ან პარტიათა კოალიციამ, ხვალ რომ არჩევნები იყოს.

- ვხედავთ ხელისუფლების რეიტინგის კლების ტენდენციას, მაგრამ ეს არ გვაჩვენებს იმის ტენდენციას, რომ იმატებს ოპოზიციური პარტიის მომხრეთ რიცხვი. ეს რა მოვლენაა?

- შევხედოთ გამოკითხვას და ვნახოთ, როგორია სახელფასო განაწილება ქვეყანაში, სადღაც, 65 პროცენტზე უფრო მეტს, ოჯახში 400 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ანუ, ეს ხალხი არის ღარიბი. ახლა გადავხედოთ, რა გაუმჯობესდა და რა გაუარესდა გამოკითხვის მიხედვით - გაუმჯობესდა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება. ოჯახისთვის, რომელსაც 400 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, უფასო სამედიცინო მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ განათლებაში ქვეყნის განვითარებისათვის კონტრპოდუქტიული, ანტიგონივრული წესები დაამყარა მარგველაშვილმა მინისტრობის დროს, ვგულისხმობ უფასო სახელმძღვანელოებს და ბაკალავრიატის საფეხურზე უფასო ფაკულტეტებს, ეს დიდი შეღავათია ამ კატეგორიის ოჯახებისთვის, იმიტომ, რომ ამ სერვისებში ისინი ადრე ფულს იხდიდნენ: როგორც სახელმძღვანელოებში, ასევე, უმაღლეს განათლებაში. ამ უკანასკნელში იმიტომ, რომ 400 ლარიან ოჯახს არ უნდა ჰქონდეს კარგი რეპეტიტორის დაქირავების საშუალება, რომ კონკურენცია მოუგოს შედარებით მდიდარ ოჯახებს. ეს ცვლილებები კონტრპროდუქტიულია იმიტომ, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროექტით ძლიერად დაზარალდა საგამომცემლო ბიზნესი და სახელმძღვანელოების განვითარების პროცესი, ხოლო უფასო ფაკულტეტები, როგორც ქვეყნის, ასევე ინდივიდის განვითარების თვალსაზრისით წყალში გადაყრილი ფულია: თუკი საქართველოში ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ ბაკალავრიატის საფეხურზე რომელიმე მეცნიერების უფასო სწავლებით კვლევის და განვითარების მდგომარეობა გაუმჯობესდება, არა მარტო მის კომპეტენციაში უნდა შევიტანოთ სერიოზული ეჭვი. მაგრამ, ვიმეორებ, მიუხედავად ამისა, ეს ძალიან მოსწონს იმ ამომრჩეველს, რომლის ოჯახური შემოსავალი 400 ლარზე ნაკლებია. ასეთი კი ამ ქვეყანაში მოსახლეობის 65 პროცენტზე მეტია. ეს ის სამი სვეტია, რომელსაც მნიშვნელოვნად ეყრდნობა ქართული ოცნების პოპულარობა: უფასო ჯანდაცვა, უფასო სახელმძღვანელოები, უფასო პროგრამები ბაკალავრიატის საფეხურზე.

- როგორც ვხედავთ, ჩვენს ქვეყანაში უფასო შეთავაზებები ძალზე პოპულარულია და თუ ეკონომიკური ვითარება ანალოგიური დარჩა და გაღარიბება გაგრძელდა, კიდევ ურო პოპულარული გახდება დროთა განმავლობაში. რა შეიძლება ამის საპირწონედ შესთავაზოს ოპოზიციამ ამომრჩეველს?

- შეიძლება შესთავაზოს რაღაც განსხვავებული, იგივე რანგის, მაგრამ გაცილებით ხარისხიანი.

როგორც კვლევა აჩვენებს, უპირველესი პრობლემა ქვეყანაში უმუშევრობაა. ძალიან ცუდია, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საზოგადოებასთან ურთიერთობაში სამუშაო ადგილების შექმნა არ იყო მთავარი პრიორიტეტი. ამიტომაც, ნაციონალური მოძრაობა, ან ნებისმიერი სხვა პარტია, არ აღიქმება იმ ხელისუფლებად, რომელიც ქმნის სამუშო ადგილებს. ეს სამი სვეტი, რომელზეც ისევ დგას ოცნების პოპულარობა, ერთი შეხედვით, თითქოს კარგია ღარიბი ადამიანისთვის, რადგან ის, ამ ყველაფერში, ადრე ფულს ხარჯავდა. უფასო განათლება დაბლა წევს განათლების ხარისხს. ჯანდაცვის ამ დოზით უფასოობას ვერც ერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ დაძლევს და ახლა ნელ-ნელა ისევ აუცილებელი გახდება კერძო დაზღვევაზე დაბრუნება. ვნახავთ, როგორ განხორციელდება ეს პროცესი. ოპოზიციას მნიშვნელოვანი დაპირებების გაცემა მოუწევს...

- მაგალითად?

- სკოლების გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის. შეიძლება პრივატიზაციაც..

- ეს აღარ იქნება უფასო...

- გარკვეულწილად უფასო იქნება, რადგან სახელმწიფომ დაფინანსების თავისი წილი უნდა შეინარჩუნოს. სკოლებმა სახელმწიფოსგან იმდენივე ფული უნდა მიიღონ საკუთრებაში, რამდენსაც იძლეოდა თითო ბავშვზე და სკოლაზე, პასუხისმგებლობაც დააკისროს და გააკონტროლოს კიდეც. თითქოს უჩვეულოა ”სკოლები ხალხს” - მაგრამ, აქეთ უნდა წავიდეს პროცესი.

- ”ფული ხალხს” უფრო მიმზიდველია ჩვენთან ისტორიუილად...

- კი, ეს ასეა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კიდევ ერთი რამეა, უკვე დიდი ხანია, გასაკეთებელი: უნდა გაუქმდეს მიწების საბჭოთა დაყოფა სასოფლო და არასასოფლო მიწებად. მიწა - მიწაა. ჩვენში ამ დაყოფას არა მარტო საბჭოთა ტრადიცია, არამედ, ბევრი უმსჯელობაც უწყობდა ხელს: მაგალითად ის, რომ საზღვრის მიმდებარედ სასოფლო სამეურნეო მიწები უნდა იყოს განლაგებული, რომ უცხომ არ დაიკავოს და ცხოვრება არ დაიწყოს და ა.შ. შესაძლებელია, ამ გაუქმების შედეგად არსებულმა ე.წ. „არასასოფლო სამეურნეო“ მიწების ფასმა ოდნავ დაიწიოს, მაგრამ, აიწევს ყოფილი „სასოფლო-სამეურნეო“ მიწის ფასი და ინვესტირების შესაძლებლობები გაჩნდება. შესაბამისად, ბევრ ქონებას ქვეყანაში ფასი დაედება, რაც თავის მხრივ, კეთილდღეობის გაზრდას გამოიწვევს. მიწის სახით ბევრს გაუჩნდება რეალური კაპიტალი.

კიდევ ერთი რამ, რაც ვფიქრობ, გასაკეთებელია - უნივერსიტეტების სრული პრივატიზაცია. შეიძლება ისტორიული შენობები არ შევიდეს ამ პრივატიზაციაში. სახელმწიფოს გაუჩნდება დამატებითი ფული, ზედმეტი ძალისხმევის და ხარჯების შენარჩუნების ფონზე. ეს ზედმეტი ფული შეიძლება ისევ განათლებაში, კვლევაში და განვითარებაში დაბრუნდეს. ცხადია, როგორც სკოლების, ასევე უნივერსიტეტების პრივატიზაცია რეგულირების გონივრულ და განვითარებაზე მიმართულ კანონებს საჭიროებს.

- ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ხედვების მაღალი პროცენტის მიუხედავად, გამოკითხულთა უდიდესი უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებზე წასვლას გეგმავს. არ არის ეს უცნაური შედეგი? აჩვენებს თუ არა ეს ბოლო კვლევა საზოგადოების ნიჰილისტურ განწყობას?

- არ არის უცნაური. 800 ლარზე მეტი შემოსავალი ოჯახების 12 პროცენტს აქვს. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი, ანუ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის ღარიბი ან სიღარიბესთან მიახლოებული. 85 პროცენტიანი სიღარიბის გარემოში

არანაირად არ ჩანს ნიჰილისტური განწყობა, ეს არის ულტრაეკონომიკური, ანუ საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაყრდნობილი განწყობა. მოსახლეობის პრიორიტეტები ოდნავ შეიცვალა: ტერიტორიული მთლიანობა აღარ შედის პრიორიტეტების სამეულში, არამედ, ოთხეულში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლარის ვარდნამ ღარიბ ხალხს ბევრი არაფერი დააკლო - მათ მიიღეს უფასო უმაღლესი განათლება, უფასო სახელმძღვანელოები და უფასო სამედიცინო დახმარება. ეს მათთვის აკომპენსირებს ლარის გაუფასურებას - ჯერ-ჯერობით, ისინი „პლიუსში“ არიან. ამიტომ, ლარის მდგომარეობა ამ ხელისულებისთვის გადამწყვეტი იქნება: ვარდნა თუ გაგრძელდა, უფასო სერვისები კომპენსაციად არ გამოდგება. ჯერჯერობით, ეს კომპენსაცია მუშაობს და ამიტომაც ამბობს გამოკითხულთა 45 პროცენტი, რომ მისთვის სასარგებლო რაღაცებს აკეთებს ხელისუფლება.

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - გამოკითხვით ირკვევა, რომ არარსებულ ევრაზიულ კავშირს 31 პროცენტი ემხრობა, მათ შორის ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა 23 და ქართული ოცნების მომხრეთა 39 პროცენტი. რასთან გვაქვს საქმე - რუსეთის აგრესიისადმი შიშთან, თუ ამ კავშირის იდეურ სიახლოვესთან?

- ეს საკითხი კითხვარში ალბათ იმის გამო გაჩნდა, რომ მთავრობის მნიშვნელოვანმა პირებმა განაცხადეს, რომ ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობებსაც განიხილავენ. ძალიან ბევრი ისევ აღიქვამს რუსეთს საფრთხედ. იდეური თანხმობა, პრორუსულობა, კი მაინც 12-15 პროცენტის ფარლებშია. როგორც კითხვარიდან ჩანს, კითხვა არ იყო დასმული „ან-ან“: ანუ, ან ევროკავშირი, ან ევრაზიული კავშირი, ან ნატო. რესპონდენტს შეეძლო სამივე კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა.

პირიქით, პოზიტიურადაც შეგვიძლია შევხედოთ: იმ გამოკითხულთა ნახევარი, ვინც მიიჩნევს, რომ ევროკავშირი და ნატო-ს წევრობა მისაღებია, ამბობს, რომ ამავე დროს ევრაზიის კავშირშიც მისაღებია. ეს იგივეა დასვა კითხვა, „რამე რომ იყოს, ხომ არ გაისეირნებდით სსრ კავშირში“. ბევრი იტყვის, რომ უნდა გასეირნება იმიტომ, რომ იმ დროს ახალგაზრდა იყო და კარგად გრძნობდა თავს - დაახლოებით ასეთი შედეგებია.

- სხვა კვლევებიდან განსხვავებული რა საგანგაშო შედეგი გვაჩვენა ამ კვლევამ?

- ამ გამოკითხვაში საგანგაშო არაფერია. განხვავებული ისაა, რომ უფრო საინტერესო შედეგები მივიღეთ.

- NDI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 20 პროცენტი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას უცხოური ტელევიზიების მეშვეობითაც იღებს. ამ 20 პროცენტის ტოპ-სამეულში შედიან რუსული ტელეკომპანიები - რუსეთის 1 არხი, ერ-ტე-ერი, რასია 1. ემხრობით ამ არხების აკრძალვას?

- მე ვარ იმის მომხრე, რომ რუსული პროპაგანდა არ იყოს გადაცემული საკაბელო არხებით და სამაუწყებლო სიხშირეებით. თუ ვინმეს სურს, დაიჭიროს თავისი ანტენით. ამის აკრძალვა შეიძლება იმ მოტივით, რომ რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული.

ცხადია, ამ არხებს გავლენა აქვთ. მაგრამ არა იმიტომ, რომ რუსეთის სიკეთეში რწმუნდებიან მაყურებლები, ამისი, ვფიქრობ, უმრავლესობას არ სჯერა: ამ არხების საშუალებით ადვილად იჯერებენ, რომ ამერიკა და ევროპა ცუდია. ეს რუსული პროპაგანდის გამოცდილი ხერხია. თუ გახსოვთ, საბჭოთა კავშირის პირველი არხის პარიზელი კორესპონდენტი, წლების განმავლობაში, იწყებდა რეპორტაჟს ამ სიტყვებით: „პარიზში წაბლი აყვავდა, მაგრამ პარიზელებს მათთვის არ სცხელათ..“ და მერე იწყებოდა ”დამპალი კაპიტალიზმის” აღწერა. ეს იყო ერთგვარი კომპენსირება, თერაპია: მაყურებელი რწმუნდებოდა, რომ „იქაც“ ცუდადაა საქმე და ხანდახან, „უარესად“. საბჭოთა და რუსული პროპაგანდა მარტივ პრინციპს ეყრდნობა: მაყურებელი ფიქრობს, რომ ‘შეუძლებელია ეს ყველაფერი ტყუილი იყოს“. არადა, საქმე ისაა, რომ „ეს ყველაფერი“, რაც რუსული პროპაგანდისტული არხებით გადმოიცემა, ტყუილია. დარწმუნებული ვარ, რუსეთის სიკარგის იმ ხალხის ნახევარსაც არ სჯერა, ორგანიზებულად რომ მიიყვანეს მიტინგზე გორში წითელი დროშებით.

- კვლევით გამოჩნდა სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი ნდობის კლებაც.

- ცხადი იყო, რომ ეს მოხდებოდა. გამოკითხულთა 59 პროცენტს მიაჩნია, რომ ივანიშვილი რჩება გადაწყვეტილების მიმღებ პირად ქვეყანაში. მთავრობას არ აქვს რეალურად პასუხი მთავარ კითხვაზე - არის თუ არა ივანიშვილი რეალური მმართველი. ეს არის ადამიანი და არა სახელმწიფო ინსტიტუტი და არც ადამიანი= სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. ეს მოვლენა თავისთავად აკნინებს დანარჩენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რადგან ბიძინა ივანიშვილი უკვე არაფორმალური ინსტიტუტი გახდა. ამიტომაც ბუნებრივია, როცა ადამიანი ხედავს, რომ არსებობს ერთი არაფორმალური ინსტიტუტი, რომელიც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე ძლიერი და გავლენიანია, კარგავს ნდობას სახელმწიფო, ფორმალური ინსტიტუტების მიმართ.

კიდევ ერთი ძალიან კარგი ინდიკატორი გამოჩნდა შემოსავლების განაწილებასთან მიმართებაში: 87 პროცენტი უყურებს ტელევიზორს, ხოლო ინტერნეტით სარგებლობს 7პროცენტი, ანუ, შეიძლება ვთქვათ, რომ ღარიბები უყურებენ ტელევიზიას, მდიდრები - ინტერნეტს. 20 პროცენტისთვის ინტერნეტი არის ინფორმაციის მეორე წყარო. მოსახლეობის განათლებისათვის და თანამედორვე სამყაროს შესახებ ადეკვატური წარმოდგენების შექმნისათვის, ძალზე მნიშვენლოვანია, ინტერნეტი იყოს პირველ რიგში ხელმისაწვდომი. ტელევიზია იერარქიულია, თემები და გადაცემები რეალურ დროშია განლაგებული, პრიორიტეტულობის მიხედვით, ინტერნეტი - არა.

- თუ ივანიშვილი თავად ინსტიტუციაა, როგორ კონკურირებს ის აბსოლუტური ნდობით მყარად აღჭურვილ ეკლესიასთან?

- ვფიქრობ, რომ კონკურენცია, ამ შემთხვევაში, არის პატრიარქს, რომელიც ეკლესიის ავტორიტეტის მთავარი საყრდენია, და ივანიშვილს, რომელიც არის ხელისუფლების ავტორიტეტის მთავარი საყრდენი, შორის. ეს არის კვლავ, საქართველოსთვის ბოლო ათი-თორმეტი წლის მანძილზე ჩვეული, შეჯიბრება სიმბოლურ და რეალურ ძალაუფლებას შორის: დღეს ეს შეჯიბრება ორმხრივი გახდა. წინა ხელისუფლების დროს ეკლესია ცდილობდა პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას, ხელისუფლება სიმბოლური ძალაუფლებისაკენ არც იხედებოდა. დღეს უკვე, ივანიშვილს სურს მოიპოვოს სიმბოლური ძალაუფლება, იმიტომაც „გავიდა“ ის ხელისუფლებიდან, თუმცა, უმეტესობას ის მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებად მიაჩნია. როგორც ჩანს, ხელისუფლებიდან, რეალური ძალაუფლებიდან „გასვლა“, ავტომატურად არ ნიშნავს სიმბოლურ ძალაულებაში „შესვლას“. ამის საპირისპიროდ, პატრიარქს და ეკლესიას - რეალური, პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაც სურს. დღესდღეობით, ამ შეჯიბრში, პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ივანიშვილი ჯობნის, სიმბოლური ძალაუფლებისთვის ბრძოლაში - პარტიარქი და ეკლესია. ამას ნდობა/რეიტინგის პროცენტული განაწილებაც აჩვენებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, ამ, ძალაუფლებების შეჯიბრების კუთხით, ორივე მხარეს აკლდება საკუთარი აღმატებული ძალაუფლების ნაწილი - როგორც პატიარქის ნდობა, ასევე, ივანიშვილის/მთავრობის პოლიტიკური რეიტინგი იკლებს. ვფიქრობ, ისევ და ისევ, იმიტომ, რომ ორივეს თავისთვის „არაბუნებრივი“ ძალაუფლების მოპოვება უნდა.

- დღეს პოლიტიკას წარმართავს ღარიბების სურვილები?

- განვითარებული ქვეყნები საშუალო ფენის გაძლიერებით განვითარდა და სწორედ ეს ფენა არის ძალაუფლების საყდრენი დემოკრატიულ ქვეყნებში. ამ კვლევამ ცხადად აჩვენა, სად ვართ და რომ ამ ქვეყანაში მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილების ღარიბები იღებენ - გადაწყვეტილებებიც შესაბამისი მიიღება.

- თუ ის ერთი და ძალიან მდიდარი იღებს გადაწყვეტილებებს?

- უფრო ზუსტად რომ ვთქვა: ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას დღეს სახელმწიფო, კიდევ უფრო ზუსტად კი - ხალხი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლების წყაროა, ღარიბია.

maia chalaganidze
სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
26 იანვარი, 2016 რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
01 ივლისი, 2015 მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც
28 აპრილი, 2015 ”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
24 აპრილი, 2015 ”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
17 აპრილი, 2015 პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება
07 აპრილი, 2015 ზურაბ ჭიაბერაშვილი: ”სერგეენკომ შემოგვაპარა, რომ ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა უნდა შეიცვალოს”