მთავრობის რჩევების მიმართ ურჩი პრეზიდენტი
29 მაისი, 2015
5007
print

სოფიკო ჩხაიძე

თუ ყურადღებას მიაქცევთ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების გულისწყრომის ხმამაღლა გამოთქმას პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ბინადრობის შესახებ, აღმოაჩენთ, რომ თავდაპირველად ეს ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლას მოჰყვებოდა ხოლმე - საჯარო გამოსვლას, სადაც ”მოქალაქე” ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილის დანიშვნის გამო წუხდა.

მოგვიანებით საქართველოს მთავრობას ათონელის ქუჩაზე საპრეზიდენტოდ გარემონტებული შენობის პრობლემა შეექმნა. რემონტის დასრულებიდან ორ კვირაში მთავრობა კიდევ ერთხელ დაფიქრდა, რა მოეხერხებინა ამ შენობისთვის და, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ეკონომიკის მინისტრმა გარკვევით თქვა, რომ ამერიკის საელჩოს ათონელზე მდებარე ყოფილი შენობის პრივატიზებისგან ქვეყანა დიდ შემოსავალს ელოდა, მაინც დაამუნათეს საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი - გევალებაო იქ გადასვლა.

რა-რა და, რეზიდენციასთან დაკავშირებული საკუთარი უფლება-მოვალეობები ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ლეგიტიმაციამიცემულმა პრეზიდენტმა კარგად იცის და მთავრობის მოწოდება მაშინ კატეგორიულად უარყო. სხვებმაც რომ იცოდნენ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ამის გამო ორიოდ დღის წინ მარგველაშვილმა პარლამენტს საქართველოს კონსტიტუცია გაუგზავნა. ამ მრავლისმთქმელმა მინიშნებამ გაანაწყენა საქართველოს ხელისუფლება თუ არა, ძნელი სათქმელია, ფაქტია პრეზიდენტის რეზიდენციის მათთვის პრობლემად ქცეული საკითხი კვლავ წამოწიეს.

”თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი დასრულებელიაო,” - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.

რეზიდენციასთან დაკავშირებული ვითარებით სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა.

"შენობა ყველა თვალსაზრისით მორგებულია პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მარტო საოფისე ფართები საერთო ფართის 29%-ს შეადგენს. ასე რომ, ძალიან რთული წარმოსაგდენია, როგორ შეიძლება მისი დატვირთვა და გამოყენება. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროსთვის შენობის გადაცემას, პროცესი დამთავრებულია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა პრემიერის შეკითხვაზე საპასუხოდ.

”ათონელზე მდებარე რეზიდენცია ძვირად ღირებულია და შენობის შესაბამის ფასად რეალიზაცია ძალიან რთული იქნება,” - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

"ეს შენობა არის ძალიან ძვირადღირებული, გათვლილია უმაღლესი თანამდებობის პირზე, ამიტომ მისი შესაბამის ფასად რეალიზაცია იქნება ძალიან რთული. ის იყო საპრივატიზაციო ნუსხაში. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ინვესტორთან, მაგრამ მაღალი ფასის გადამხდელი არავინ არ არის. ეს არის სპეციალურად მოწყობილი შენობა, სადაც ბევრი ისეთი ხარჯია გაწეული, რაც ჩვეულებრივი საპრივატიზაციო შენობის შემთხვევაში არ იქნებოდა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე რეზიდენციის საკითხით დაინტერესებულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი კიდევ ერთხელ გამოთქვა მანამდე არაერთხელ გამოთქმული იმედი (გნებავთ, ოცნება), რომ ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის მისასალმებელი იქნება, თუკი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციის გამოყენებაზე უარს არ იტყვის.

"ეს შენობა მთავრობამ გაარემონტა და ააშენა პრეზიდენტისთვის, რისთვისაც 26 მილიონი დაიხარჯა. თუ პრეზიდენტი გამოიყენებდა მას საკუთარი რეზიდენციისთვის, ეს იქნებოდა მართლაც მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი და ჩვენ, მთავრობა რაიმე მკვეთრ მოქმედებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, მთავრობას, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მით უმეტეს, რომ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით. ასე რომ, იმედი უნდა გამოვთქვათ, პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით,” - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ჩანს, გონიერებაში პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი სხვადასხვა რამეს გულისხმობენ, რადგან მარგველაშვილის მრჩევლებმა ერთმანეთის მსგავსი განცხადებებით უპასუხეს მთავრობას.

კახა კოჟორიძესა და გიორგი აბაშიშვილს ამ თემის ხელახლა წამოწევა გაუკვირდათ და ცალსახად განაცხადეს, რომ პრეზიდენტი არ ცვლის გადაწყვეტილებას.

"თავის დროზე, პრეზიდენტს რომ გაეკეთებინა განცხადება - მოდით, მოვიფიქრებ და გადავწყვიტავ, ჩემთვის გასაგები იქნებოდა, ამ თემის ხელახალი წამოწევა, მაგრამ პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა თავისი პოზიცია და ეს პოზიცია არის იგივე. ასე რომ ჩვენ დამატებით კომენტირებას აღარ ვაპირებთ.

კოჟორიძემ აღნიშნა, რომ მისთვის არა თუ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, არამედ ამ საკითხზე მსჯელობაც კი წარმოუდგენელია.

„ზოგადად ეს დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა კოჟორიძემ.

ჯერჯერობით არავის გაუკეთებია კომენტარი იმის თაობაზე, 26 მილიონიან რემონტ გაკეთებულ შენობაში რომ გადავიდეს პრეზიდენტი, რას მოუხერხებენ გაცილებით ძვირადღირებულ ავლაბრის რეზიდენციას, ან რის მაქნისია ხელისუფლება, რომელმაც ქალაქის ცენტრში, ათონელის ქუჩაზე მდებარე კულტურის ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობას დანიშნულება ვერ მოუძებნა.

და ბოლოს, პოსტ სკრიპტუმის ნაცვლად.

ეკა ბესელია რომ პარლამენტში პრეზიდენტისთვის ადგილს ვერ პოულობდა, ახლა ამბობს, რომ ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის გადასვლით საკმაოდ დიდი რესურსის დაზოგვა მოხდება.

,,26 მილიონი დაიხარჯა ათონელზე მდებარე რეზიდენციისთვის და თუკი პრეზიდენტი გადავა ამ ახალ რეზიდენციაში, ბუნებრივია, დაიზოგება რამდენიმე მილიონი. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მეტი რესურსი დაიზოგოს სოციალური მხარდაჭერისთვის და ესეც იქნება ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ჩემთვის პირადად აღქმა იმ რეზიდენციისა, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა საკუთარი კომფორტისთვის მოიწყო, საკუთარი სურვილის მიხედვით, დადებითი არ იქნება. არა მგონია, ჩემი ქვეყნის სოციალური ფონი იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტმა არ იფიქროს. ფაქტია, ამით საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი და დანაზოგი გამოიძებნება ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმისთვის," - განაცხადა ბესელიამ.

რომელი უწყების თანამშრომლების პრემიებისთვის აპირებს ბესელია რესურსების დაზოგვას, ამის გამოცნობა თქვენთვის მომინდვია.

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
27 ივნისი, 2016 BREXIT
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს