ინტერვიუ „ვითას“ პრეზიდენტ თემურ დათიკაშვილთან
06 აგვისტო, 2015
8108
print

„ვითა“ დაბრუნდა. ქართული კალათბურთისთვის ეს მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული მომენტია. კლუბი ააღორძინეს მისმა პირველმა დამაარსებელმა თემურ დათიკაშვილმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა გიორგი მარკოიშვილმა, ლიცენზირებულმა საერთაშორისო საკალათბურთო აგენტმა ლევან მიქელაძემ და „ვითას“ ყოფილმა წევრმა, დღეს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. და ახალი, ძველი გუნდი ამ სეზონში საპასუხისმგებლო მისიას შეასრულებს - VTB ლიგაზე ითამაშებს.

„ვითაზე“ კლუბის პრეზიდენტი, თემურ დათიკაშვილი საუბრობს.

 1.    როდის წამოვიდა „ვითას“ დაბრუნების იდეა?

თემურ დათიკაშვილი: ეს იდეა სულ არსებობდა. პრაქტიკულად, „ვითას“ დაშლის დღიდან. ეს იყო ლევან მიქელაძის და კახა შენგელიას იდეა. ბოლო 2 წელიწადი მიდიოდა ამ თემაზე საუბარი. აქტიურობდა კახა, რომელიც „ვითას“ მოთამაშე იყო. განსაკუთრებით გააქტიურდა იმის შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. გავიარეთ ყველა სავარაუდო ვარიანტი. ვფიქრობდით, როგორ დაგვებრუნებინა კლუბი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შემდეგ, პროცესში ჩაერთო ლევან მიქელაძე. ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი. მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე დიდი სპორტული პროექტი. დიდი ენერგია, პროგრესის მეტი სრუვილი და მოტივაცია მოიტანა მთელ ამ პროცესში გიორგი მარკოიშვილმა. 

2.    როგორ დაარსდა „ვითა“?

თ.დ: „ვითა“ 1992 წლის 1 აგვისტოს დაარსდა. ოთხმა მეგობარმა, ვლადიმერ ძიძიგურმა, ივანე შენგელიამ, ავთანდილ საყვარელიძემ და მე გადავწყვიტეთ საკალათბურთო კლუბის დაარსება. ჩვენი სახელების პირველი ასოები შევიდა კლუბის დასახელებაში. ვ (ვლადიმერი), ი (ივანე), თ (თემური), ა (ავთანდილი). იმ პერიოდში მიდიოდა სამოქალაქო ომი, ქალაქში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. გადავწყვიტეთ, რომ ეს კარგი იდეა იყო. მწვრთნელებად დავუძახეთ ბესიკ ლიპარტელიანს და ზურაბ ტომარაძეს, რომლებიც ადრე ჩემი გუნდელები იყვნენ ფიზკულტურის ინსტიტუტში, სადაც ერთად გავხდით საქართველოს ჩემპიონები. მოთამაშეებიც ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები იყვნენ - ნიკო ჩერქეზიშვილი, მიშა კობეშავიძე, შოთა უძილაური და დუდუ დადიანი. შემდეგ დავიმატეთ ლევან გეგეშიძე, გია ბერუაშვილი, ამბროსი ორმოცაძე, გოდერძი კორძაძე, ირაკლი მაისურაძე, თამაზ გიგაური და ირაკლი ხომერიკი.

3.    გავიხსენოთ პირველი სეზონი.

თ.დ: პირველი სეზონი... ჩვენი გამოჩენა ყველასთვის მოულოდნელი იყო. კალათბურთელების დიდ ნაწილს ომის გამო დანებებული ჰქონდა თავი თამაშისთვის. ზოგი ომის მონაწილეც იყო. დუდუმ მითხრა, რა დროს თამაშია, ომი მიდისო. შემდეგ, როდესაც დაინახა, რომ შევიკრიბეთ, თამაშები დაიწყო თუ არა, შემოგვიერთდა. როგორც მახსოვს, პირველი თამაში 4 ნოემბერს იყო. მივედით დარბაზში, კიროვის პარკში და ვნახეთ, რომ კალათბურთზე არავინ არ დადის. პირველი თამაში მოვიგეთ, მაგრამ ხალხი არ მოვიდა. ომის გამო, არაფერი არ შუქდებოდა, დარბაზი გაყინული იყო. ტელევიზიას რომ რეპორტაჟი გაეკეთებინა, პეტეესისთვის, მანქანებს ჩვენ ჩავუსხით საწვავი. ჩვენი მეგობრებისგან შევქმენით მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელშიც სადღაც, ას კაცამდე შედიოდა. ამ ჯგუფს სათავეში ედგა ჩვენი მეგობარი, მეტსახელად Крошка (202 სანტიმეტრი, 150 კილოგრამი). ხალხი დაინტერესდა, ესენი თუ ამათ თამაშებზე რეგულარულად დადიან, ესე იგი, ღირს დარბაზში მისვლაო. 10-15 თამაშის შემდეგ, უკვე დარბაზი გაივსო. „ვითა“ გავიდა ფინალში. ნახევარფინალში მოვუგეთ რუსთავის „აზოტს“. დიდი სხვაობით მოვიგეთ ორივე თამაში და შემდეგ დაიწყო ფინალი, თბილისის „მერანთან“, სადაც იყო ლეგენდარული ნოდარ ქორქია. ასევე, პაატა გურასპაული და ბევრი სხვა გამოჩენილი ქართველი მოთამაშე. „ვითა“; პირველივე სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

4.    როგორ განვითარდა „ვითა“?

თ.დ: მეორე სეზონშივე ჩამოვიყვანეთ შვედეთიდან კახა შენგელია. საბერძნეთიდან წამოვიყვანეთ მამუკა ტურაშვილი და კახა ბარამიძე. ძალიან დაძაბული ჩემპიონატი იყო. თამაშები მიდის სრული ანშლაგით, სპორტის სასახლეში. ძალიან ძლიერი გუნდი იყო თბილისის „თბილისი“, სადაც იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი, ცნობილი სნაიპერი გია სანაძე, რომელმაც ამის შემდეგ „ვითაში“ 2 სასწაული სეზონი ჩაატარა. იმ პერიოდში გია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. იქვე იყო 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი ლევან ქარაბაკი. ძალიან კარგი, ახალგარზდული გუნდი იყო „კაქტუსი“ - ვატო ნაცვლიშვილი, აჩიკო ჟღენტი, დავით ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ვასილ ოთიურიძე, ირაკლი ხოშტარია. ეს ბიჭები საქართველოს ნაკრების წევრები გახდნენ. „კაქტუსი“ გავიდა მესამე ადგილზე და ფინალში ჩვენ და „თბილისი“ ვიყავით. ფინალური სერია „ვითამ“ 2:1 მოიგო. ეს სერია დღემდე საუკეთესო ფინალად ითვლება. საუკეთესოდ, დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში. მესამე, გადამწყვეტი თამაში პირდაპირ ეთერში გადმოსცა ტელეკომპანია „ევროსპორტმა“. „ვითამ“ 77:74 მოიგო. იმ, მესამე თამაშში ძალიან მაგარი  იყო ნიკო ჩერქეზიშვილი, დაგლიჯა გოდერძი კორძაძემ. დარბაზში მოვიდა 14 000 კაცი და კიდევ 20 000 გარეთ დარჩა, ვერ შემოვიდა. ალბათ, ეს ყველაზე დიდი, განსაკუთრებული თამაში იყო. სხვათა შორის, იმ ვითელებიდან, ვინც დღეს ცოცხალია, 90 პროცენტი კალათბურთში დარჩა.

5.    დაასახელეთ „ვითას“ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეები.

