„ამირანმა“ გამარჯვებულები დააჯილდოა
08 ივნისი, 2015
1100
print

მომავალ წელს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი იუბილარი იქნება - მე-10-ედ ჩატარდება, ამრიგად მისი ორგანიზატორებისგან განსაკუთრებულ სანახაობასა და მსუყე პროგრამას უნდა ველოდოთ. თუმცა ეს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხდება, დღეს კი მე-9 კინოფესტივალის გამარჯვებულთა ვინაობა შეგვიძლია გაუწყოთ: თბილისის სტუდენტური კინოფესტივალის ვერსიით წლის საუკეთესო სტუდენტური ფილმი პოლონელი აგა ვოსზჟინსკას სადიპლომო ოჯახური დრამა „ფრაგმენტებია“.

სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო ჯიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მიუნჰენის კინოსკოლის პროფესორი პეტერ სლანსკი, კინორეჟისორი და პეკინის კინოაკადემიის პროფესორი ქსიე ფეი, სარაევოს კინოაკადემიის დეკანი ნენად დიზდარევიჩი და კიშინიოვის კინოსკოლის პედაგოგი და კინორეჟისორი ვადიმ პროდანი.

"ფრაგმენტებს" ორი პროტაგონისტი ჰყავს. ეს ახალგაზრდა წყვილია, რომლებსაც საუკეთესო სამსახური, კარგი ურთიერთობა და უპრობლემო ცხოვრება აქვთ, ყოველ დილით ვარჯიშობენ და მშვიდად ცხოვრობენ, თუმცა ნელ-ნელა მათი ყოფა საშინლად მონოტონური ხდება, რაც ქალს დეპრესიისკენ უბიძგებს. 

აგა ვოსზჟინსკას ნამუშევარი ერთ-ერთი იყო იმ 500-ე მეტი ფილმიდან, რომლებიც 50-ზე მეტმა ქვეყანამ წარმოადგინა, თუმცა სელექციის შედეგად ძირითად საკონკურსო პროგრამაში მხოლოდ 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, არგენტინის, აშშ-ს, პოლონეთის, ბელგიის, ესპანეთის, ირანის, სლოვაკეთის, ისრაელის, საბერძნეთის, ჩინეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, კუბას, კანადის, იტალიის, ავსტრიის, ავსტრალიისა და საქართველოს კინოსკოლების ნამუშევრები.

მსოფლიო კინო და ტელესკოლების ასოციაციის პრეზიდენტისა და საბჭოს სახით ფესტივალს რამდენიმე საპატიო სტუმარიც ჰყავდა. 1, 2 და 3 ივნისს კი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კინო და ტელესკოლების საერთაშორისო ასოციაცია CILECT-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სტუმრები უნივერსიტეტის პროფესორებს, ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებსა და სფეროს სხვა პროფესიონალებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. მთლიანობაში ფესტივალის ფარგლებში გაიმართა 4 დღიანი საკონკურსო კინოჩვენება, 5 მასტერკლასი, 2 პრეზენტაცია.

სტუდენტური კინოს კვირეული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

 

გაგაცნობთ გამარჯვებულებს

 

გრან-პრი

"ფრაგმენტები" / აგა ვოსზჟინსკა / პოლონეთი

 

საუკეთესო მხატვრული ფილმი

"მე, ისინი და მამა" / სალომე ვეფხვაძე / საქართველო

 

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

"ტოროლები და ბუები" / ბაქარ ჩერქეზიშვილი / საქართველო

 

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

"ორი მეგობარი" / ნატალია ჩერნიშევა / საფრანგეთი

 

საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი

"ჩვენებური" / დენის კოლეროვი / რუსეთი

 

ჟიურის სპეციალური პრიზი

"მოწყალება" / ბენჟამინ დიზდარევიჩი / ბოსნია-ჰერცოგოვინა

 

ასევე, ჟიურიმ გასცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც ეუფლებიან სტუდენტები მსოფლიოს კინოსკოლებში:

რეჟისურა

"ლეიდი" / საიმონ მესა-სოტო / დიდი ბრიტანეთი

 

სცენარი

"თვალთვალი" / ნოა გუსაკოვი / ისრაელი

 

ოპერატორის ნამუშევარი

"ყველაზე სწრაფი რეისის პრობლემა" / გერმანია

 

ხმოვანი რიგი

"თანადამქირავებელი" / მარეკ კნაგა / პოლონეთი

 

მონტაჟი

"მეძებარი" / იტალია

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან