რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
06 ოქტომბერი, 2015
1272
print

ლარს ოცი წლის იუბილეს უხდიან, თუმცა ეს უფრო პანაშვიდს ჰგავს, ვიდრე მრგვალი თარიღის საამაყოდ აღნიშვნას. მისმა 40 პროცენტიანმა გაუფასურებამ, ფასების მატებამ, ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებამ, უმუშევრობის ზრდამ, უპერსპექტივობამ და უიმედობამ ამ თარიღს საზეიმო განწყობა დაუკარგა.

თვით ლარის შექმნისა და მისი მიმოქცევაში გაშვების საკითხიც კი საკამათო გახდა. თუ ხურდა ფულს, თეთრს დავაკვირდებით, მასზე გაკეთებული წარწერა მეტყველებს, რომ იგი 1993 წელს არის დამზადებული. ზოგი ლარის შექმნასაც იჩემებს, მომოქცევაში გაშვებასაც და ნათლიობასაც. თუმცა სხვები სხვას ამტკიცებენ. მოკლედ, ლარის იუბილეც კი პოლიტიკური ან პირადი ამბიციების გამოვლენის საშუალებად იქცა.

ქართული ფულის გამოშვებაზე ფიქრი ჯერ კიდევ 1991 წელს, ზვიად გამსახურდიას პარლამენტში დაიწყო და იგი ხუთი წლის თავზე ლარის მოვლინების სახით დაგვირგვინდა. ამ საკითხზე კომენტარი სწორედ იმ ადამიანს ვთხოვეთ, რომელიც ყველა ამ ეტაპზე იყო მოვლენების უშუალო მონაწილე: გამსახურდიას დროინდელი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომ მთავრობაში- პრემიერ მინისტრის მოადგილე ეკონომიკური რეფორმების დარგში, ლარის შექმნის კომისიის უშულო ხელმძღვანელი, შემდგომ პერიოდში ისევ პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ბოლოს-ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომლის მუშაობის დროს გამოვიდა 200 ლარიანი ბანკნოტი და ლითონის ორლარიანი, ერთლარიანი და განახლებული დიზაინის ორმოცდაათთეთრიანი მონეტები.

რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე.

გთავაზობთ მის ხედვას საქართველოში ფულის შემოღების არც თუ შორეულ ისტორიაზე, რომელიც თურმე მთლად ერთგვაროვანი არ ყოფილა ყველასთვის.

- ლარის 20 წლის იუბილემ ახლო წარსული გაგვახსენა. ყველა თავის სასარგებლოდ ცდილობს ისტორიის გადაწერას, მით უმეტეს, როცა შევარდნაძისდროინდელი ”გმირები” კვლავ ხელისუფლების სათავეებში მობრუნდნენ.

ბევრი სიყალბე დაიწერა და ითქვა. მაგალითად, ამ საიუბილეო დღეებში ”მაესტროს” ეთერში გასული ნოდარ ჯავახიშვილის და თემურ ბასილიას ”მემუარული ინტერვიუებიც” ამის ერთ-ერთი ნიმუშია.

სინამდვილეში ასე იყო საქმე:

1. საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესიდან ყველაზე დანგრეული საქართველო გამოვიდა. მისი ეკონომიკა 1995 წელს 1990 წელთან შედარებით, 78 პროცენტით შემცირდა.

2. ფინანსური სისტემის განადგურებას, მრავალი სხვა მიზეზის გარდა, ხელი შეუწყო პოლიტიკურმა დაპირიპირებებმა, სამოქალაქო კონფლიქტმა, ომებმა აფხაზეთში და ყოფილ სამხრეთ ოსეთში, შევარდნაძის პოლიტიკური გარემოცვის მიერ წარმოებულმა დამანგრეველმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ.

3. 1993 წლის 3 აგვისტომდე, საქართველოში ოფიციალური ფულადი ერთეული იყო საბჭოთა მანეთი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი განაცხადა სამანეთო ზონაში მყოფი საქართველოსთვის კუთვნილი ფულის მიწოდებაზე, 1993 წლის 7 აპრილს მიმოქცევაში შემოვიდა სუროგატი ფულის ნიშანი, კუპონი, რომელიც ფაქტობრივად, წარმოადგენდა ნაღდი საბჭოთა მანეთის ანალოგს ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, საბუღალტრო აღრიცხვა, გადასახადების აკრეფა, ბიუჯეტის ფორმირება ხდებოდა საბჭოთა მანეთებში.

4. რუსეთის მიერ სამანეთო ზონის დატოვებისა და საკუთარი ვალუტის, რუსული რუბლის შემოღების შემდეგ, ბევრი სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მსგავსად , საქართველომ 1993 წლის 3 აგვისტოს, პარალელური ნაღდი ფულის ნიშანი კუპონი გამოაცხადა ერთადერთ კანონიერ გადახდის საშუალებად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს თარიღი არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ფულის შემოღების დღე.

5. კუპონის შემოღებამდე და მისი მიმოქცევაში ყოფნის პერიოდში, მიმდინარეობდა ბრძოლა შევარდნაძის გარემოცვასა და მცირერიცხოვან რეფორმატორებს შორის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად. განსაკუთრებით უარყოფითი როლი ითამაშა ე.წ. ლიბერალურმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ, რომლის შეცვლა დაიწყო მხოლოდ 1994 წლის დეკემბერიდან-საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყების შემდეგ.

