სახელმწიფოთა ხელმძღვანელები და მათი ფიჭური ურთიერთობები
23 სექტემბერი, 2015
1516
print

გიგა გურასაშვილი

ვის, სად, რაზე და როდის ესაუბრნენ ან რა შეატყობინეს, მოყვარული თუ გაწაფული ჰაკერებისთვის, უფრო კი საგანგებო სამსახურებისთვის ორმაგად ფასობს. სწორედ ამიტომ, ალბათ, არავის არ სჭირდება საკუთარი სმარტფონის ისე დაცვა, როგორც სახელმწიფოს მეთაურს - პრეზიდენტს თუ პრემიერმინისტრს. საკითხისადმი ინტერესი მას შემდეგ გამძაფრდა, როდესაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო სხვა ქვეყნის ხელისუფალთა გლობალურ, ასე ვთქვათ, მიყურადებაში ამხილეს, რამაც თავის მხრივ იმავე სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს საკუთარი კავშირგაბმულობის სისტემებისადმი დამოკიდებულების გადახედვისკენ უბიძგა.

”გატეხვისგან” დამცავი სისტემით უზრუნველყოფილი სმარტფონების კანადური მწარმოებელი ”ბლექბერი” (BlackBerry) მოწინავე სახელმწიფოთა მეთაურებს შორის სამართლიანად სარგებლობს პოპულარობით თუ ნდობით.

2013 წელს, როდესაც გაცხადდა, რომ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სმარტფონი ”გატეხეს", მისმა ადმინისტრაციამ ”აიფონების” ”ბლექბერ Z10” მოდელებით ჩანაცვლებას მიჰყო ხელი და უმალ ხუთი ათასი ასეთი სმარტფონი შეისყიდა, რომლებსაც 256-ბიტიანი შიფრი და შეტყობინებათა უსაფრთხოების მარშრუტიზაციის ფუნქცია აქვს. ასევე აღჭურვილია მოსმენისგან დამცავი დამატებითი მიკრო-SD ბარათით.

ეგაა, უშუალოდ მერკელმა არჩევანი არა ”ბლექბერ Z10”, არამედ QWERTY-ს კლავიატურის მქონე ”ბლექბერ Q10”-ზე გააკეთა. განსხვავებული არჩევანის მიუხედავად, რა თქმა უნდა, გერმანიის კანცლერის სმარტფონიც საკადრისადაა დაცული და მონაცემებს სპეციალური ვირტუალური შიდა, გნებავთ კერძო ქსელით (VPN) გადასცემს.

გერმანიის ხელისუფლების ბლექბერიზაციაზე უკვე ვთქვით. ახლა იმაზე ვთქვათ, ვინც კანადური სმარტფონის ერთგული მომხმარებელია. რა თქმა უნდა, საუბარია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე, რომელიც საგანგებოდ მისთვის დაკვეთით დამზადებული სმარტფონით სარგებლობს.

საინტერესოა ისიც, რომ ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც საგანგებო სამსახურებმა სმარტფონით სარგებლობის ნება დართეს. ცნობილია ისიც, რომ ამერიკის პრეზიდენტი ”ბლექბერის” ორ აპარატს - Curve 8900 და Q10 იყენებს. იმავე უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ამერიკის პირველ პირს საკუთარი ტელეფონიდან მხოლოდ ათ მითითებულ კონტქატთან დარეკვის საშუალება აქვს. გარდა ამისა, მკაცრად ეკრძალება ”აიფონით” (iPhone) სარგებლობა. მიუხედავად ამისა, ის ”ეფლის” (Apple) ნაწარმის” მოყვარულია და აქვს iPad და MacBook.

”ბლექბერის” მომხმარებელთა შორისაა დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორეც. ბრიტანელმა მონარქმა ”ბლექბერის” სმარტფონი 2010 წელს კანადაში, მის მწარმოებელ ქარხანაში სტუმრობისას მიიღო. გავრცელებულ ხმების თანახმად, მოგვიანებით ელისაბედ მეორემ ”ბლექბერი” ”აიფონზე” გადაცვალა.

და კიდევ, ”ბლექბერს” ანიჭებს უპირატესობას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონიც.

პაკისტანის პრემიერმინისტრი ნავაზ შარიფი რამდენიმეჯერ მობილურ მოწყობილობათა მოწინავე მწარმოებლების ”სამსუნგისა” და ”ეფლის” სმარტფონებით შეუნიშნავთ, მაგრამ ისიც ირკვევა, რომ არცერთი მათგანი პრემიერმინისტრს არ ეკუთვნის და რომ ისიც ”ბლექბერის” მომხმარებელია.

ედვარდ სნოუდენის ცნობილი სკანდალური აღიარებების შემდეგ, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის პრეზიდენეტების - ნიკოლა სარკოზის და ფრანსუა ოლანდის საუბრებს უსმენდნენ, საფრანგეთის ხელისუფლებამ სამხედრო სამრეწველო კომპანია Thales-გან 14 ათასი ზედაცული სამხედრო კრიპტოგრაფიული მობილური ტელეფონები Teorem შეისყიდა, რომელთა მონაცემების დამატებით დაცვას უზრუნველყოფს დაცულ სამთავრობო ქსელში ფიქსირებულ აპარატთა მუშაობა. ასეთი ტელეფონები გამოიყენება მნიშვნელოვანი სამთავრობი ზარებისთვის. აი, ყოველდღიური ცხოვრებისთვის კი ოლანდი iPhone 5s იყენებს.

