ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე
26 სექტემბერი, 2015
3229
print

კესო ფაჩუაშვილი

25 სექტემბერს აბანოთუბანში გაიხსნა 2015 წლის  „თბილისის ფოტო ფესტივალი“.  საგამოფენო სივრცედ, ტრადიციულად ძველი თბილისია შერჩეული.  წლევანდელი ფესტივალის თემა ომის შემდგომი ამბებია, სადაც წარმოდგენილია ამავე სახელწოდების პროექტი, რომელიც სამი ფოტოგრაფის ნამუშევრებს აერთიანებს. „ომის შემდგომი ამბები“ შედგება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში გადაღებული ფოტოებისგან, რომელიც დოკუმენტურად ასახავს ომის შემდეგ სიტუაციას იმ ადგილებში,  სადაც ხალხი იბრძოდა.

ფოტოფესტივალის ორგანიზატორი, ნესტან ნიჟარაძე:  2015 წელს აღინიშნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავი, რაც თავისთავად არის მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან ვიცით იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც  1945 წლის შემდეგ მოხდა. მართალი გითხრათ ბევრი არ გვიფიქრია, რადგან ძალიან საინტერესო პროექტი გამოჩნდა ფოტოგრაფიის „სცენაზე“ - ეს არის სამი ახალგაზრდა ლიტველი, პოლონელი და გერმანელი ფოტოგრაფის პროექტი სახელწოდებით „ომის შემდგომი ამბები“, რომელიც ძალიან საინტერესოდ ასახავს ომის შემდგომ პერიოდს, კერძოდ კი საბჭოეთის შედეგებს აღმოსავლეთ პრუსიაში, პოლონელების და ლიტველების დევნას საბჭოთა კავშირის პირობებში. ეს ის თემებია, რომლებზეც ხშირად თანამედროვე საზოგადოება არ საუბრობს ხოლმე, ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და აქტუალური იყო ეს ყველაფერი. „თბილისის ფოტო ფესტივალს“ უყვარს დააფიქროს მაყურებელი იმ სამყაროზე, რომელშიც არსებობენ, ასევე დააფიქროს უახლოეს წარსულზე. ამან მოგვცა შანსი, რომ ძალიან კარგი ფოტოგრაფიულ ნამუშევრების მეშვეობით, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვან თემებზე და წარსულის დოკუმენტურ ფაქტებზე გაგვემახვილებინა  მაყურებლის ყურადღება.

პოლონელი მიჰალ ივანოვსკი ერთ-ერთია იმ სამი ფოტოგრაფიდან, ვისი ნამუშევრებიც წარმოდგენილია ფესტივალზე. მან თავიდან გაიარა ის გზა, რომელიც მძევლად აყვანილმა ბაბუამისმა ომის დასრულების შემდეგ სახლში უკან დასაბრუნებლად გამოიარა და ასახა ბრძოლის შემდგომი ტერიტორია 70 წლის შემდეგ.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის ომის შემდგომი პერიოდის ასახვა მნიშვნელოვანი თანამედროვე მაყურებლისთვის?

მიჰაილ ივანოვსკი: ჩემი აზრით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კონფლიქტი გარკვეულ მომენტში გარდაუვალია და ეს ამ რეგიონის უახლოეს წარსულშიც აისახა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ამსახველი კადრებით ჩვენ ვაჩვენებთ მაყურებელს,  რომ შედარებით მშვიდობიან პერიოდშიც უნდა ახსოვდეთ დანაკარგი და ომის დასრულების აღნიშვნასთან ერთად, გაუფრთხილდნენ იმ ადგილებს და ადამიანებს,  ვინც ეს რთული პერიოდი გამოიარა.

- რომელი ქვეყნები გაქვთ ასახული ომის შემდგომ პერიოდში?

 

– იწყება რუსეთით, შემდეგ ბელარუსი, ლიტვა და პოლონეთი. ეს არის ზუსტად ის გზა, რომელიც ჩემმა ბაბუამ გამოიარა ომის დროს პოლონეთში დასაბრუნებლად

- ამ გზის გამოვლის პერიოდში, რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე მძლავრი და დამთრგუნველი შთაბეჭდილება?

- მარტოობის შეგრძნება და 24/7 სიარული გზებზე, სადაც რთულია მიხვდე, რომელი საათია, რა დღეა და თუნდაც რომელი წელია. როდესაც დავფიქრდი იმ ფაქტზე, რომ რეალურად საფლავებზე დავდიოდი და წარმოვიდგინე, ხალხი როგორ იტანჯებოდა ზუსტად ამ მიწებზე, ეს ჩემი გაურკვევლობა არაფრად ღირდა.

- რის მიხედვით აარჩიეთ ფოტოების ეს კოლექცია თბილისის ფოტო ფესტივალზე გამოსაფენად?

- გამოფენის კურატორია ლიტვის ფოტოგრაფების ასოციაციის წევრი ევა მეილუტე-სვინკუნიენე, რომელმაც აარჩია ჩვენი ეს გაერთიანებული პროექტი „ომის შემდგომი ისტორიები“, ალბათ იმიტომ, რომ წელს მნიშვნელოვანი თარიღია - მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავი.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
26 ივნისი, 2015 ArtVilnius-ზე ”კონტეინერი” ჩადგეს
24 ივნისი, 2015 მეორე მსოფლიო ომი ეროვნულ მუზეუმში
27 მაისი, 2015 ქართული ფოტოგრაფიის დღე
24 აპრილი, 2015 განდევნილი ჰიუგოს ფოტომატიანე
24 მარტი, 2015 ჰიტლერის აკვარელს აშშ-ის აუქციონზე გამოფენენ
26 იანვარი, 2015 მხატვრის წიგნი - პირველი გამოცემა
13 იანვარი, 2015 ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ პრეზენტაციისთვის მზადაა
08 დეკემბერი, 2014 მზადება ვენეციის ბიენალესთვის
04 ნოემბერი, 2014 „არტისტერიუმი“ მეშვიდედ ბრუნდება
09 სექტემბერი, 2014 მხატვრები აფხაზეთიდან ლეიდენის გალერეაში