”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
10 ივნისი, 2015
1071
print

თიკა გურული

                  ”ავაზაკი ავაზაკია და მოევლება. აი, სახლემწიფოს ავაზაკობა კი უფრო რთული მოსავლელია.”

                                                                       სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გამონათქვამის პერიფრაზი

 

 პარასკევს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე, რომელშიც მკვლელობაში ბრალდებულად გიორგი ოქროპირიძე ფიგურირებს, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

ნაფიც მსაჯულებს 13 საათი ჰქონდათ მიცემული, თუმცა ვერდიქტის გამოტანა მაინც ვერ მოახერხეს. კანონის მოთხოვნის თანახმად, მოსამართლემ ისინი დაითხოვა. ნაფიცი მსაჯულების შერჩევის მომდევნო სხდომა 10 ივნისს ჩაინიშნა.

მსაჯულთა მიერ ვერდიქტის ვერგამოტანა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მთელი ინსტიტუტის არსებობის მართებულობაში ეჭვის შეტანის საფუძვლად იქცა.

”საერთოდ, მისი (ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის) გადახედვა შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. დღეს მე რომ ნაფიცი მსაჯული ვყოფილიყავი, ცხადია, ვიქნებოდი იმ შვიდს შორის, რომლებმაც ოქროპირიძე დამნაშავედ სცნეს, ” - ეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვებია, იმ მინისტრის, რომელიც არაფერს ამბობს, რატომ იცის სასამართლო პროცესის მონაწილე 12 ნაფიც მსაჯულს შორის ხმების განაწილების შესახებ - ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კანონი კრძალავს.

კაბინეტის ერთ-ერთ მინისტრს აჭარბებს თავად პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა არ დამალა საკუთარი აზრი და თქვა, რომ ნაფიც მსაჯულთა მიერ ვერდიქტის ვერგამოტანა ამ ინსტიტუტის კრახად მიაჩნია.

"ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცადა სრული კრახი. ჩვენ ვართ ვალდებული, ამას გადავხედოთ და, რაც ხარვეზებია, გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე რომ, ამას აუცილებლად უნდა გადავხედოთ და რაც მთავარია ძალიან მალე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 ”არც ერთი არ არის განათლებული იურისტი და არ იციან ამ ინსტიტუტის დანიშნულება. მათ სურთ, რომ, როცა უნდათ, ვინც უნდათ ადვილად გაასამათლონ. როგორც კი საქმიდან გათიშავ საზოგადოებას და კონკრეტულ საქმეს ჩააბარებ რომელიმე რაიონის მოსამართლეს, რომელზეც მოახდენ ზეწოლას, ის საქმეს ასიდან 99 პროცენტში გადაწყვეტს, როგორც უბრძანებ, - ასე პასუხობს ხელისუფალთა კომენტარებს კულტურის ყოფილი მინისტრი, საზოგადოება ”ივერიის” ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი ნიკა რურუა და დასძენს: ”ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ, როცა სახელმწიფო, რომელიც სულ იარსებებს და იდეაში სულ შეეძლება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, შეიზღუდოს და მოქალაქეები ჩაერიონ მართლმსაჯულებაში.

ნაფიცი მსაჯულები იურიდიულ საკითხებში არ ერევიან, ისინი ადგენენ ფაქტებს. ესაა დემოკრატიის მიერ აღიარებული შეჯიბრებითობის პრინციპი სასამართლო სისტემაში - რომელი მხარეც უკეთ წარმოადგენს ფაქტებს, რომელიც უკეთ მოემზადება პროცესისთვის, მსაჯულებიც მის მხარეს არიან. ეს იწვევს ქვეყანაში თავისუფლებას და გარანტიას, რომ მთავრობა, რომელსაც აქვს ძალაუფლება, ბიუჯეტი, ტანკი, ჩაფარიც და ბოქაულიც, არ გადავიდეს საზღვრებს. ”

 რურუა პრემიერ-მინისტრის სიტყვებში სხვა პრობლემასაც ხედავს, კერძოდ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას: ”ეს განცხადება არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და არის ხელისუფლების სხვა შტოს - სასამართლოს სისტემაში ჩარევა. ეს მაგის საქმე არ არის. ეს კომენტარი მიანიშნებს, რომ მას არ ესმის, ის არის ბნელი, გაუნათლებელი და თავის ჭკუაში პოპულისტობს, უნდა, ხალხის გული მოიგოს, მაგრამ სინამდვილეში, მავნებლობაა, რასაც ამბობს, რადგან, ჯერ ერთი, ამით სასამართლოს ვნებს, მეორე - წარმოდგენა არ აქვს შეჯიბრებითობის პრინციპზე. ჩავარდა არა მსაჯულთა ინსტიტუტი, არამედ - პროკურატურა, რომელმაც კარგად ვერ წარადგინა საქმე. სწორედ იმისათვის, რომ ადვოკატებსა და პროკურატურაში აიწიოს პროფესიონალიზმის დონემ, საჭიროა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.”

ნებისმიერ კარგად განათლებულ იურისტს თუ არა იურისტს ნებისმიერ ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა მიერ შეცდომით გამოტანილი ვერდიქტის გახსენება რომ სთხოვო, დაუფიქრებლად ო.ჯეი სიმპსონის საქმე ამოუტივტივდებათ - როცა ჰოლივუდური ფილმების გმირი და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაში ბრალდებაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაამართლა.

”იურისტი არ ვარ, მაგრამ კარგად მახსოვს ო.ჯეი სიმპსონის საქმე ოცი წლის წინ, - იხსენებს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა, - მსოფლიო ისტორიაში ყველაზე გახმაურებული სასამართლო, რომელზეც ის ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველა დარწმუნებული იყო სიმპსონის დანაშაულში - ყოფილი ცოლის და მისი მეგობრის მკვლელობაში. ის გამართლდა, რადგან მსაჯულები შეცდნენ, თან ისინი ძირითადად შავკანიანები აღმოჩნდნენ, ამასთან ადვოკატებმა კარგად იმუშავეს. მიუხედავად ამისა, არავინ აყენებს ეჭვქვეშ აშშ-ის ნაფიც მსაჯულთა ეფექტურ სისტემას. ასევეა საქართველოში. ერთი წარუმატებელი ანუ ვერდიქტის გარეშე დატოვებული საქმე არ უნდა ნიშნავდეს ნაფიც მსაჯულთა სისტემის გაუქმებას. პირიქით, აუცილებელია მისი დახვეწა - ნაფიც მსაჯულთა სწორი შერჩევა, სახელმწიფოს მიერ მათზე ზეწოლის გამორიცხვა და პროკურატურის მიერ მყარი მტკიცებულებების შეგროვება.” - წერს მამუკა კუდავა სოციალურ ქსელში და ხელისუფლებას ურჩევს: ”აჯობებს, პრემიერმა და ხელისუფლებამ ნაფიც მსაჯულთა სისტემის კრახის მაგივრად სხვადასხვა სფეროში საკუთარ სისტემურ კრახზე ილაპარაკოს - ლარის კრახი, ეკონომიკური ვარდნა, კრახი ინფრასტუქტურულ პროექტებსა და ინვესტიციების მოზიდვაში, პოლიტიკური დევნა, „რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პოლიტიკის“ კრახი, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭება და ბევრი სხვა.”

”ო.ჯეი სიმპსონი სისხლის სამართლის საქმეში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაამართლა, - ამბობს ნიკა რურუა, - მოგვიანებით კი მას სამოქალაქო საქმის გამო სასამართლოს უზარმაზარი ჯარიმა დაეკისრა. ჯონ გოტი, ნიუ იორკის მაფიის ერთ-ერთი მამა ხუთჯერ გაამართლეს ნაფიცმა მსაჯულებმა, მეექვსეჯერ კი გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ამის გამო შეერთებული შტატების ხელისუფლებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსებობის მართებულობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ”

ეს რაც გამართლებას შეეხება. ვერდიქტის ვერგამოტანის რაოდენობა კი ამერიკულ სასამართლოში, თურმე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით შემდგარი პროცესების 7 პროცენტს შეადგენს. გავიმეოროთ - არც სიმპსონის კონკრეტული ქეისი და არც ნაფიც მსაჯულთა მიერ განაჩენამდე ვერმისვლის რაოდენობა არავითარ შემთხვევაში არ გამხდარა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსებობის მართებულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი - არც ამერიკელი ხალხის და არც შეერთებული შტატების ხელისუფლების თუნდაც პირველ ან მეორე პირთა მხრიდან. ფაქტია, რომ ვის ვის და, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამერიკელ პარტნიორებს არ ბაძავს და ნამდვილი მიზეზების ძიების ნაცვლად პრეტენზიას საკუთარი თავისგან იცილებს.

”დასავლურ იურისპრუდენციაში ნათქვამია: სჯობს ათი დამნაშავე გაექცეს მართლმაჯულებას, ვიდრე ერთი უდანაშაულო დაისაჯოს. და ეს სწორია. მსაჯულთა ინსტიტუტი სახელწიფო თავნებობისგან მოქალქეთა დაცვის ყველაზე გამოცდილი ინსტიტუტია. ერთი, ორი და რამდენიმე გამართლება ბრალდებულისა, რომელიც ბევრს დამნაშავედ მიაჩნია, არანაირად არაა საკმარისი მიზეზი, რომ ვნებების ბობოქრობამ კეთილგონიერება დაამარცხოს და ეს უგუნური და იმპულსური ნაბიჯი გადავდგათ.პრემიერი კი ძალიან უვიცია, როცა ამბობს, რომ "რახან მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლება ვერ მოხერხდა" ამიტომ მსაჯულთა ინსტიტუტმა კრახი განიცადა - ეს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის პრემიერის მხრიდან სრულ არცოდნას ააშკარავებს.სინამდვილეში კრახი პროკურატურამ განიცადა, ვინც მსაჯულთა დარწმუნება ვერ შესძლო საკმარისი მტკიცებულებების წარდგენით, და არა მსაჯულთა ინსტიტუტმა, რომელიც მხოლოდ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, ” - წერს ნიკა რურუა სოციალურ ქსელში, ”24 საათთან” საუბრისას კი დასძენს: ”მოსაზრება, რომ ნაფიც მსაჯულთა გამო დამნაშავე გაექცა მართლმსაჯულებას, არ ქმნის ამ ინსტიტუტის გაუქმების საფუძველს. ეს ინსტიტუტი იცავს მთელი ხალხის, მთელი საქართველოს კონსტიტუციური უფლებების თავისუფლებას - რომ ხელისფლებამ ვერ ითვითნებოს. ერთი, ორი და ხუთი საქმე, სადაც რაღაც ისე არ წავიდა, რომ ყველას მოგვწონებოდა, არ ქმნის საფუძველს ამის გასაუქმებლად. ”

სამაგიეროდ, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ადვილად პოულობს მიზეზს, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსებობა დაიწუნოს:

"პირადად მე მიმაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჩვენთან ვერ იქნება საშუალება სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევისთვის, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ერთი ისეთი არასამართლებრივი მიზეზია, როგორიც არის საქართველოს მოსახლეობის სიმცირე როდესაც, კარგად თუ მოვიძიებთ, ყველა ყველას ნათესავი აღმოჩნდება ხოლმე", - განაცხადა ხმალაძემ.

”მაშინ აღარც არჩევნებს აქვს აზრი, აღარც მთავრობა გვინდა, დავბრუნდეთ ტყეში. მაშინ ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს - თუ ყველა ყველას ნათესავია, ქორწინება ინცესტი გამოდის,” - პასუხობს ხმალაძეს ნიკა რურუა.

tika guruli
სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა
24 მარტი, 2014 გიორგი ბარამიძე: “ასეთი მკაცრი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, არ მახსენდება”