”აიფონს” და საერთოდ ”ეფლის პროდუქციის თაყვანისმცემელთა შორისაა იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენციც, მაგრამ ამერიკული ბრენდის რიგით თაყვანისმცემლად მისი მოხსენიებაც არ იქნება სწორი.

იტალიის პრემიერმინისტრი არამარტო ”აიფონის” მოყვარული, არამედ კომპანია ”ეფლის” იმპერიის აწგარდაცვლილი დამაარსებლის სტივ ჯობსის ფანატიცაა.

”ეფლით” აღფრთოვანებულს მის შემოქმედზე თუ სულისჩამდგმელზე ერთხელაც უთქვამს: ”სტივ ჯობსი თანამედროვეობის ლეონარდო და ვინჩია”-ო.

სხვათა შორის, წინასაარჩევნო კამპანიისას მატეო რენციმ საკუთარი სმარტფონი დამცავი ხუფით შემოსა, რომელზეც ყველასთვის ცნობილი სლოგანი Keep Calm and Rottamа დაეტანა.

ცოტა არ იყოს, ამ მხრივ გაურკვევლობაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, როგორც თავად აღნიშნავს, ის არ სარგებლობს სმარტფონით, მაგრამ იქვე გარკვეულ პიარს უწევს რუსული წარმოების სმარტფონებს. 

ასევე უცნობია, რომელი სმარტფონით სარგებლობს ჩინეთის ლიდერი სი ცინპინიც, თუმცაღა მისი მეუღლის ხელში iPhone 5 შეუნიშავთ.

იმ სმარტფონებს შორის, რომელსაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი უპირატესობას ანიჭებენ, Nokia/Microsoft-ის პროდუქციასაც აღმოვაჩენთ. ასე მაგალითად, 2014 წლის 27 აპრილს  პაპების - იოანე პავლე II და იოანე XXIII-ის კანონიზაციაზე (ეკლესიის მიერ წმიდანად გამოცხადება) რომის პაპმა ფრანცისკემ ცერემონია Lumia 920-ის დახმარებით აღბეჭდა. სხვა მრავალთა შორის, ერთ-ერთი ასეთი მოდელი აქვს ტაილანდის ამასთან, ქვეყნის ისტორიაში პირველ ქალ პრემიერმინისტრ ინგლაკ ჩინავატს.

დღეს, როდესაც მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებს ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუჩაღებიათ ერთმანეთში, ხოლო მომხმარებელი ახალი მოდელების გამოჩენას მოუთმენლად ელიან, ჩრდილოეთ კორეაში ერთადერთი სმარტფონი, რომელიც ლეგალურად შეგიძლიათ მიიღოთ, ეს სახელმწიფოს მიერ დაშვებული Arirang და Pyongyang Touch გახლავთ, რომლებიც იმითაა განსაკუთრებული, რომ მხოლოდ შიდა ქსელთან აქვთ წვდომა.

ერთი სიტყვით, ჩრდილოეთ კორეა, ქვეყანა, სადაც სმარტფონზე ოცნებაც კი იკრძალებოდა, 2013 წლიდან თავადაც შეუდგა მსგავსი ტექნოლოგიის ათვისებას და გამოშვებას. თუმცაღა დიდი ეჭვია, რომ ჩრდილოეთკორეელებმა სმარტფონები ჩინეთს დაუკვეთეს და მოგვიანებით, როგორც საკუთარი ნაწარმი შინ შეფუთეს.

და მაინც, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, როგორც არავინ, ალბათ, ისე ზრუნავს სატელეფონო საუბრების დაცულობაზე. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობთ კიმ ჩენ ინი საერთოდ არ უნდა სარგებლობდეს სმარტფონით.

სააგენტოების მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ხშირად ჩანს ოდინდელი დისკიანი ან საუკეთესო შემთხვევაში ღილაკიანი ტელეფონით და არასდროს მობილურით თუ სმარტფონით. ერთადერთხელ იყო, როდესაც ქსელში ორი წლის წინანდელი ფოტო გაიპარა, სადაც მაგიდასთან ფურცლებში თავჩარგული კიმ ჩენ ინის გვერდზე HTC-ის შავი სმარტფონი აღმოჩნდა. ალბათ ამასთან დაკავშირებით იყო, რომ მოგვიანებით ჩრდილოეთკორეულმა მედიამ ერთგვარი განმარტებითი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელი მართლაც იყენებს მობილურს ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის და ოჯახის წევრებთან კავშირისთვის. ეგაა, მოწყობილობის მწარმოებელი არავის დაუსახელებიათ.

და ბოლოს, პრეზიდენტთა თუ პრემიერმინისტრთა ხელში მალე შესაძლოა,  iPhone 6 და iPhone 6 Plus-ის შემდგომი - iPhone 6S და iPhone 6S Plus მოდელებიც აღმოვაჩინოთ, რომლებიც კომპანია ”ეფლმა” რამდენიმე დღის წინათ სან ფრანცისკოში წარმოადგინა.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს