ArtVilnius-ზე ”კონტეინერი” ჩადგეს
26 ივნისი, 2015
3270
print

 გუშინ ლიტვაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ArtVilnius გაიხსნა, რომელიც 28 ივნისამდე გასტანს და ოცამდე ქვეყნის თანამედროვე ხელოვანს უმასპინძლებს. მათ შორის არიან ქართველებიც - კერძოდ რიტა ხაჩატურიანი, ვახტანგ ბუღაძე, ტატო ახალკაციშვილი, გურამ წიბახაშვილი და თინათინ კიღურაძე, რომლებსაც ვილნიუსში ფოტოგალერეა ”კონტეინერი” წარმოადგენს.

ლიტვის არტგალერისტების ასოციაციის მიერ ორგანიზებული ფესტივალი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების პრაქტიკულად ყველა მიმდინარეობას აერთიანებს: მხატვრობა, ფოტოგრაფია, არქიტექტურა, გრაფიკული დიზაინი, ვიდეოარტი და სხვა. ქართველი არტისტების გვერდით გამოფენილია ბელორუსი, დანიელი, ფრანგი, გერმანელი, იტალიელი, ჰოლანდიელი, რუმინელი, რუსი, სლოვაკი, დიდი ბრიტანელი და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი ხელოვანების ნამუშევრები. ყველაფერი ვილნიუსის ერთ-ერთ უდიდეს საგამოფენო ცენტრ Litexpo-შია თავმოყრილი.

ქართული დელეგაცია ინდივიდუალური ექსპოზიციებითაა წარმოდგენილი. ხუთივე ხელოვანს ის ნამუშევრები აქვთ ჩატანილი, რომლებიც სხვა და სხვა დროს გალერეა ”კონტეინერში” გამოუფინავთ. ”ArtVilnius მხოლოდ გამოფენები არ გახლავთ, ეს არის უდიდესი სახელოვნებო დღესასწაული, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი ხელოვნების გაცნობის, არამედ ახალი კავშირების გაბმისა და საერთაშორისო არენაზე გასვლის საშუალებას გვაძლევს. გალერეა ”კონტეინერი” აქ საუკეთესო გამოფენებითაა ჩამოსული და გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ თანამედროვე ევროპული ხელოვნების სრულუფლებიანი წარმომადგენლები ვართ. ფესტივალის სტუმრებისა და კრიტიკოსების მხრიდან გამოთქმული კომენტარების შემდეგ ამაში უფრო მეტად დავრწმუნდი. ზუსტად ვერ გეტყვით, რა იწვევს ასეთ დაინტერესებას, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი გალერეისა და ხელოვანების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ”, - ამბობს ფოტოგრაფი თინათინ კიღურაძე.

2009 წელს დაარსებული ArtVilnius-ის წლევანდელი საპატიო სტუმარი ქვეყანა უკრაინა გახლავთ, რომელიც ვილნიუსში დიდი დელეგაციით, რამდენიმე გალერეითა და მასშტაბური ექსპოზიციებითაა ჩასული. ”პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინული ხელოვნება მაინც განაგრძობს განვითარებას. ომის გამო ამ ქვეყნის კერძო კოლექციები ბოლო დროს არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში არიან, ამიტომ ArtVilnius-ის ორგანიზატორებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ღონისძიებაზე მოწვევით მათთვის ოდნავ მაინც შეგვეწყო ხელი”, - განაცხადა ლიტვის არტგალერისტების ასოციაციის ხელმძღვანელმა დიანა სტომიენემ.

ფესტივალზე ქართველი ხელოვანების მონაწილეობის შესახებ ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
26 სექტემბერი, 2015 ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე
24 ივნისი, 2015 მეორე მსოფლიო ომი ეროვნულ მუზეუმში
27 მაისი, 2015 ქართული ფოტოგრაფიის დღე
24 აპრილი, 2015 განდევნილი ჰიუგოს ფოტომატიანე
24 მარტი, 2015 ჰიტლერის აკვარელს აშშ-ის აუქციონზე გამოფენენ
26 იანვარი, 2015 მხატვრის წიგნი - პირველი გამოცემა
13 იანვარი, 2015 ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ პრეზენტაციისთვის მზადაა
08 დეკემბერი, 2014 მზადება ვენეციის ბიენალესთვის
04 ნოემბერი, 2014 „არტისტერიუმი“ მეშვიდედ ბრუნდება
09 სექტემბერი, 2014 მხატვრები აფხაზეთიდან ლეიდენის გალერეაში