პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
29 ივნისი, 2015
1601
print

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ სახელმწიფო სარწმუნოებაზე და ოჯახის ინსტიტუტზე დგას. იგი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ერთობა. "რაზე დგას ქართული სახელმწიფო? – ჩვენს სარწმუნოებაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რასაც თანამედროვე, ძლიერი საქართველო უნდა დაეუფუძნოს. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მწამს, რომ სწორედ ოჯახია ყველანაირი სიკეთის საწინდარი. ამდენად მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა! დღეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ამ საკითხს თავისებურად წყვეტს, ჩვენ კი ვთვლით, რომ საქართველოში ეს საკითხი ასე უნდა მოგვარდეს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, ქართველები გამორჩეული ერი ვართ და ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგებიან, "მხოლოდ საკუთარი პირადიდან გამოდიან და მეტი არაფერი ენაღვლებათ".

"ქართველობა ჩემთვის არის დიდი სიმდიდრე და დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე. ქართველობა საამაყოა იმიტომ, რომ ქართველი კაცი თავგანწირვას არასოდეს გაურბოდა. ჩვენი წინაპრები საკუთარ "მე"-ზე არასოდეს ფიქრობდნენ და ყველაზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს აყენებდნენ. დღეს კი გახედეთ, რა ხდება – ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგეებიან, მხოლოდ საკუთარი პირადიდან გამოდიან და მეტი არაფერი ანაღვლებთ," - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ამავე ინტერვიუდან ირკვევა, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს.

"დიახ, სააკაშვილმა ყოვლად უზნეო საქციელი ჩაიდინა, როცა ჩვენი უდიდესი და წმინდა მეფის ძეგლს შეეხო და, მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე, სხვაგან გადაიტანა. ვფიქრობ, რომ მერიამ და საკრებულომ დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ, სპეციალისტები მოიწვიონ, საჯარო დისკუსია დაიწყონ და ამაში საზოგადოებაც ჩართონ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა, „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას, არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი გააკრიტიკა. ირაკლი ღარიბაშვილი უკმაყოფილოა მოქმედი პრეზიდენტითაც. მისი აზრით, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ დაიხარჯა 28 მილიონი მისთვის ახალი რეზიდენციის მშენებლობაზე, თუკი ავლაბრის სასახლის დატოვებას არ აპირებდა. "კარგი იქნება, საზოგადოებამ პრეზიდენტისგან მოისმინოს განმარტება, რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად, თუკი იგი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებდა? ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნების რესურსი. თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მივცემთ. ფუფუნებაში მცხოვრები მთავრობა ჩვენ 2012 წელს გავისტუმრეთ! ავლაბრის რეზიდენციის აშენებაში სააკაშვილმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენება 360 მილიონი დაჯდა და კიდევ უამრავი უმსგავსი შენობა გვაქვს, რომლებიც აბსოლუტურად გამოუსადეგარია და მათი აშენებით ჩვენს მოსახლეობას არავითარი სარგებელი არ უგრძვნია", - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან მიმართებაში პრეზიდენტისა და მისი ეკონომიკური მრჩევლის "სკეპტიკური დამოკიდებულება" ბევრ კითხვას აჩენს. "რაც შეეხება პრეზიდენტსა და მის ეკონომიკურ მრჩეველს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ აქვთ მათ ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებზე საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით. მათი ამგვარი პოზიცია ბევრ კითხვას აჩენს," - განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, თუ პრეზიდენტი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაშინ პარლამენტი მოახდენს მობილიზებას ამ ვეტოს დასაძლევად, როგორც ეს წინა რამდენიმე შემთხვევაში მოხდა. რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარლამენტმა მათი რჩევები გაითვალისწინა.

"ამ კანონპროექტმა თავდაპირველად მღელვარება გამოიწვია საერთაშორისო სავალუტო ფონდში, აზიის განვითარების ბანკში, EBRD -ში, მსოფლიო ბანკში და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა, წლებია თანამშრომლობს. ეს ორგანიზაციები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. შესაბამისად, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ავუხსენით, რომ ჩვენი მიზანი არ არის ეროვნული ბანკის პოლიტიზება, პირიქით, ჩვენი ამოცანა მისი დეპოლიტიზებაა. მეგობარმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო რჩევები მოგვცეს და მე მიხარია, რომ ჩვენმა პარლამენტმა ეს რეკომენდაციები გაიზიარა," – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მას არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ ყველა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელთან აბსოლუტურად საქმიანი და კონსტრუქციული დამოკიდებულება აქვს, თუმცა, თუ დაინახავს, რომ ხელისუფლების რომელიმე შტო საქართველოსა და ქართველი ერის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამაზე ძალიან მძაფრი და მკაფიო პოზიცია ექნება.

პრემიერის ინტერვიუს მთავრობის წევრები, დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარი თქმით, ათონელის რეზიდენციის გადაკეთება შეიძლება არანაკლებ ძვირი დაჯდეს, ვიდრე მისი რემონტი დაჯდა. "ამის შემდეგ მოხდა მისი მცირედით გადაწყობა, რათა მორგებული ყოფილიყო ქვეყნის პირველი პირის, პრეზიდენტის რეზიდენციაზე. დღეს რეალურად ვართ ამ კითხვის წინაშე - რა ვუყოთ ამ შენობას, რადგან არანაირი ფუნქციური სხვა დატვირთვა ამას არ შეიძლება მოეძებნოს. მისი გადაკეთება შეიძლება არანაკლებ ძვირი დაჯდეს, ვიდრე მისი რემონტი დაჯდა," - განაცხადა სოზარ სუბარმა. რაც შეეხება ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას, აღნიშნულ პროცედურას სუბარი უვნებელს უწოდებს და განმარტავს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის იდეა იყო, ეროვნული ბანკის საერთოდ გაუქმება. "ამ იდეას სერიოზულად განიხილავდნენ. იდეას რატომღაც მაშინ არ მოჰყოლია იმასთან მიახლოებული ხმაურიც კი, რაც მოჰყვა ამ აბსოლუტურად უვნებელ პროცედურას, როგორიც არის ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა. ეს ასეა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ფრთა სერიოზულად განიხილავდა, რომ გაუქმებულიყო საკონსტიტუციო სასამართლო. ამ იდეას გაცილებით ნაკლები ხმაური მოჰყვა, ვიდრე დღეს შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ არ მოეწონა საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება. რა ხდება, იქნება თქვენ გამაგებინოთ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს ახმოვანებს და მილიონების გაფლაგვაზე ხელისუფლებას 2 წლის წინ უნდა ეფიქრა. „სიტუაციაში, როდესაც ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა სტიქიის შედეგები, სიტუაციაში როდესაც, ივანიშვილი და მისი ხელის მთავრობა ეთამაშება ქვეყნიდან უმთავრესი ფინანსური ინსტიტუციების გასვლის საკითხს, ანუ პრაქტიკულად ეკონომიკური კოლაფსის საკითხს, რაზე საუბრობს ეს ადამიანი საერთოდ? - ისევ ახმოვანებს ივანიშვილის პირად ბოღმებს,“ - განაცხადა ენმ-ს წევრმა გივი თარგამაძემ. „28 მილიონის გაფლანგვა თუ არ უნდოდათ, ნუ გაფლანგავდნენ. არავის დაუვალებია მათთვს ათონელზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება. პრეზიდენტს აქვს ავლაბრის რეზიდენცია, სადაც ის მუშაობს. საერთოდ ეს თემა კიდევ აქტუალური რომ არის, ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილს აქვს გართულება ამ საკითხზე. სხვა ახსნა ამას არ აქვს,“ - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხემძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს უბიძგებს, პატივი არ სცენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.

გიგაურის შეფასებით, ყველა ის დისკუსია, რომელიც პრეზიდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის საკითხზე, ყველანაირ ლოგიკას სცდება.

"აქ საუბარია იმაზე, რამდენად უნდა სცე პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი ან არ უნდა სცე პატივი. ასეთი ტიპის განცხადებებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს უბიძგებს, არ სცენ პატივი პრეზიდენტის ისტიტუტს, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა. ყველა თავის განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა, პირიქით, მოქალაქეებს უნდა მოუწოდოს, მხარი დაუჭირონ და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ის ამას არ აკეთებს და ეს ძალიან ცუდია," - განაცხადა ეკა გიგაურმა. რაც შეეხება ოჯახთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებაზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ეკა გიგაურის აზით, აღნიშნული განცხადება პოპულისტურია. "ეს არის პოპულისტური განცხადება. ამ განცხადებით პრემიერი, ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაიცვან უმცირესობის უფლებები. ეს არის აბსოლუტურად პოპულისტური განცხადება, რომლითაც პრემიერი ცდილობს, მიიქციოს ამომრჩევლის ყურადღება," - განაცხადა ეკა გიგაურმა.

 

 

maia chalaganidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
29 მაისი, 2015 მთავრობის რჩევების მიმართ ურჩი პრეზიდენტი