მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
23 ივნისი, 2015
1091
print

სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა.

მისივე განმარტებით, შემცირება მიმდინარე ხარჯებს შეეხო, რომელთა დიდი ნაწილიც კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის იქნება მიმართული.  ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შეუმცირდათ.

"ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ კოლეგებთან, ამავე დროს გავითვალისწინეთ ის, რაც მოხდა თბილისში 13-14 ივნისს და დღეს წარმოვადგინეთ უკვე პროექტის საბოლოო ვარიანტი. მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტი საბოლოო ჯამში დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება. ეს შეეხება მიმდინარე ხარჯებს, თუმცა აღნიშნული თანხების დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის," - განაცხადა ხადურმა.
საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 140 მილიონი ლარით შემცირება საკმარისი არ არის.

”თუ მთავრობა თვლის, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 5%-დან 2-მდე შემცირებული, 140 მილიონი ნამდვილად არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ დაბალანსებული იყოს და დარღვევა არ აღმოცნდეს წლის ბოლოს, ჩემი შეფასებით  ბიუჯეტის შემცირება 200-დან 300 მილიონამდე უნდა მოხდეს,” - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა დავით ონოფრიშვილმა.

”ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 140 მილიონი ლარით შემცირება ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდეს და იმისთვის, რომ ლარისთვის შეიქმნას სტაბილური გარემო და, ამავდროულად, არის დაგვიანებული, გამომდინარე იქიდან, რომ გაწეული არის ბევრი უაზრო ხარჯი, რომლის მარტივად შემცირება შეიძლებოდა და ახლა უკვე მთავრობა მიადგა იმ სფეროს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას,” - განაცხადეს ენმ-ში.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროებისათვის ბიუჯეტის შემცირების ფონზე, დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი იზრდება.  თუ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები  ბიუჯეტის ცვლილებებს  დაამტკიცებენ, თბილისის მერიის ბიუჯეტი 44,7 მილიონი ლარით გაიზრდება და მისი მოცულობა 912 მილიონი იქნება.  

საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  აღნიშნულ ცვლილებას მხარს არ უჭერს. ფრაქციის წევრი სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ  ბიუჯეტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებდა 18 მილიონი ლარის სესხის აღებას. უგრეხელიძის განმარტებით, უმრავლესობა საკრებულოში აცხადებდა, რომ ეს თანხა მოხმარდებოდა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, თუმცა ირკვევა, რომ ამ თანხის მხოლოდ ნაწილი დაიხარჯება აღნიშნული მიზნით. 

მისივე თქმით, მერიის ადმინისტრაციული ხარჯები არა თუ მცირდება, არამედ იზრდება.

"სინამდვილეში თბილისის მერიიდან შემოსული ბიუჯეტის პროექტის თანხები, დაახლოებით 11 მილიონი, არის წარმართული სტიქიისგან დაზარალებულებისთვის და ამ ფონზე ერთი თეთრიც არ აკლდება მერიის ადმინისტრაციულ ხარჯებს, პირიქით, ემატება. ყველა სამინისტრომ მოიკლო და თბილისის მერიის ბიუჯეტი კი იზრდება. ის, რომ ადმინისტრაციულ ხარჯებს და საკუთარ კომფორტს არ აკლებენ თანხებს, აღმაშფოთებელია. ამ დროს თანხები აკლდება ამხანაგობებისა და გამწვანების პროგრამებს, გარდა ამისა ახალგაზრდულ ოლიმპიადას ემატება 13 მილიონი ლარი. ოლიმპიადა გადაიქცა შავ ხვრელად. იანვრიდან მოყოლებული, ოლიმპიადის ჩატარებისათვის გამოყოფილი თანხები 50 პროცენტით გაიზარდა. ეს არის კორუფციის წყარო. ამოღებული გვაქვს მასალები, რომლითაც აუცილებლად დაინტერესდებიან სამართალდამცველი ორგანოები", - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ. 

მოკლედ, თბილისის მერი მისი უწყებისათვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს, კანალიზაციის მილის მდინარე ვერეში ჩადინებას ადასტურებს და ამასთან აცხადებს, კანალიზაციის დაზიანებული კოლექტორის აღდგენის ვალდებულება  "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" აქვს.  

"წყლის დიდი მოცულობის გამო დაზიანდა საკანალიზაციო სისტემის გარეკვეული ნაწილი. ეს ეხება როგორც სვანიძის ქუჩის ზემოთ, ბაგებიდან ჩამომავალ კოლექტორს, ისე თვითონ "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კოლექტორს. ვიდრე ამ ტერიტორიების შეკეთება არ მოხდება და საყდრენი კედლები არ გამაგრდება, მანამდე ეს არის დროებითი ღონისძიება. თუმცა, მერიის მხრიდან რაიმე სახის მითითებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისი პასუხიმგებელი სამსახურები ვალდებულნი არიან, რომ ის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურ რეჟიმში აღადგინონ. ვალდებულება საკანალიზაციო ქსელის აღდგენაზე, ისე როგორც წყალსადენზე, რა თქმა უნდა, აქვს კერძო კომპანია GWP-ს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Georgian water and power- ში ადასტურებენ, რომ მას შემდეგ, რაც მდინარე ვერემ წყლის და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა, კრიზისების მართვის შტაბმა გადაწყვიტა კანალიზაციის კოლექტორი მდინარე ვერეში ჩაეშვა ( იქ, სადაც  მოხალისეები გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდნენ, თუმცა მოხალისეებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ).   კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული მერიასთან და საგანგებო შტაბთან შეათანხმეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, მოხალისეებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანალიზაციის კოლექტორი ვერეს მდინარეში იყო ჩაშვებული.

”ჩვენი კონსტიტუციისთ ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც, პირველ რიგში, მოითხოვს იმას, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა გარემო, გავრცელდეს ძალიან სწრაფად.  იქ მომუშავე მოხალისეებს თვითონვე უნდა გადაეწყვიტათ, უღირდათ თუ არა იმ პირობებში საქმიანობის გაგრძელება.  კერძო კომპანიას ჩვენ ვერ მოვთხოვთ პასუხს, რატომ არ გაავრცელა მან ინფორმაცია. ფაქტია, რომ კრიზისების მართვის საბჭომ იცოდა, რომ მსგავსი რამ ხდებოდა და საჭირო იყო, საბჭოს შეეტყობინებინა ეს მოსახლეობისთვის,” - განაცხადა ”მწვანე ალტერნატივა-საქართველოს” ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ.   

სტიქიის შედეგები შემცირებული ბიუჯეტი დავით ნარმანია

kaxa fachuashvili
ტეგები
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
29 მაისი, 2015 მთავრობის რჩევების მიმართ ურჩი პრეზიდენტი