შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
28 ივლისი, 2015
4010
print

ზუსტად მაშინ, როდესაც თბილისში ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალი დაიწყო, ბათუმში სნუპ დოგი წინა საკონცერტო მომზადებას გადიოდა. უბრალოდ სიგრილეში იყო წამოწოლილი, მედიდურად აბოლებდა და იმ შვედ პოლიციელებზე ფიქრობდა, წინა დღეს ნარკოტიკების მოხმარების ეჭვის გამო რომ დააკავეს, შარდის ანალიზი ჩააბარებინეს და საბოლოოდ მაინც ვერაფერი აღმოუჩინეს (ვერაფერი აღმოუჩინეს, გეფიცებით!). შვედეთის პოლიციის საქციელით გაბრაზებულმა რეპერმა ჯერ ქვეყანა დატოვა და უფსალაში დაგეგმილი კონცერტი ჩაშალა, შემდეგ ტვიტერზე რამდენიმე საპროტესტო ვიდეოჩანაწერი დადო, ბოლოს ადგა და ბათუმში ჩამოვიდა, სადაც შავი ზღვის მეცხრე ჯაზფესტივალი უნდა დაეგვირგვინებინა.

დასაგვირგვინებელი კი ნამდვილად იყო. წლევანდელი ფესტივალი ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა საუკეთესო დასასრულს, რადგან ოთხდღიანი ლაინაპი ამდენივე შესანიშნავ კონცერტს აერთიანებდა. ყველაფერი კი სრულიად წარმოუდგენელმა ჯორჯ კლინტონმა დაიწყო. მისი კონცერტის მიმართ უდიდესი მოლოდინი იყო, წინასწარვე ვიცოდით, რომ წინ წარმოუდგენელი საღამო გველოდა, მაგრამ მომხდარმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა - ბათუმის კორტებზე გამართული სცენა ზუსტად სამი საათის განმავლობაში ვიბრირებდა, მასთან ერთად კი ათასობით მსმენელი.

ჯორჯ კლინტონი ფანკმუსიკის ერთ-ერთ მამად მიიჩნევა და სრული უფლება აქვს, კონცერტის ჩატარებისას საკუთარი თამაშის წესები შემოგვთავაზოს - რამდენ ხანსაც უნდა იმღეროს და როგორიც მოესურვება, ისეთი ენერგია გადმოგვაფრქვიოს. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ის პროფესიონალია, 74 წელიწადია მუსიკით ცხოვრობს, ათეულობით წელია მსმენელთან ცვლის ენერგიას, ამიტომ კარგად იცის - ვიდრე დარბაზში ერთი ადამიანი მაინც უსმენს, იქამდე სცენა არ უნდა დატოვოს. ასეც მოხდა, რითიც ყველაზე მეტად ჩვენ ვიხეირეთ: მოვუსმინეთ ფანკს, სოულს, ჰიპჰოპს, გიტარისა და დრამის სოლოებს, თავად ჯორჯ კლინტონსა და მისი ბენდის წევრებს - ერთი სიტყვით, პირველი დღისგან ბოლომდე დავიმუხტეთ და ფესტივალის კიდევ ერთ შესანიშნავ მონაწილესთან შესახვედრად მოვემზადეთ.

ლივ უარფილდმა ჭეშმარიტად მოახდინა სასწაული და ცოტა ხნით ბატონი კლინტონის მიერ ჩადენილი სიგიჟეები დაგვავიწყდა. ამ შესანიშნავი ხმის მქონე ქალბატონმა საოცარი შოუ ჩაატარა, ულამაზესი კომპოზიციები გვიმღერა და გაწყვეტამდე გვაცეკვა. ცუდია, რომ მისი კონცერტი პარასკევს, ანუ სამუშაო დღეს დაემთხვა, ამიტომ ბათუმში ჩამოსვლა უფრო მეტმა ვერ შეძლო - ის ნამდვილად იმსახურებდა გადაჭედილ დარბაზს. იმედია, ლივ უარფილდს თბილისის ჯაზფესტივალზეც ჩამოგვიყვანენ და კიდევ ერთხელ მოგვეცემა მისი ულამაზესი ხმის მოსმენის საშუალება.

კლინტონისა და უარფილდის შემდეგ უფერულად მოჩანდა ლიზა სტენსფილდის კონცერტი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ მომღერალს ჩვენთან საკმაოდ ბევრი ფანი ჰყავს, სიმღერების (თუმცა მხოლოდ ჰიტების) ტექსტებიც იციან და ცეკვაც არ ეზარებათ. ლიზაც კმაყოფილი ჩანდა, სცენა გახარებულმა დატოვა და მომავალი შეხვედრის იმედით დაგვემშვიდობა.

...ზუსტად 24 საათის შემდეგ კი მისი არსებობის შესახებ აღარავის ახსოვდა, რადგან ამავე სცენაზე თვით სნუპ დოგი იდგა და თავისი მუსიკით გვაბრუებდა.

სნუპის კონცერტი, სულ რაღაც, ერთ საათს გაგრძელდა, რაც საკმაოდ გულდასაწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა მისი სინჯის ვარსკვლავებს ყველაფერი ეპატიებათ. მიუხედავად ამისა, მაინც მაგარი იყო ან როგორ შეიძლება ცოცხალი სნუპ დოგი მაგარი არ ყოფილიყო!

 

 ია ვეკუა

 კულტურის სამინისტროს ფოტოები

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...