როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
17 აგვისტო, 2015
3111
print

თიკა გურული

შესავალის ნაცვლად ერთ ძველ და ყველასათვის ნაცნობ გამონათქვამს გაგახსენებთ, ბრძენის, ჭკვიანისა და ბრიყვის კლასიფიკაციას რომ ახდენს: ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი - საკუთარზე, ბრიყვი კი....

მოკლედ, სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი მიმდინარე წლის ივლისში ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ნიუ-იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე - "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" მიიწვია, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მიწვევას დათანხმდა.

საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ღონისძიებების გახსნისა და მათზე ქვეყნის პირველი პირის სტატუსით დასწრების გამო კინკლაობა ახლახანს გამოვიარეთ.

ესეც პირველად ხომ არ ხდება. მსგავს ინფანტილურ კინკლაობაზე რამდენჯერმე უკვე ვიტირეთ (ან ვიცინეთ). მიუხედავად ამისა ,ამ ჩვენმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ვერადავერ მოახერხეს, რომ „პაეზდკები“ ისე გაინაწილონ, რომ უკვე მერამდენედ, შინ თუ გარეთ, აბუჩად ასაგდებად არ გაიხადონ თავი. ახლაც გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებლად, ისინი, როგორც ჩანს, დელეგაციის ხელმძღვანელობას ვერ იყოფენ და გამოსავლად ნიუ-იორკში ორი დელეგაციის გამგზავრება მიიჩნიეს.

ცალკე ამბავია, რომ უკვე არსებულ უამრავ პრობლემასთან ერთად, დღეს ითქვა, შეიძლება პური გაძვირდესო, ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში კი ოკეანის იქით გასამგზავრებლად ორ დელეგაციას აკომპლექტებენ და ბიუჯეტიდან აფინანსებენ.

სწორედ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს უსვამს ხაზს ოპოზიცია:

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი ხელისუფლებას მოუწოდებს მეტი დრო დაუთომონ ქვეყნის დეოკუპაციის საკითხს და ნაკლებად დაკავდნენ ისეთი საკითხებით, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის დელეგაციას გაეროს ასამბლეაზე.

„პრემიერი და პრეზიდენტი, იმის ნაცვლად, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ იმ პრობლემებზე, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე, ამის მაგივრად არიან დაკავებულები სხვა რამეებით. ეს ვნებს პირველ რიგში საქმეს, მეორე პრობლემა არის ჩვენი საერთაშორისო იმიჯი“, - განაცხადა რატიანმა.

რა გამოხმაურება მოჰყვება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციოზსა თუ კულუარებში ორი დელეგაციის ჩასვლას ერთი პატარა ქვეყნიდან, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ქართველ ექსპერტებს თუ ვენდობით, გაერო მსგავს პრეცენდენტს არ იცნობს. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობის საკმაოდ მწირი გამოცდილება აქვთ, სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ გაეროს 70-ე ასამბლეაზე ორი დელეგაციის წასვლა მისაღებია, თუმცა, ცხადია, მათ ერთის გამგზავრება ურჩევნიათ და ისიც, ცხადია, პრემიერ-მინისტრის თაოსნობით."თუკი საქართველოდან იქნება წარმოდგენილი როგორც პრემიერი, ასევე პრეზიდენტი, ეს იქნებაა ყველასთვის მისაღები. მაგრამ, თუკი ერთ-ერთი უნდა იქნას წარდგენილი, ესეც შეთანხმების საგანია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ პრემიერი უნდა ესწრებოდეს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

სხვათა შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ცდილობენ, ვერ დაინახონ ვერანაირი პრობლემა ორი დელეგაციის გამგზავრებაში.

„როგორც ჩანს, იქნება ორივე დელეგაცია, ამიტომ, ჩვენ ორივე დელეგაციის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას და ეს მუშაობა დაწყებულია. ისევე როგორც ჩვენ ცენტრალურ აპარატში შესაბამისი დეპარტამენტები, ასევე ჩვენი მისია იქ ამაზე იმუშავებს. რაღაც ნაბიჯები უკვე გადადგმულია. პროტოკოლურად არამგონია ეს იყოს დიდი დარღვევა. გავაკეთებთ ისე, რომ არ იყოს არანაირი დარღვევა," - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე.

პრობლემას სულ სხვაგვარად უყურებს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი ვანო მაჭავარიანი. ის ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსებმა ინსტიტუციებს პატივი უნდა სცენ და ნიუ-იორკში დაგეგმილ ასამბლეაზე საქართველო გიორგი მარგველაშვილმა უნდა წარმოადგინოს.

ექსპერტები განმარტავენ, რომ კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა წავიდეს მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე.

პოლიტიკოსების ნაწილი გაეროში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრებას ქვეყნის იმიჯის შელახვად აფასებს.

"ეს არის სამარცხვინო და უკანონო საქციელი საქართველოს მთავრობიდან,“ - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიის დამფუძნებელმა ნიკა რურუამ.

კონსტიტუციონალისტები კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართონ და სასამართლომ უნდა გამიჯნოს მათი უფლებამოსილებები.

"როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი ვერ აღწევენ კონსესუს, საჭიროა მათ მიმართონ სასამართლოს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ გასცეს ამ კითხვაზე პასუხი. 2 დელეგაცია ერთ ფორუმზე არ იქნება მიზანშეწონილი. ეს აჩვენებს, რომ ქვეყანას საკუთარი კონსტიტუციური ინსტიტუციების გამოყენებით არ შეუძლია, მიაღწიოს შეთანხმებას," - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

tika guruli
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი
21 ივლისი, 2015 გიგი უგულავას ბლოგი