კახური ბუნტის ანატომია
29 სექტემბერი, 2015
1445
print

რომან გოცირიძე

კახეთში „ყურძნის ბუნტად“ მონათლული გამოსვლები მალევე ჩაცხრა და უკმაყოფილო გლეხები კვლავ რთველში ჩაებნენ. გამოსვლების როგორც დაწყება, ასევე სწრაფად შეწყვეტა ყურძნის სპეციფიური თვისებით უნდა ავხსნათ: იგი მალფუჭებადია და დროზე თუ არ დააბინავე, ჩაილურის წყალი წაიღებს. გლეხს კიდევ ჭკუას ვერ წაართმევ. ბოღმა კი გულში აქვს ჩადებული. როდის ამოუშვებს არავინ იცის. ან, უფრო ზუსტად, მხოლოდ მან იცის.

უკვე აშკარად იჩინა თავი იმ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც ახალი ხელისუფლება ატარებდა მოსვლის დღიდან. ყველაფრის დაფინანანსება ბიუჯეტიდან იმის მიუხედავად, არის თუ არა ეს პრიორიტეტული, გაქვს თუ არა ამის რესურსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, სუბსიდირების ზრდა პოპულისტური საარჩევნო დაპირებების ნაწილობრივ მაინც შესრულების მიზნით, რაც საბოლოო ჯამში მომავალ არჩევნებზე ფიქრს ნიშნავს და არა ჯანსაღი ეკონომიკის ფორმირებაზე ზრუნვას. ამიტომ სუბსიდირდებოდა უამრავი რამ: აგროდაზღვევა, ყურძნის ჩაბარება, ციტრუსების დამზადება, არაკონდიცირებული ხარისხის ვაშლის გადამუშავება, ხვნა-თესვა. მერე ამას დაემატა თბილისში გაზი, მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია. მალე წყალიც გაძვირდება ლარის დევალვაციის გამო. აქაც სუბსიდირებას მიმართავს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს საარჩევნო წელიწადს მოხდება. მალე ჯანდაცვის პროგრამაში გადახარჯვის მომსწრენი გავხდებით და ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოძიების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში. და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ!

მთავრობა საკუთარი ეკონომიკური მოდელის მძევალი გახდა.

მევენახეებზე უარის თქმა მას პრინციპულის იმიჯს უხვეჭს, თუმცა ეს მოჩვენებითია. სუბსიდიის გაზრდაზე უარის თქმა ბიუჯეტის შეზღუდულობითაა გამოწვეული. ვიცით, რომ ბიუჯეტი დეფიციტურია, ანუ შემოსავლებზე ხარჯების მეტობა იფარება საგარეო და შიდა ვალით. საშინაო ვალის აღება დღითი-დღე უძვირდება მთავრობას. იმაში, რასაც შარშაან წლიურ 5-10 პროცენტს იხდიდა, ახლა 10 -15 და მეტი პროცენტი უჯდება. მხოლოდ პროცენტის სახით მიმდინარე წელს 120 მილიონ ლარამდე მოუწევს გადახდა და ისიც მხოლოდ საშინაო ვალზე.

არასწორი აგრარული პოლიტიკის შედეგია ის, როცა მილიარდები იხარჯება ბიუჯეტიდან შესაბამისი უკუგების გარეშე, როცა მთავრობა სუბსიდირებას ახდენდა ხვნა-თესვით დაწყებული, ღვინის ქარხნების პირდაპირი დაფინანსებით დამთავრებული და ქმნიდა პროდუქციას საწყობისთვის. ხელისუფლება დამნაშავეა რუსული ბაზრის იდეალიზებისა და ელემენტარული პროგნოზირების უნარის არქონის გამო.

 

ხვალ დენის სუბსიდირებით იქნება უკმაყოფილო ხალხი, ზეგ გაზის, მერე ციტრუსების და ვაშლის, წყლის ფასიც აუცილებლად მოიმატებს, რადგან ვერ მიხედეს ლარის კურსს და ეროვნულ ბანკთან ბრძოლას და ფინანსური ძალაუფლების განმტკიცებას მოახმარეს მთელი ენერგია.

გლეხს არ მიაჩნია ყურძნის ფასი სამართლიანად. თუ არავინ იყიდის, მისი ფასი ნული თეთრი ღირს. ჭარბწარმოების კრიზისი არ გახსოვთ სკოლის ისტორიის წიგნიდან? როგორ ყრიდნენ ზღვაში ზედმეტ ხორბალს ”საზიზღარი კაპიტალისტები“ და არ ურიგებდნენ მშიერ ხალხს. ასეა აქაც - ყურძენი რომ ხალხს აჩუქო, ფასი დაეცემა. ამიტომ, მთავრობა „ზედმეტ მოსავალს“ ყიდულობს და „ზღვაში ყრის“, თავის, და ამ მიზნით დაქირავებულ კერძო ქარხნებში იბარებს. ღვინოს ვერ აწარმოებს. ამაში ხარისხიც არ უწყობს ხელს. დასეტყვილ ყურძენს ხომ უნდა გადამუშავება. თანაც სინდისიც ქენჯნის - 14 მილიონი ლარი დაუჯდათ სეტყვის დამშენი არტილერია და მთლად ყოჩაღად ვერ გამოსდით ეს საქმე ჯერჯერობით.

თავისი არსით, ეს არის კორუფციის წყარო. ჯერ ერთი, ვერასდროს დაადგენ, სინამდვილეში რამდენი ყურძენი ჩაიბარეს, როგორი იყო გამოსავლიანობა. სპირტზე იტყვიან, აორთქლდაო. ტექნიკური ხარჯიაო და ასე შემდეგ. ასე იყო კომუნისტების დროს.

აბსურდული ვითარებაა! გლეხს მოჰყავს ყურძენი, რომელსაც ვერ ჰყიდის, ანუ არავის ჭირდება. ჰუმანური სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, რომ იყიდოს მისგან ეს საქონელი, თუმცა მასაც არაფერში სჭირდება. ყურძენი მალფუჭებადია, ამიტომ სახელმწიფო სასწრაფოდ გადააქცევს მას სპირტად სპეციალურად ამ მიზნით დაქირავებულ საწარმოებში და შექმნის სახელმწიფო სპირტს. სახელმწიფოს სპირტიც არაფერში სჭირდება - ის უარესი ხარისხისაა, ძალიან ძვირია და სახელმწიფოს არც ვაჭრობა ეხერხება. შენახვასაც ხარჯები აქვს, დანაკარგებიც. ოდესმე კი შეიძლება გაყიდოს ჩალის ფასად, რა თქმა უნდა, რადგან ბაზარზე მსგავსი პროდუქცია (განსაკუთრებით უცხოური), გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე სახელმწიფოს ნახელავი. მას არ ადარდებს დანახარჯები. სინამდვილეში, ეს ფული მისი ხომ არ არის. იგი ე.წ. გადასახადების გადამხდელებისაა.

ამ დროისათვის კახეთში ჩაბარებული ყურძნის მეოთხედი მთავრობას აქვს შესყიდული. ამისთვის დაქირავებული ჰყავს 22 კერძო კომპანია, აგრეთვე ამუშავებს ორ სახელმწიფო საწარმოს. თუ დაგვჭირდა, კიდევ დავიქირავებთ სხვა ქარხნებსო. არც ერთი გრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დაგვრჩებაო. დავწურავთ და დავსპირტავთო. ჩვენს მერე უნდა სპირტი უსვამთ და უნდა ძმარიო.

მაინც რატომ არ მოსწონთ გლეხებს ფასები? გადავხედოთ სტატისტიკას.

2012 წლამდე, სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით, 1 კგ. რქაწითელის საშუალო ფასი 0.45 ლარი, ხოლო 1 კგ საფერავის - 0.60 ლარი იყო. ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ, მან მნიშვნელოვნად იმატა.

”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეცდომა, რომელიც უკვალოდ არ ჩაივლის, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორედ ყურძნის პოლიტიკური ფასი იყო. როდესაც აცხადებდნენ, რომ 1 კგ. ყურძენი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ღირებულიყო, გლეხებმა ეს დაიჯერეს. ამიტომ, მათი საპროტესტო აქციები სულაც არ არის გასაკვირი და მოულოდნელი. ისინი ზუსტად იმას ითხოვენ, რასაც დაპირდნენ. ამიტომ კახელი გლეხები 1 კგ. რქაწითელის 60-65 თეთრად ჩაბარებას აპროტესტებენ და ისევ 1 ლარს ითხოვენ.

შეიძლება ვინმეს წინასაარჩევნო დაპირების მთელი სიზუსტით მოთხოვნა გლეხების ზედმეტ ახირებად მოეჩვენოს, მაგრამ ჯერ ერთი, ეს არ იყო მხოლოდ ჰაერში ნასროლი სიტყვა. ამ ფასს შეაჩვია შემდეგ მთავრობამ მევანახეები. ამ ფასით შეადგინეს მევანახეებმა თავიანთი „საოჯახო ბიზნეს-გეგმა“, ამით განსაზღვრეს შემოსავალ-ხარჯები. რომ არა ასეთი მოლოდინები, სხვა ფორმით შეეცდებოდნენ თავიანთი შრომის გამოყენებას, არ აიღებდნენ დამატებითი პროდუქციის საწარმოებლად სესხებს და შეიძლება ყურძნის ადგილზე გადამუშავებაზეც ეფიქრათ ზოგიერთებს მაინც.

წლების მიხედვით, 1 კილოგრამი ყურძნის საშუალო ფასი ოფიციალური სტატისტიკით, სუბსიდიის ჩათვლით, ასეთი იყო: 2008 წელს, საფერავი - 0.65 ლარი, რქაწითელი - 0.45 ლარი, 2009 წელს, საფერავი - 0.65 ლარი, რქაწითელი - 0.50 ლარი, 2010 წელს, საფერავი - 0.65 ლარი, რქაწითელი - 0.60 ლარი, 2011 წელს, საფერავი - 0.65 ლარი, რქაწითელი - 0.75 ლარი, 2012 წელს, საფერავი -1 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი, 2013 წელს, საფერავი - 1.80 ლარი, რქაწითელი -1 ლარი, 2014 წელს, საფერავი - 2.50 ლარი, რქაწითელი - 1.05 ლარი.

აშკარაა, რომ 2013 წლიდან საფერავისა და რქაწითელის გაზრდილი ფასი ბაზრის დამახინჯების შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზრის გახსნაც იყო ფასების ზრდის წამახალისებელი, მისი ეს ოდენობა ძირითადად, სახელმწიფოს ჩარევით იყო მიღწეული, როგორც სუბსიდირების, ასევე სახელმწიფოს მიერ ე.წ. ჭარბი მოსავლის შესყიდვის გამო. სწორედ ამ წინასაარჩევნო დაპირებებმა ჩაუსახა მოლოდინები კახელ გლეხებსაც და მეღვინეებსაც.

ყურძნის სუბსიდირებით, ხელისუფლება მოსახლეობის პირდაპირ მოსყიდვას ცდილობს. მთავრობას კახელი გლეხის ბედი კი არ აღელვებს, არამედ არჩევნებში მისი ხმა ჭირდება. გლეხები პოლიტიკოსების მიერ ხმოსნებად განიხილებიან.

თავისთავად, სუბსიდირება საკმაოდ მახინჯი ფორმაა და იგი მხოლოდ გარდამავალ ფორმად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. სინამდვილეში კი იგი სასოფლო პოლიტიკის მთავარ პრინციპად იქცა.

მევენახეობის დარგის სუბსიდირება ეკონომიკას ცუდ სიგნალებს აძლევს ისევე, როგორც მთავრობის ორიენტაცია რუსეთის ბაზრებზე. ესენი არასწორ მოლოდინს აჩენს, როგორც დანახარჯსა და მოგებაზე, ასევე - კონკურენტუნარიანობაზეც. რაც არანაკლებ საგანგაშოა, სუბსიდირება გლეხებისა და ქარხნებისთვის მხოლოდ ფულის ჩუქება კი არ არის, მას ირიბი სუბსიდირებაც ემატება, როდესაც მთავრობა ყიდულობს ყურძენს, რომელიც არავის ჭირდება და არასოდეს გაიყიდება, რადგან შესაბამისი ბაზარი არ არის.

როგორია დღეს ერთი კილოგრამი ყურძნის რეალური ფასი? ამის თქმა ძნელია. ჩვენ მხოლოდ იმ პარამეტრებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომელიც დათვლას ექვემდებარება. თუმცა, ასეთი მსჯელობით გამოყვანილი ფასი მხოლოდ ორიენტირად შეიძლება ჩავთვალოთ და იგი სულ სხვა შეიძლება აღმოჩენილიყო რეალურ საბაზრო ვითარებაში.

თუ ამჟამად დაწესებულ ყურძნის შესასყიდ ფასს მთავრობის მიერ დადგენილ წანამატს (სუბსიდია) გამოვაკლებთ და მთავრობა ყურძნის შესყიდვასაც არ განახორციელებს, 1 კგ. თეთრი ყურძნის რეალური ფასი, დაახლოებით, 15-20 თეთრი იქნება. ამ ციფრის მისაღებად, 1 კგ. ყურძნის საშუალო ფასს - 60 თეთრს 35-თეთრიანი სუბსიდირება და სახელმწიფოს მიერ ყურძნის შესყიდვის ეფექტი უნდა გამოვაკლოთ. რაც შეეხება შავ ყურძენს, იგივე პრინციპით გამოთვლისას, 1 კგ.-ზე 60-65 თეთრს მივიღებთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მევენახეობის დარგი მთლიანად გაკოტრებულია. ეს არასწორი აგრარული პოლიტიკის შედეგია.

ოფიციალური სტატისტიკით, 2014 წელს, მხოლოდ კახეთის რეგიონში, 117 369 ტონა ყურძენი დაიკრიფა, რაც 161 091 940 ლიტრი ღვინოა. მევენახეების შემოსავლებმა კი, რეკორდულ მაჩვენებელს, 155 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2014 წელს, მთლიანობაში 72 725 ტონა რქაწითელი მოიკრიფა, რაც 73 746 675 ლარის ღირებულების იყო; საფერავი - 40 005 ტონა, რომელიც 78 280 367 ლარის ღირებულების იყო; კახური მწვანე - 2 199 ტონა, ჯამში 2 723 674 ლარის; ყურძნის სხვა ჯიშები - 2 462 ტონა, რაც 6 341 224 ლარის ღირებულების იყო.

ეს სტატისტიკა წარმატების ილუზიას ქმნის. ამ მოსავლის საკმაო ნაწილი ისეთ საქონლად გადაიქცა (სპირტი), რომელიც რესურსების იძულებითი უაზროდ ხარჯვაა და მეტი არაფერი. კერძო სექტორში შექმნილი პროდუქციის დიდი ნაწილიც ღვინის ქარხნების საცავებშია გამოტენილი და ესეცაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ წელს ქარხნები ყურძნის ჩაბარებისგან თავს იკავებენ.

მომავალი წელი საარჩევნოა. დაპირებით, ყველაზე კარგი ახალი ოთხწლედიდან, სინამდვილეში კი იქნება ყველაზე მძიმე. სუბსიდირება და სახელმწიფო შესყიდვა მომავალ შემოდგომაზე კვლავ გახდება მთავარი თემა და გლეხებისა და მთავრობის ახალი დუელის მხილველები გავხდებით. გამოცდილება ორივე მხარეს დაუგროვდა. ვნახოთ, ვისი აჯობებს. საბოლოოდ, მაინც საერთო-სახალხო სიმდიდრის პოლიტიკურად განაწილებასთან გვექნება სქმე. მთავრობაც გაანაწილებს. რა ენაღვლება. თანაც საარჩევნო პერიოდში. თუმცა მაშინ სხვა სფეროებიც მოითხოვენ თავისას.

არ ელის ნამდვილად მმართველ ხელისუფლებას კარგი დღე!

 

 

სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
29 მაისი, 2015 მთავრობის რჩევების მიმართ ურჩი პრეზიდენტი