6. ფინანსური სისტემის დეგრადაციის მიუხედავად, კუპონის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადებიდან სამი თვის თავზე, წინა მთავრობის გადადგომისა და ახალი, ე.წ. ფაცაციას მთავრობის შექმნის დროისათვის, კუპონი კი იყო არასტაბილური, მაგრამ შედარებით დაბალი ტემპით უფასურდებოდა. 1 დოლარი უდრიდა 17 ათას კუპონს.

7. ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე დღეებში, სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისთვის გაცემული იქნა 25 მილიარდი კუპონი ( რომელიც მეორე დღესვე ე.წ. კავკასიის ბირჟის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიტანეს დოლარებზე გადასაცვლელად და მანქანის საბარგულიდან იყიდებოდა). რის შედეგადაც, მისმა კურსმა დაიწყო კატასტროფული გაუფასურება. ფაცაციას მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელში (პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი) ერთ წელიწადში ერთი დოლარის ოფიციალური კურსი გახადა 2,4 მილიონი კუპონი, ხოლო არაოფიციალური-ორჯერ მეტი. წლიურმა ინფლაციამ 7 ათას პროცენტს გადააჭარბა.

8. კუპონის კატასტროფული გაუფასურების ტემპი ასეთია;

1993 წ. 7 ოქტომბერი, 1 აშშ. დოლარი=17 068 კუპონს,

1993 წ. 25 ნოემბერი - 44 550 კუპონს,

1993 წ. 30 დეკემბერი - 102 300 კუპონს,

1994 წ. 26 თებერვალი - 233 500 კუპონს.

1994 წ. 31 მარტი - 384 000 კუპონს,

1994 წ. 21 აპრილი - 1 025 000 კუპონს,

1994 წ. 20 სექტემბერი - 2 400 000 კუპონს.

1995 წლის 23 იანვარი -1 300 000 კუპონს (საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური და საკონსულტაციო მხარდსჭერის შედეგად),

1995 წლის 1 ოქტომბერი - 1 300 000 კუპონს.

1995 წ. 2 ოქტომბერი, ხდება დენომინაცია, ექვსი ნულის ჩამოცილება, მიმოქცევაში შემოდის ლარი. 1 დოლარი= 1,3 ლარს.

9. როგორც ვხედავთ, ქვეყანას მხსნელად მოევლინა საერთაშორისო თანამეგობრობა.

1994 წლის 15 დეკემბერს, საქართველომ პირველად მიიღო ფინანსური დახმარება 44 მილიონი დოლარის ოდენობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ე.წ. სტრუქტურული გარდაქმნის ხელშეწყობის (STF) კრედიტის სახით და დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა. მეორე, ე.წ. მხარდაჭერის (”Stand by") კრედიტი გამოყოფილი იქნა 1995 წლის 28 ივნისს, 113 მილიონი დოლარის ოდენობით, ხოლო იმავე დღესვე კვლავ დამტკიცდა ახალი STF სესხი 44 მილიონი დოლარის ოდენობით. ანუ, საქართველომ ნახევარი წლის განმავლობაში დახმარების სახით მიიღო 200 მილიონი დოლარი. იგი მთლიანად წარიმართა ეროვნული ბანკის რეზერვებში. მანამდე, საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა იყო ნული დოლარის ტოლი. ადვილი მისახვედრია, თუ რამ განაპირობა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევა.

10. დაიწყო სავალუტო ფონდის ”მათრახისა და თაფლაკვერის” სახელით წოდებული მკაცრი ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის გატარება. ამ პერიოდში ფონდთან მოთანამშრომლე ეკონომიკური გუნდის საქმიანობა შეიძლება შეფასდეს დადებითად.

კუპონმა დაიწყო გამყარება პერმანენტული სავალუტო ინტერვენციების განხორციელებისა და ფინანსური დისციპლინის დამყარების შედეგად და მისი გაცვლის კურსი მთელი მომდევნო ათი თვის განმავლობაში იყო უცვლელი - 1 დოლარი უდრიდა 1, 3 მილიონ კუპონს.

11. სავალუტო და ფისკალური სტაბილიზაციის დამყარების შედეგად, შესაძლებელი გახდა კუპონის დენომინაცია: ექვსი ნულის ჩამოცილება და ახალი დიზაინისა და სახელწოდების ფულის ნიშნის - ლარის შემოღება. იგი გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოცხადდა 1995 წლის 2 ოქტომბერს. ეს არის ფულის რეფორმის გატარების და არა პირველი ეროვნული ვალუტის შემოღების თარიღი.

12. რაც შეეხება, ლარისა და თეთრის შექმნას, - იგი მზად იყო ჯერ კიდევ 1993 წელს და მიმოქცევაში მისი გაშვება დამოკიდებული იყო შესაბამის იეკონომიკური პირობების შექმნაზე და პირველ რიგში, უცხოური ვალუტის რეზერვების ფორმირებაზე.

13. ლარმაც განიცადა რამდენიმე დევალვაცია. არც კორუფციული სკანდალები აკლდა. თუმცა, ეს არ არის ამ ”საიუბილეო” მიმოხილვის საგანი. თუ ვინმეს აინტერესებს, შეიძლება ამაზეც ვისაუბროთ. თუნდაც იმიტომ, რომ ზოგიერთი ამ სკანდალების მონაწილე უკვე მობრუნდა ხელისუფლებაში, ზოგიერთები კი, სულ მალე აპირებენ მობრუნებას თავიანთი ”ნაყოფიერი” წარსული გამოცდილებით.

 თიკა გურული

სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
29 მაისი, 2015 მთავრობის რჩევების მიმართ ურჩი პრეზიდენტი