მეცნიერთა აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებას ხელოვნურ ინტელექტთან მივყავართ
29 ივლისი, 2015
1777
print

გიგა გურასაშვილი

მეცნიერთა ერთი ნაწილის გათვლებით, 2030 წლისთვის ადამიანებს გონიერ მანქანებთან თანაზიარად არსებობა მოუწევთ. ყოველ შემთხვევაში, IBM, Apple, Google და სხვა მსგავსი მაღალტექნოლოგიური კორპორაციები ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად თავდაუზოგავად შრომობენ. შრომობენ, რათა მაღალგანვითარებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა გართულებების გარეშე, მარტივად შეძლოს ათასწლეულის გამოწვევებთან გამკლავება, რაც თავის მხრივ ტექნოლოგიათა განვითარების ტემპებსაც დააჩქარებს. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით კითხვებს ბადებს ეს ისეთი დაპროგრამების საშუალებების არ არსებობაა, რომელიც იმავე ზემანქანებს, ასე ვთქვათ, მორალით შეაიარაღებს, მოყვასის სიყვარულს შთაუნერგავს. ასე რომ, დღევანდელი გადასახედიდან რთულია თავი დავდოთ იმაზე, რომ ერთხელაც ასეთი მანქანები თავიანთ შემქნელებს არ აუჯანყდებიან.

ერთი სიტყვით, ათასზე მეტი მეცნიერი, ინჟინერი თუ მკვლევარი შეიარაღების ავტონომიური სისტემის შემუშავების საშიშროებაზე ამახვილებენ ყურადღებას და იქვე გამაფრთხილებელ წერილზე ხელს აწერენ.

ხელმომწერთა შორისაა ცნობილი ბრიტანელი თეორეტიკოს-ფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგი, ამერიკელი გამომგონებელი, რაკეტმშენებელი კომპანია ”სფეის იქსის” (SpaceX) და ”ტესლას” (Tesla) ელექტრმობილების მწარმოებელი კომპანიის თანადაფუძნებელი ილონ მასკი და კომპანია ”ეფლის” (Apple) ერთ-ერთი დამაარსებელი სტივ ვოზნიაკი.

”თუ კი რომელიმე ზესახელმწიფო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იარაღის განვითარებით დაწინაურებას შეეცდება, მაშინ შეიარაღების გლობალური რბოლა, პრაქტიკულად გარდაუვალი ხდება. რა თქმა უნდა, ამ ტექნოლოგიური ტრაექტორიის ნიშნული აშკარაა: ბირთვული იარაღი ხვალინდელი ”კალაშნიკოვი” გახდება”, - ვიტყობთ საგანგებოდ შედგენილი წერილიდან.

წერილის ავტორები მოგვიწოდებენ, საბრძოლო ტექნიკის შექმნისას უარი ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე და თან გვაფრთხილებენ, რომ ასეთი მეთოდებით შეიარაღება საბედისწერო შედეგებამდე მიგვიყვანს.

მდგომარებას ართულებს მკვლელი-რობოტების ახალი მოდელების შექმნაზე მომრავლებული ცნობებიც. საკითხის მნიშვნელობაზე მიუთითებს გაეროში განსახილველად გატანილი საკითხიც, სადაც ავტონომიურ საბრძოლო სისტემათა გარკვეული ტიპების შესაძლო აკრძალვაზე იმსჯელეს.  

აქვე გავიხსენოთ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სტივენ ჰოუკინგის მიერ შარშან გაკეთებული განცხადებაც, სადაც ბრიტანელი მეცნიერი სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის შემთხვევაში, კაცობრიობას გადაშენებას უწინასწარმეტყველებს:

”ასეთი გონება თავის თავზე აიღებს ინიციატივას და მზარდი სიჩქარით საკუთარი თავის სრულყოფას მიჰყოფს ხელს.

ადამიანი, რომელიც ბიოლოგიური ევოლუციის ნელი ტემპებითაა შეზღუდული, ხელოვნურ ინტელექტთან მეტოქეობის უნარი არ შესწევს და მასთან ჭიდილში უკან დახევა მოუწევს”...

თავის მხრივ ერიკ ჰორვიცი - კორპორაცია ”მაიკროსოფტის” კვლევათა განყოფილების უფროსი, რომელსაც ასევე ვხედავთ ხელმომწერთა შორის, ხელოვნური ინტელექტის არასამხედრო დანიშნულებით გამოყენების სარგებლიანობაზე საუბრობს:

”ეკონომიკაში, ჯანდაცვაში თუ სხვა სფეროებში გამოთვლითი მეთოდების გამოყენებით ცხადი ხდება თუ რამდენად დიდია სარგებელი. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებით დიდ იმედებს ვამყარებთ, მაგრამ არსებობს საშიშროებებიც. მიმაჩნია, რომ ადამიანების მხრიდან სათანადო კონტროლის შემთხვევაში მთლიანობაში დადებით შედეგებს მივიღებთ”.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს