მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
19 მაისი, 2015
2084
print

მხედვარი ქართულად Witcher-ს ნიშნავს

ბოლოს მსგავსი ისტერიკა 2011 წელს მახსოვს, როდესაც გეიმერების არმია Skyrim-ის გამოსვლას ელოდა. გავიდა რამდენიმე წელი და ახალი სამიზნე გაჩნდა - The Witcher 3: Wild Hunt, რომელიც ზუსტად დღეს, 19 მაისს გამოვიდა. ფრენჩაზის გადარეული ფანები ამ დღეს იმაზე მეტად ელოდნენ, ვიდრე GTA V-ის PC ვერსიას, ამიტომ თამაში პირდაპირ ვალდებულია იყოს საუკეთესო, ჯერ არნახული, სიახლეებითა და მოულოდნელობებით სავსე გრაფიკული შედევრი. თუმცა Witcher-თან დაკავშირებით ეს ერთადერთი სიახლე არ გახლავთ და რა უცნაურია, რომ მეორე სიახლე ქართულია - რამდენიმე დღეში ცნობილი ლიტერატურული სერიის პირველი წიგნის თარგმანი გამოვა.

პოლონური კომპანია CD Projekt RED-ის თამაში ასევე პოლონელი ანჯეი საპკოვსკის ცნობილი რომანების სერიას ეფუძნება და ფრენჩაიზის მესამე თამაშია. პირველი Witcher-ი 2007 წელს გამოვიდა, მეორე - The Witcher 2: Assassins of Kings 2011-ში. როგორც ამბობენ, ახალი თამაშის მესამე ნაწილი ტრილოგიას შეკრავს და დაასრულებს კიდეც, თუმცა ყველაფერი მაინც პროექტის ფინანსურ წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

ახალი თამაში ძალიან მასშტაბურია, გააჩნია ფაქტობრივად უკიდეგნო ღია სამყარო, რომელშიც პროტაგონისტი საკუთარი ქვედა კიდურებიდან დაწყებული გემით დამთავრებული ყველაფერით გადაადგილდება. შესაბამისად ვრცელია ძირითადი სიუჟეტური ხაზიც - დაახლოებით 40 საათი, მაქსიმალური ლეველი კი 60-ია. ერთი სიტყვით, თუ ამ ტიპის თამაშები გიზიდავთ, გიყვართ თავგადასავლები და, რაც მთავარია ახალი თაობის კონსოლები ან ძლიერი კომპიუტერი გაქვთ, ჩათვალეთ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გასართობი არ მოგაკლდებათ.

გეიმერების უმეტესობითვის Witcher მხოლოდ ვიდეოთამაშთან ასოცირდება, ზოგადად კი ეს სრულიად წარმოუდგენელი, ზღაპრული და ფენტეზის ჟანრისთვის დამახასიათებელი საუკეთესო კომპონენტების ნაკრებია, რომლის ავტორიც უკვე ნახსენები ანჯეი საპკოვსკია. მამაცი მეომრისა და უწმინდურებთან მეომარი გერალტ რივიელის სახე მან 1986 წელს გამოსულ მოთხრობაში შექმნა, 1990 წელს კი რამდენიმე ნოველის კრებული ”უკანასკნელი სურვილი” გამოვიდა, რომლის ქართულ თარგმანზეც ასევე ზემოთ მოგახსენებდით და ქვემოთაც გავაგრძელებთ.

გამომცემლობამ ”წიგნები ბათუმში”, რომელიც საგამომცემლო ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და უკვე საკმაოდ წონიანი არსენალიც დააგროვა, საპკოვსის სერიას ”მხედვარი” უწოდა. სათაურთან დაკავშირებით გამომცემლობა საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა, აზრი და რჩევა ჰკითხა ყველას, ვისაც ამ სფეროში ჭკუა მოეკითხებოდა, გადაიკითხა სპეციალური ლიტერატურა სულხან საბას სიტყვის კონის ჩათვლით, თუმცა ვიჩერის ზუსტ ქართულ შესატყვისს მაინც ვერ მიაგნო. ამიტომ ახალი სიტყვის გამოგონება მოუხდა და ხედვისა და მხედრის გაერთიანება მოუწია. შეიძლება ეს ვერსია ყველას არ მოსწონდეს, თუმცა ოპტიმალურია და, რაც მთავარია, არსს მეტ-ნაკლები სიზუსტით გადმოსცემს. უფრო მთავარი კი თავად ნაწარმოების შიგთავსი, მისი თარგმანია, რომელზეც ხათუნა ბასილაშვილმა და რედაქტორმა ქეთევან ნიკოლეიშვილმა იზრუნეს. აქვე კი დაგიანონსებთ, რომ ”მხედვარი: უკანასკნელი სურვილის” პრეზენტაცია თბილისის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე გაიმართება, რომელიც 28-31 მაისსაა დაგეგმილი.

 

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს