კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
14 ივლისი, 2015
4312
print

აქ მოსახვედრად კოსმოსური ხომალდი დაგჭირდებათ, ანაც მფრინავი თეფში, დირიჟაბლი, დროის მანქანა და პორტალების კარიბჭე. აქ ვერასდროს გაიგებ სად ან რომელ დროში ხარ: გვერდით რომელიღაც პლანეტის ზედაპირიდან გეიზერები იფრქვევა, იქით მომავლის ადამიანები ბლასტერებით იბრძვიან, ფონზე კი ვიქტორიანული ეპოქის სტიმპანკი ბოლავს. ეს ყველაფერი Worldcon-ზე (წლევანდელს Sasquan-ის სახელითაც მოიხსენიებენ), სამეცნიერო ფანტასტიკის მსოფლიო კონვენციაზე (World Science Fiction Convention) ხდება, რომელსაც ოფიციალური სტუმარი საქართველოდან წელს პირველად ეყოლება. ზუსტად ვერ გეტყვით, რითი ან რა დროში აპირებს იქ გამგზავრებას ზაზა კოშკაძე, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცით, რომ 19-დან 23 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიოს უდიდესი და უფანტასტიკურესი დღესასწაულის ერთ-ერთი მიწვეული სტუმარი იქნება.

მწერალი და ლიტერატურულ ფესტივალ „ინსომნიას“ დამაარსებელი ზაზა კოშკაძე ვაშინგტონის შტატის ქალაქ სფოქეინში დაგეგმილ Worldcon-ზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ხელშეწყობით მიემგზავრება. აქვე შეგახსენებთ, რომ წელს „ინსომნია“ ბათუმში ჩატარდება, მისი მასპინძელი კი სწორედ ნახსენები გამომცემლობა იქნება.

ზაზა კოშკაძის Worldcon-ზე გამგზავრების უმთავრესი მისია იქ შეკრებილი საზოგადოებისა და სპეციალისტებითვის ფესტივალ „ინსომნიას“ გაცნობაა, რისთვისაც უკვე გამოცემული კრებულების ინგლისურენოვანი ვერსიები მიაქვს; მიაქვს ინფორმაცია ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრებში საქართველოში არსებულ ვითარებაზეც, მასში მომუშავე ავტორებზე, გამომცემლობებსა და ზოგადად მკითხველის დაინტერესებაზე. როგორც ზაზა ამბობს, ამ მხრივ ბოლო წლებში აშკარა პროგრესი შეინიშნება: „არა მხოლოდ მკითხველის, არამედ ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრში მომუშავე ავტორების რაოდენობამაც მოიმატა. თუმცა წერის მსურველები ყოველთვის იყვნენ და სწორედ მათ გამოსავლენად გახდა აუცილებელი „ინსომნიას“ ტიპის ფესტივალის დაარსება, რომელიც, დარწმუნებული ვიყავი, რომ გაამართლებდა. ფესტივალი უკვე გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ. ამ მიმართულებით გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება.“

როდესაც ატარებ ფესტივალს, ეს უკვე ნიშნავს, რომ, სულ მცირე, პოტენციური ავტორები მაინც გყავს, ეს კი ჟანრის განვითარების მოტივაციას ზრდის. წლების განმავლობაში ქართული გამომცემლობები ამ ჟანრებით ფაქტობრივად არ ინტერესდებოდნენ, უმეტესაც კი მხოლოდ კომერციულად გარანტრირებულ პროექტებს ჰკიდებდნენ ხელს (მაგალითად, „ბეჭდების მბრძანებელს“ ან ჰარი პოტერის სერიას, ოდნავ მოგვიანებით კი „სატახტოთა თამაშებს“). ფაქტობრივად, სრულიად იყო იგნორირებული სამეცნიერო ფანტასტიკა, რის გამოც 1988 წელს „ნაკადულის“ მიერ გამოცემული „მე, რობოტი“ ლამის რარიტეტულ წიგნად იქცა, თუმცა მანამდე 1979 წლის „სოლარისიც“ არსებობდა. ისიც „ნაკადულის“. ალბათ მესამეც იქნებოდა რამე, „ნაკადულისვე“ წყალობით...

დღეს ამ ნიშას „წიგნები ბათუმში“ ავსებს. რამდენიმე თვის წინ დაარსებულმა გამომცემლობამ რეი ბრედბერის მოთხრობების კრებულიდან დაიწყო და კლარკის „2001-ის“ გავლით ლავკრაფტის „ქთულჰუს ძახილამდე“ მოვიდა. წინ კიდევ უამრავი გამოცემა ელის, მათ შორის, წლევანდელი „ინსმონიას“ კრებულისაც, რომელსაც, მოგვიანებით, სავარაუდოდ, მომავალი Worldcon-ისთვის თარგმნიან. მანამდე კი კვლავ ზაზა კოშკაძის მოგზაურობას დავუბრუნდეთ.

კოშკა კი ამბობს: „იქ საკმაოდ დატვირთული დღეები მელის, მაგალითად, აუდიტორიას უნდა წავუკითხო საკუთარი ნაწარმოებები და ჩავატარო მცირე ვორქშოფი დამწყები მწერლებისთვის. როდესაც ეს უკანასკნელი შემომთავაზეს, ავუხსენი, რომ არც ისე მდიდარი საგამომცემლო ბიოგრაფია მაქვს, არც ინგლისურია ჩემი მშობლიური ენა და არც წერა უსწავლებია ვინმეს, რაზეც მიპასუხეს, რომ სწორედ ეს იყო ჩემში საინტერესო. მთავარია, რომ მათთვის უცხო კულტურას წარმოვადგენ და განსხვავებული პოზიციის მოსმენის საშუალება ექნებათ.“

მკითხველთან და დამწყებ ავტორებთან შეხვედრის გარდა ზაზა კოშკაძეს საქმიანი, ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიც ელის. პირველი ეტაპი კი ამ სამყაროს მნიშვნელოვან ფიგურებთან ურთიერთობის დამყარებაა, სწროედ იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენს დამწყებ ავტორებს გარკვეულ მიმართულებას მისცემენ, ჟანრში მუშაობის ანბანს ასწავლიან, ერთგვარი სკოლის ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან. „გამოცდილ ფანტასტებთან კავშირების გაბმა აუცილებელია, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენგანაც ბევრს ისწავლიან, ახალი იდეებით შეივსებიან და ერთიანი პროცესი კიდევ ერთხელ გადახალისდება. საქართველო პირველად მონაწილეობს ჟანრული ლიტერატურის ასეთი მასშტაბის ღონისძიებაში. ცხადია, ერთი ჩასვლით ყველაფერს ვერ გავაკეთებ, მაგრამ, შევცდები, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემთვის განკუთვნილი დრო და ამ ჟანრებში საქართველოში მიმდინარე პროცესებით, რაც შეიძლება, მეტი პროფესიონალი დავაინტერესო. ასევე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჩვენი და ამ ღონისძიების ორგანიზატორ მსოფლიო სამეცნიერო ფანტასტიკის საზოგადოების ინტერესები გადაიკვეთოს, დავსახოთ საერთო პროექტები, მინდა ამ სფეროში მიმდინარე მსოფლიო პროცესის ნაწილი საქართველოც გახდეს,“ - ამბობს ზაზა კოშკაძე.

***

Worldcon-ი სამეცნიერო ფანტასტიკის მსოფლიო საზოგადოების (World Science Fiction Society (WSFS)) მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც შორეული 1939 წლიდან იმართება (წყვეტა მხოლოდ 1942 და 1945 წლებში ჰქონდათ). კონვენცია ლიტერატურის გარდა თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკულად ყველა სფეროსა და სხვა აქტივობებს მოიცავს: კინემატოგრაფს, გამოფენებს, სამაგიდო, ქარდ და როლურ თამაშებს, პანელურ დისკუსიებს, შეხვედრებს ცნობილ ავტორებთან (ჯორჯ მარტინებიდან დაწყებული ახალი თაობის ვარსკვლავებით დამთავრებული), ქოსფლეის, ახალი გამოცემების პრეზენტაციებს, თეატრალურ დადგმებსა და, რა თქმა უნდა, ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს, Hugo-ს გადაცემის ცერემონიალს. ეს ღონისძიების დამაგვირგვინებელი, ყველაზე საზეიმო და ხმაურიანი ნაწილია, რომელზეც არა მხოლოდ წლის საუკეთესო ავტორებსა და ნაწარმოებებს ასახელებენ, არამედ დებიუტანტებსაც გვაცნობენ, სწორედ მათ, რომელთა რიგებში მოხვედრის შანსი ქართველ ავტორებსაც აქვთ.

 

 

ია ვეკუა

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული
12 თებერვალი, 2015 ბალადა პირველი ქართული გრაფიკული ნოველისა