თ.დ: „ვითას“ ისტორიაში ყველა მოთამაშე გამორჩეული იყო. კონკრეტულად ვინმეზე საუბარი არ მინდა. უბრალოდ, გავიხსენებ, რომ ჩვენთან იყვნენ თავის დროზე 14 წლის ასაკში ზაზა ფაჩულია და 15 წლის ასაკში, ვლადიმერ ბოისა. ჩემპიონთა ლიგისთვის, „ჟალგირისთან“ თამაშებისთვის დავიმატეთ ლეგედანრული გელა დარსაძე.

6.    VTB ლიგაზე რამდენად მომზადებულები გადიხართ?

თ.დ: ჩვენ გვაქვს განკარგულებაში ის დრო, რომ ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის ღირსეულად მოვემზადოთ.

7.    რა მიზნები აქვს „ვითას“ ამ ტურნირზე?

თ.დ: ჩვენ ვართ დებიუტანტები და პირველ რიგში, გვინდა ფლეი ოფში გასვლა. 8 საუკეთესო გუნდში უნდა გავიდეთ. ამ ლიგაზე ჩვენზე ბევრად გამოცდილი გუნდები არიან და მათთან თამაში მომავალში ბევრ დადებითს მოგვცემს. დანარჩენზე, სეზონის ბოლოს დავილაპარაკოთ.

8.    აქტიურად უყურებთ თუ არა კალათბურთს?

თ.დ: კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა. ევროლიგას თითქმის არ ვტოვებ. აქტიურად ვესწრები ბავშვთა კალათბურთს. ვიცოდი, რომ ერთ დღეს „ვითას“ დავაბრუნებდი და შეძლებისდაგვარად, ყველა ახალგაზრდას ვაკვირდებოდი.

9.    NBA?

თ.დ: მხოლოდ ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია როდესაც თამაშობენ.

10. თქვენი საყვარელი კალათბურთელები.

თ.დ: მიხეილ ქორქია, ალექსანდრ ბელოვი, დრაჟენ დალიპაგიჩი, ალექსანდრ მილეშკინი, მიკი ბერკოვიჩი, ვალდის ვალტერსი და სერგეიუს იოვაიშა. დღევანდელებიდან - ემანუელ ჯინობილი.

11. ვინ არის „ვითას“ მთავარი მწვრთნელი?

თ.დ:  პაველ გოოგე, რომელსაც აქვს ნამუშევარი საქართველოში და „ვითას“ ხელმძღვანელები მას ენდობიან. ჩვენ მისი დიდი იმედი გვაქვს. მინდა პატივისცემით გავიხსენო „ვითას“ ძველი მწვრთნელები, ბესო ლიპარტელიანი, ვაჟა მხეიძე და ზურაბ ტომარაძე. ბესო „ვითას“ შემდეგ 12 წელიწადი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ძალიან დიდი როლი შეიტანა ნაკრების წარმატებაში. ზურა ტომარაძე დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში უნიჭიერესი მწვრთნელი იყო, რომელმაც ბოლომდე ვერ გამოიყენა თავისი პოტენციალი. ძალიან მიყვარდა ვაჟა მხეიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამ ხალხს ყოველთვის დიდი სიამოვნებით და პატივისცემით გავიხსენებ.

12. ვინ არის თქვენი საყვარელი მწვრთნელი?

თ.დ: ვლადიმირ კონდრაშინი, ზურაბ ხრომაევი და დევიდ ბლატი.

13. გაიხსენეთ ყველაზე გამორჩეული თამაში „ვითას“ ისტორიაში.

თ.დ: ევროთასზე ვხვდებით უნგრულ „კიორკმენდს“ და ძირითადის დასრულებამდე 92 წამით ადრე ვაგებთ 12 ქულას. შემდეგ გია სანაძემ ორიდან ორი სამიანი ჩააგდო, დავით უსტიაშვილმა რამდენიმე ჩაჭრა გააკეთა და საბოლოოდ, ეს სასწაული თამაში ლევან ქარაბაკის ორქულიანით მოვიგეთ. 1 ქულით. თბილისი ერთი კვირა აღნიშნავდა ამ მოგებას. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში