ქართული მოკლემეტრაჟიანი ლოკარნოს კონკურსშია
15 ივლისი, 2015
4403
print

აგვისტოს დასაწყისში, როდესაც მთელი მსოფლიო საზაფხულო ნირვანაში იქნება ჩაძირული, შვეიცარიაში ჭრელი ლეოპარდი შეიპარება და წითელ ხალიჩაზე გაისეირნებს. სწორედ ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ქალაქი ლოკარნო მორიგ საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. დიდი სტუმრიანობა ლოკარნოს 5-დან 15 აგვისტომდე ელის, სტუმართა შორის ერთ-ერთი კი ქართველი რეჟისორი დათა ფირცხალავა იქნება, რომლის ნამუშევარიც მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში მოხვდა.

ორიოდე კვირის წინ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა და თიბისიმ ერთობლივი ძალებით გადაღებული ექვსი მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარმოგვიდგინა. ექვსივეს ავტორი განსხვავებული გამოცდილების მქონე ახალგაზრდა რეჟისორები იყვნენ, რაც მათი ნამუშევრების ხარისხსაც ეტყობოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტი ნამდვილად შედგა, ექვსეულის უმეტესობა რეალურად იმსახურებდა მიძღვნილ აპლოდისმენტს, ჩვენებისას გემრიელ ლუკმად ბოლოში მოტოვებული დათა ფირცხალავას „მამა“ კი ახლა უკვე საერთაშორისო „ბაზარზე“ გავიდა.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში (ეროვნული კონკურსი ფესტივალს ცალკე აქვს) 25 ფილმი მონაწილეობს. დათა ფირცხალავას ფილმის კონკურენტები იქნება ნამუშევრები ბულგარეთიდან, კოლუმბიიდან, აშშ-დან, ბრაზილიიდან, ფილიპინებიდან, პლუტონიდან, საფრანგეთიდან, ბოლივიიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან. მოკლემეტრაჟიანთა შორის საუკეთესოსაც ფესტივალის დახურვისას გამოაცხადებენ და სწორედ ამ დღეს გავიგებთ, მართლაც ასეთი კარგია თუ არა დათა ფირცხალავას ფილმი.

„მამა“ 25 წუთში ჩატეული ოჯახური დრამაა, რომელიც ქრონომეტრაჟისა და მხოლოდ რამდენიმე საათზე გაშლილი ამბის მიუხედავად, ერთი ოჯახის მრავალწლიან ისტორიას გვიამბობს. აქ ისტორია დრამატურგიულად ძალიან კარგად გაშლილი სცენარით, პერსონაჟებს შორის გამართული ირიბი დიალოგებითა და მათ თავს გადამხდარი სულ სხვა ამბით იკვრება. მარადიული და ათასჯერ გადაღეჭილი თაობათა კონფლიქტის თემას დათა ფირცხალავა სულ სხვა ფორმით წარმოგვიდგენს, ფილმის მსვლელობისას კი თითქოს შვილების თაობის მხარეს დგება და გამარჯვებასაც სწორედ მას აკუთვნებს, თუმცა ესეც მამების წყალობით მიღწეული გამარჯვებაა, რაც ფილმის მთლიანობას კიდევ უფრო ამყარებს.

რაც შეეხება ლოკარნოს კინოფესტივალის მთავარ კონკურსს, მის სრულ სიას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.

 

ia vekua
სხვა სიახლეები
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან
17 აგვისტო, 2015 ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
11 აგვისტო, 2015 როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
04 აგვისტო, 2015 აგვისტო დიდ ეკრანზე
31 ივლისი, 2015 „სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს
30 ივლისი, 2015 ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა
22 ივლისი, 2015 კინო და კინოდისტრიბუცია რეგიონებში
13 ივლისი, 2015 ლევან გაბრიაძის Unfriended გაქირავებაში გამოდის
03 ივლისი, 2015 სტრიპტიზის დროა!
02 ივლისი, 2015 სამი დაკრძალვა და ერთი ქორწილი