მეორე მსოფლიო ომი ეროვნულ მუზეუმში
24 ივნისი, 2015
2961
print

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლის იუბილედან თვენახევრის შემდეგ საიუბილეო თარიღს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმიც აღნიშნავს, რომელიც 26 ივნისიდან გამოფენაზე „ქართველები მეორე მსოფლიო ომში“ გვიწვევს.

ექსპოზიციაზე ეროვნულ მუზეუმში დაცული აქამდე უცნობი კოლექციები იქნება წარმოდგენილი, დამთვალიერებლი იხილავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შენაერთების ქართველ მებრძოლთა 250-მდე მემორიალურ ნივთს: პირად წერილებს, სიგელებს, მისალოც ბარათებს, მედლებს, ორდენებს, როგორც საბჭოთა პერიოდის, ასევე ნაცისტური გერმანიის მიერ წარმოებულ საბრძოლო იარაღებს - ტყვიამფრქვევს, ტანკსაწინააღმდეგო შაშხანას, თოფებს, პისტოლეტებსა და სხვა.

მემორიალური ნივთებიდან გამორჩეულია სიმონ ჩიქოვანის მისალოცი წერილი გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ლესელიძისადმი, ასევე კონსტანტინე ლესელიძის ორდენები, გენერალ ჯანჯღავას გმირის მედალი, ქართველი გენერლებისა და ოფიცრების საბრძოლო სამოსი. საბჭოთა არმიაში მებრძოლი ქართული ეროვნული დივიზიების, საფრანგეთსა და იტალიაში მებრძოლ ქართველ პარტიზანთა უნიკალური დროშები. აქვეა წარმოდგენილი ქართული სამედიცინო იარაღებიც.

დამთვალიერებელი იხილავს იოსებ სტალინის პირად ჩიბუხსა და მისი 50 წლის იუბილესთვის დამზადებულ სპილოს ძვლის ლარნაკს. გამოფენის საზღვაო სექციაში აღსანიშნავია საბჭოთა კავშირის გმირ იაროსლავ იოსელიანის ცნობილ წყალქვეშა ნავ „მალიუტკას“ მაკეტი. ექსპონატთა შორის გამორჩეულია საბჭოთა კავშირის გმირ მფრინავ დავით ჯაბიძის საფრენოსნო კოსტიუმი/არჭურვილობა და სხვა.

ექსპოზიციას ისტორიულ ხაზად მისდევს მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ვიდეო და ფოტო ქრონიკები. აგრეთვე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექციებში დაცული მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს პოლიგონებზე გაკეთებული გრაფიკული ჩანახატები და ომის თემატიკისადმი მიძღვნილი გრაფიკული და ფერწერული ტილოები, მათ შორისაა ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, პორფირ კრილოვის, ზურაბ წერეთლისა და სხვათა ნამუშევრები.

კერძო კოლექციიდანაა გამოფენილი ვერმახტის ქართული ლეგიონის სამკლავური ნიშანი, ვერმახტის კავკასიური საგანგებო დანიშნულების ბატალიონ ბერგმანის ემბლემა-ნიშანი კავკასიური ხანჯლის სახით - პირადი ნომრით 896, ქართული ლეგიონის საველე ბიბლიოთეკიდან „ჩვენი სიმღერები“ და სხვა.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე მებრძოლი მონაწილეობდა, მათ შორის 16 ათასი ქალი, 60 გენერალი და ადმირალი, 23 ათასი ოფიცერი და მეთაური. ომში წასულთა თითქმის ნახევარი შინ ვერ დაბრუნდა. ომის განმავლობაში საქართველოდან წასულ 164 მებრძოლს მიანიჭეს გმირის წოდება. ქართველი მებრძოლები ასევე დააჯილდოეს საფრანგეთის, იტალიისა და იუგოსლავიის ეროვნული გმირის წოდებებით.

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
26 სექტემბერი, 2015 ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე