არამიწიერ ცივილიზაციებზე სანადიროდ 100-მილიონიანი პროექტი იწყება
22 ივლისი, 2015
1554
print

გიგა გურასაშვილი

ამერიკელი ასტრონომის, აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რაოდენობით რეკორდსმენის ჯეფრი მარსის გათვლებით, ჩვენს გალაქტიკაში - ირმის ნახტომში, სადაც მილიარდობით პლანეტაა, მათი დაახლოებით მეოთხედი, ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავებისგან შედგება, სადაც თავის მხრივ დედამიწის მსგავსი პლანეტები არსებობს. აი, ისეთები, რომლებიც არც ძალიან ცივი და არც ძალიან ცხელია და სადაც წყალი თხევადი სახითაა წარმოდგენილი. თეორიულად, ეს ყოველივე, ასეთ პლანეტებზე სიცოცხლის აღმოცენების შანსებზე მიანიშნებს, ზოგიერთ მათგანზე კი შესაძლოა, სიცოცხლის ისეთი განვითარებული ფორმებიც არსებობდეს, რომლებთანაც რადიო სიხშირეებით დაკავშირებას შევძლებდით.

ასეთი შესავლის შემდეგ მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ ცნობილი ბრიტანელი თეორეტიკოს-ფიზიკოსისა და კოსმოლოგის სტივენ ჰოუკინგისა და ამერიკაში მცხოვრები რუსი ინტერნეტ-მეწარმის იური მილნერის ძალისხმევით, უახლოეს მომავალში არამიწიერი ცივილიზაციებიდან სიგნალის მისაღებად უმსხვილესი პროექტი - Breakthrough Listen ამოქმედდება.

ინვესტორ-მილიარდერს, როგორც მილნერს ჟურნალი ”ტაიმსი” მოიხსენიებს, მიმღები მოწყობილობის შესაქმნელად და დედამიწის უმსხვილეს რადიოტელესკოპებთან სამუშაო დროის შესაძენად (დღესდღეობით არამიწიერი ინტელექტის ძიებაში დახელოვნებულ სპეციალისტებს საამისოდ წელიწადში მხოლოდ ერთი ღამე აქვთ), 100 მილიონი დოლარის ჩადება განუზრახავს.

ასე ვთქვათ, არამიწიერ ცივილიზაციებზე ნადირობის სეზონი ათი წლით გაიხსნება. ამ ხნის განმავლობაში რუსი ებრაელი მილიარდერის, იური მილნერის მილიონები იმაზე დაიხარჯება, რომ ასტრონომებმა დედამიწის მახლობელი ერთი მილიონი ვარსკვლავის, ჩვენი გალაქტიკის ცენტრის და ჩვენთან უახლოესი 100 გალაქტიკის ერთგვარი სკანირება ჩაატარონ.

მიზანი, რა თქმა უნდა, სხვა ცივილიზაციებიდან წამოსული შესაძლო სიგნალის დაჭერაა. ამასთან, უწინდელი მსგავსი პროგრამებისგან განსხვავებით, სამიზნეთა რაოდენობა ათჯერ მეტია. ასევე ათჯერ მეტ ფართობს მოიცავს ცაზე უცხო ცივილიზაციათა საძიებო არეალი. ასეთივე შთამბეჭდავია ისიც, რომ ხუთჯერ მეტი რადიო სიხშირე შემოწმდება, თანაც ეს ყველაფერი ადრეულთან შედარებით 100-ჯერ უფრო სწრაფად გაკეთდება.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ათწლიანი პროექტის ფარგლებში დასავლეთ ვირჯინიაში (აშშ) ამოქმედდება 100-მეტრიანი რადიოტელესკოპი Green Bank და 64-მეტრიანი რადიოტელესკოპი Parkes ახალ სამხრეთ უელსში (ავსტრალია).

მილნერის განმარტებით, ახალი პროექტის მიზანი ხელოვნური სიგნალის აღმოჩენაა. იმასაც აღნიშნავს, რომ შესაძლებლობები გაფართოვდა: ”ზუსტად ვიცით, რომ გალაქტიკაში კანდიდატები გვყავს (გულისხმობს, ისეთ პლანეტებს, სადაც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს) - რამდენიმე მილიარდი”.

ჟურნალ ”ტაიმსის” მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა პასუხებს უნდა უნდა ველოდოთ პროექტიდან, მილნერი პასუხობს: ”დადებითი პასუხი იქნება თუ უარყოფითი, გარკვეულ შემთხვევაში აღსაფრთოვანებელიცაა და შემაძრწუნებელიც.

”ამ სამყაროში მარტო ვართ” - ეს აღსაფრთოვანებელიცაა და შემაძრწუნებელიც.

”ამ სამყაროში მარტო არ ვართ” - ასევე აღსაფრთოვანებელიცაა და შემაძრწუნებელიც”.

მართალია, ეს იქნება უმთავრესი აღმოჩენა, მაგრამ ამით სიცოცხლე მნიშვნელოვნად არ შეიცვლება”.

ერთი სიტყვით, მილნერი ამბობს, რომ დღევანდელი ტექნოლოგიები რეალურად გვაძლევს იმის შანსს, რომ ვუპასუხოთ კაცობრიობის უდიდეს შეკითხვას: ”მარტო ვართ?”

პროექტის მხარდამჭერთა შორისაა პროფესორი სტივენ ჰოუკინგიც, რომელიც 2010 წელს განვითარებულ არამიწიერ ცივილიზაციებთან შესაძლო კონტაქტს სახიფათოდ მიიჩნევდა. ამბობდა, რომ არამიწიერ ცივილიზაციას კაცობრიობის მოსპობა ისევე მარტივად შეეძლება, როგორც ჩვენ ჭიანჭველების კოლონიის განადგურება.

და მაინც, ცნობილი ბრიტანელი თეორეტიკოს-ფიზიკოსი ასეთი პერსპექტივის მიუხედავად, ძიების გაგრძელებისკენ მოგვიწოდებს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს