აგვისტო დიდ ეკრანზე
04 აგვისტო, 2015
3983
print

 

დავიწყებთ იმით, რომ ვერ ვნახავთ ზაფხულის ერთ-ერთ ბლოკბასტერს, “მარველის“ სუპერგმირების შესახებ გადაღებულ „ფანტასტიკურ ოთხეულს“, რომელსაც ამ ჟანრის ფილმების მოყვარულები რამდენიმე თვეა ელიან. გასაგებია, რომ აგვისტო „მკვდარი თვეა“, მაგრამ არც მისი ბოლომდე მოკვლა შეიძლება, თორემ ეწყინება, გაბრაზდება, ვილანად გადაიქცევა და ვერავინ გადაგვარჩენს, რადგან ფანტასტიკური ოთხეული ამ დროს სხვა ქვეყნებში იქნება.

სამაგიეროდ 6 აგვისტოდან ჩვენთან „მისია შეუძლებელია: განდევნილთა ტომი“ გამოდის, რომელშიც მთავარ როლს ამ ფრენჩაიზიდან ვერ და ვერ განდევნილი ტომ კრუზი ასრულებს. ის კვლავაც დარბის, ჩხუბობს, ისვრის, თვითმფრინავს მისდევს, ზედ ეკიდება და დაფრინავს - მოკლედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სანახაობა, რაც შეიძლება, ამაღელვებელი იყოს.

ტომ კრუზის გმირი, იტან ჰანტი კვლავ ჯერემი რენერის, ვინგ რეიმსისა და საიმონ პეგის კომპანიაშია და ბოროტებას ებრძვის. ამჯერად ამ უკანასკნელის ფუნქციას არა ერთი, არამედ უამრავი ყოფილი სპეცაგენტი ასრულებს, რომლებიც სინდიკატის სახით არიან ჩამოყალიბებული და სამყაროზე ბატონობა აქვთ გადაწყვვეტილი. ცხადია, კაცობროობა იტან ჰანტმა უნდა გადაარჩინოს. ის ბრიტანელ აგენტთან შეამხანაგებული იწყებს ბრძოლას, რომლის დევიზიცაა „ნურავის ენდობი, საკუთარ თავსაც კი“.

ძალიან კარგი მეოთხე „მისიის“ შემდეგ მეხუთეს მიმართ გაცილებით დიდი მოლოდინია. მისი რეჟისორი კრისტიან მაქუირი გახლავთ, რომლის აქტივშიც ჯერჯერობით მხოლოდ სამი ფილმი ირიცხება, მათ შორის, ასევე ტომ კრუზის „ჯეკ რიჩერი“, რომელმაც მეტ-ნაკლებად ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.

13 აგვისტოს გაქირავებაში ვუდი ალენის მორიგი ფილმი „ირაციონალური მამაკაცი“ გამოდის. ფილმში ემა სტოუნი, პარკერ პოსი და სრულიად შესანიშნავი ხოაკინ ფენიქსი თამაშობენ - ირაციონალური კი სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ. ფენიქსი ეგზისტენციურ კრიზისში მყოფ პროფესორს თამაშობს. მას ცხოვრებაზე იმდენად აქვს გული აყრილი, რომ „რუსული რულეტკის“ თამაშსაც კი რისკავს. მალე სიყვარული ეწვევა და თითქოს ყველაფერი კარგად უნდა დასრულდეს, მაგრამ ერთი შემთხვევა პროფესორის ცხოვრებას თადაყირა აყენებს, მოვლენები კი ზუსტად ისე ვითარდება, როგორც ვუდი ალენის ფილმებში არა ერთხელ გვინახავს.

20 აგვისტოდან გაი რიჩის ახალი ფილმის ნახვის საშუალება გვექნება. ეს გახლავთ 60-იან წლებში ძალიან პოპულარული სატელევიზიო შოუს მიხედვით გადაღებული „ადამიანი U.N.C.L.E-დან“, რომელშიც ბრიტანელი ჰენრი კავილი და არა ბრიტანელი, მაგრამ მაინც ძალიან სიმპატიური არმი ჰამერი თამაშობენ. ფილმში მოქმედება 60-იან წლებში ხდება, ერთმანეთს კი CSI-სა და КГБ-ს აგენტები უპირისპირდებიან, თუმცა საბოლოოდ საერთო მტრის გასანადგურებლად ერთიანდებიან და სამყაროს ატომური კატასტროფისგან იხსნიან.

თვის მიწურულს კი კომედია სახელწოდებით „არდადეგები“ გელით. ეს გახლავთ ტიპური ამერიკული იუმორით სავსე საოჯახო ფილმი, რომელიც ერთი ოჯახის საზაფხულო თავგადასავალს გვიყვება. „არდადეგებში“ ამ ჟანრის ვარსკვლავები: ედ ჰელმსი, კრისტინა აპლგეიტი, ლესლი მანი და ჩევი ჩეიზი თამაშობენ, თუმცა, პირობას გაძლევთ, რომ ეკრანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოჩენილი კრის ჰემსვორტის გარდა ვერავის და ვერაფერს დაიმსახსოვრებთ...

 

ია ვეკუა

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან