კინო და კინოდისტრიბუცია რეგიონებში
22 ივლისი, 2015
4162
print

კინომიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროექტის, „კინო სკოლებში“ შემდეგ კულტურის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი მორიგ ნაბიჯს დგამენ. ეს გახლავთ პროექტი „კინო რეგიონებში“, რომელიც ხვალიდან დაიწყებს მუშაობას და 10 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. ამ დროის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე რაიონში უახლესი ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით ქართული ფილმების დისტრიბუციის პირველი შემთხვევა.

კასპის, ფოთის, ხულოს, მარტვილის, გორის, მარნეულის, ყვარლის, ბაღდადის, ლანჩხუთის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, თიანეთის, ნინოწმინდის, ონის, ხარაგაულის, დუშეთის, საჩხერისა და თელავის კულტურის სახლებში, ფოლკლორის სასახლეებსა თუ თეატრალურ დარბაზებში რვა ფილმს აჩვენებენ: სალომე ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტს“, ზაზა ურუშაძის „მანდარინებს“, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „გრძელ ნათელ დღეებს“, ლაშა ცქვიტინიძის „მე ვარ ბესოს“, გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძულს“, ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით“, თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლებსა“ და ლევან კოღუაშვილის „შემთხვევით პაემნებს“. ამ ფილმებს არა ერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, მათი უმეტესობა ჩვენს გაქირავებაშიც იყო გამოსული, თუმცა ქვეყანაში სადისტრიბუციო და კინოქსელის არარსებობის გამო რეგიონში მცხოვრებ პოტენციურ მაყურებელს ისინი არ უნახავს.

როგორც გითხარით, ამ პროექტრით სამინისტრომ და კინოცენტრმა შიდა დისტრიბუციის პრეცედენტი შექმნეს: ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა მუნიციპალიტეტმა ფილმები სიმბოლურ თანხად, 600 ლარად ფილმის პროდუსერებისგან შეიძინა, მათი გაქირავების შედეგად მიღებული თანხა კი რაიონის ბიუჯეტში დარჩება. ამრიგად, ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი სამსახურები დაინტერესებული უნდა იყვნენ, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოიზიდონ ანუ პროექტი პოპულარული გახადონ, რადგან შემოსავალი სწორედ მაყურებლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ბილეთის ფასის განსაზღვრაც მათი პრეროგატივაა - მინიმალური ფასი 1 ლარია, მაქსიმალურის დაწესება კი თავად შეუძლიათ, რის დროსაც ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინონ.

პროექტში აქტიურადაა ჩართული რეგიონული ტელევიზიების ასოციაციაც, რომლის შემადგენლობაში არსებული ტელეკომპანიებიც არა მხოლოდ მოსალოდნელ სეანსებს დააანონსებენ, არამედ მოგვიანებით, პროდუსერებთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ფილმების საკუთარი ეთერით ჩვენების უფლებასაც მოიპოვებენ, რაც აუდიტორიის რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის.

როგორც გითხარით, პროექტრი მუშაობას ხვალ იწყებს, ყველა რაიონში პირველი კინოსეანსი გაიმართება, საზეიმო გახსნა კი კასპის კულტურის სახლშია დაგეგმილი. სწორედ აქ შედგება მაყურებლისა და „კრედიტის ლიმიტის“ რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებელ ნინო კასრაძის შეხვედრა. ასეთი შეხვედრები შემდგომშიც იგეგმება.

„კინო რეგიონებში“ პირველად ხორციელდება, მაგრამ წარმატების შემთხვევაში ის ერთჯერადი არ იქნება. თუმცა მუდმივად ასე ვერ იქნება - ბოლოს და ბოლოს რეგიონული კინოთეატრების ქსელის გამართვის საკითხი უნდა გადაიჭრას. როგორც კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ამბობს, ამისთვის დიდი თანხაა საჭირო, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუმცა ამისთვის ინიციატივა თავად ადგილობრივმა ხელისუფლებებმაც უნდა გამოიჩინონ. „მათი უმეტესობა ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებისა და მითითების მოლოდინშია, რაც არ მიმაჩნია სწორად. გამოიჩინონ ინიციატივა, შეადგინონ პროექტი და მის განხორციელებაში აუცილებლად დავეხმარებით“, - ამბობს მინისტრი.

 

 

ია ვეკუა

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან