"ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
19 ოქტომბერი, 2015
2789
print

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ

"როგორც კი თქვენ პირველ შოკს გადაყლაპავთ და ცეკვის საპასუხოდ ამოძრავებულ მუხლებსა და თითებს დაიმშვიდებთ, ეს საკვირველი მოძრაობები ნამდვილი აღფრთოვანების საბაბი გახდება" – დაწერა გაზეთმა The Washington Post "სუხიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის" (Sukhishvili Georgian National Ballet) კონცერტზე, რომელიც ანსამბლის არსებობის სამოცდაათი წლის იუბილეს მიეძღვნა. პულიტცერის ჯილდოს მფლობელმა, ცნობილმა ამერიკელმა არტკრიტიკოსმა სარა კაუფმანმა თავის სტატიაში "სუხიშვილების ქართულ ბალეტში ელეგანტური ტრადიცია თანამედროვე ენერგიას ხვდება" აღნიშნა, რომ მოცეკვავეების "აკრობატიკასა და ხანჯლებით ბრძოლას აქვს სრულყოფილი ესთეტიკა", "ჰაერში ხტომა და ტრიალი მომაჯადოვებელია, ხოლო ქალთა მოძრაობა – ნაზი. "სამაიაში" გეჩენება, რომ სამი დიდგვაროვანი ქალი ძვირფასეულობით მორთულ კაბებსა და თავსაბურავებში სცენის ოდნავ ზემოთ მისრიალებს, არადა ისინი უბრალოდ მშვიდად მოძრაბენ ნელი, გათვლილი ნაბიჯებით. აქ მათემატიკა საიდუმლოს ხვდება და თქვენ უბრალოდ მის მკაცრ სილამაზეს ტყვედ ბარდებით"...

"სუხიშვილების" კონცერტი ნიუ იორკის "ლინკოლ ცნეტრში", მგონი, პირველი ქართული პერფორმანსია მას მერე, რაც რამდენიმე თვის წინათ ისტორიულ "ევერი ფიშერ ჰოლს" სახელი გადაერქვა და "დეივიდ გეფენის ჰოლად" იწოდა. გადაჭედილ დარბაზში, სადაც, ჩემი დაკვირვებით, ნახევარზე მეტი ქართველი მაყურებელი იყო, ლეგენდარულ სცენაზე შესრულდა "ქართული", "ხორუმი", "სამანი", "ლაზური", "სვანური", "ხევსურული", "სამაია", "ზეკარი", "ილოური", "ხანჯლური", "ყარაჩოღელი", "დავლური", "კინტო", "შეჯიბრი" და სხვა. ლინკოლ ცენტრის ბუკლეტში სახელდახელოდაა აღწერილი ყველა ზემოჩამოთვლილი ცეკვის ისტორია და მოძრაობათა "ნარატივის" მნიშვნელობა, ასევე მითითებულია დასის ყველა წევრის სახელ–გვარი ტექნიკურ პერსონალთან ერთად. დარბაზი ყოველი ნომრის შესრულებამდე და მითუმეტეს დასასრულს აპლოდისმენტებითა და შეძახილებით ფეთქდებოდა. თუ ჩემს გარშემო მჯდომი ამერიკელებით, მათ შორის, ამ კონცერტის პროდიუსერის დაიანა სტომსვიკის, მისი ოჯახისა და პროფეისონალი ფოტოგრაფის (პროდიუსერის ვაჟი) ქარისტიან მაილსის რეაქციებით ვიმსჯელებთ, მაშინ სარა კაუფმანის სიტყვები გადაჭარბებულად არ მოგვეჩვენება. "სუხიშვილებში" ყველაზე მეტად მიყვარს, როცა მფრინავ მოცეკვავეებს ვხედავ და ვიღებ. ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა", –მითხრა ქრისტიან მაილსმა (მისი ფოტოები http://intlconcerts.org/ –ზეა განთავსებული). დაიანა სტომსვიკი ორგანიზაციის "საერთაშორისო კონცერტები" ხელმძღვანელია და სწორედ მისი დამსახურებაა "ქართული ნაციონალური ბალეტის" ამერიკული ტურნე, რომელმაც მოიცვა ფილადელფია, ნიუ იორკი და ვაშინგტონი. ნინო სუხიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კმაყოფილია ამერიკული ტურნეთი, რომელიც "ქართული ნაციონალური ბალეტის" საიუბილეო მსოფლიო გასტროლების ნაწილია. განსაკუთღებულმა შერეულმა პროგრამამ კი მოიცვა "სუხიშვილების" კლასიკური და თანამედროვე ცეკვები, რომელსაც ტრადიციულად დიდი წარმატება ხვდა წილად. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული ნაციონალური ბალეტის ამერიკული ტურნე შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აშშ–ში საქართველოს საელჩოს/ საკონსულოს, "ამერიკა – საქართველოს ბიზნეს საბჭოს", "შეერთებულ შტატებში საქართველოს ასოციაციის", 9,8 Group –ისა და TVOYO TV –ის მხარდაჭერის მეშვეობით.

***

- პირველად ქართული ხელოვნება დაახლოებით ექვსი წლის წინათ გავიცანი და ფრიად მოხიბლული დავრჩი მისი ენერგიულობითა და უნიკალურობით, ასევე გამოხატვის უნარით, რომელიც ქართულ ხელოვნებას განსაკუთრებულს ხდის. – მითხრა დაიანა სტომსვიკმა.

– როგორ აღმოაჩინეთ "სუხიშვილები" და ნინო ანანიაშვილი?

– "სუხიშვილები" მაშინ აღმოვაჩინე, როცა გადავწყვიტე ქართველი დიდი ხელოვანები მომეძიებინა. ძალიან მინდოდა მშვენიერი ქართველი არტისტების მონაწილეობით ქართული ღონისძიების გამართვა. "სუხიშვილები" კი პირველად კალიფორნიაში მომუშავე ერთმა ბილეთების ბროკერმა გამაცნო. იგი ანსამბლს ძალიან აღფრთოვანებული ახასიათებდა. მეც დავინტერესდი და დავიწყე მათზე მასალების შეგროვება. მერე მართლაც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოვჩნდი და "სუხიშვილების" აშშ–ში წარდგინების მომზადება ენთუზიაზმით დავიწყე. "ქართული ნაციონალური ბალეტი" "ლინკოლნ ცენტრში" პირველად 2010 წელს წარვადგინე.

რაც შეეხება ნინო ანანიაშვილს. მე იგი "ამერიკის საბალეტო თეარტში" ვიხილე და მაშინვე გავიფიქრე, რომ იგი ექსტრაორდინალური ბალერინაა. ჩვენ იგი აშშ–ში საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან ერთად 2011 წლის დასასრულს წარვადგინეთ, ჰოდა, მას და მისი დასის მოცეკვავებს განსაკუთრეგბული წარმატებაც ხვდათ წილად. ნინომ მაშინ ცნობილი კრიტიკოსებისგან თექვსმეტი არაჩვეულებრივი რეცენზია მიიღო, ხოლო ბრუკლინმა საერთაშორისო კონცერტების ეგიდით ნინო ანანიაშვილის დღეც კი გამოაცხადა. ჩვენი ორგანიზაცია იყო პირველი, როგორც ამბობენ, "საკეთესოთა შორის საუკთესოს" წარდგინებაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2016 წელს ნინო დაგვიბრუნდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: მე სხვა ქართველ არტისტებთან დაკავშირებითაც მაქვს გათვლები და ვფიქრობ, რომ დღეისათვის ყურადღების აქცენტი საქართველოზეა გადატანილი და ეს კარგი დროა იმისთვის, რომ წინა პლანზე წარდგნენ თქვენი კულტურაცა და შესანიშნავი ქართველი არტისტებიც. თან მე ქართველებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება მაქვს. ეს უკვე მესამე შემთხევაა, როცა ქართველ ხელოვანებს წარვადგენ. ჩემთვის ისინი ძალიან ნიჭიერი, გამრჯე, მამაცი და საკუთარი საქმის მოყვარული ადამიანები არიან, რომლებთანაც თანაშრომლობა სასიამოვნოა. საქართველოში კი მხოლოდ ერთელ გახლდით, სულ ახლახანს, ივნისში და მაშინვე მოვიხიბლე ქვეყნის ბუნებით, რომელსაც ვგრძნობ, რომ რაღაც მისტიური აქვს. ქართველები მეგობრული ხალხია, მომწონს მათი სულგრძელობა, სითბო, კერძები და სახლში მომზადებული პური. საქართველოში დროისადმი დამოკიდებულება უფრო თავისუფალია, ვიდრე აშშ–ში. აქ ხომ ბევრი რამ დიდი ხნით ადრე უნდა დაგეგმო, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ჩემთვის ქართველები შესანიშნავი ხალხია, ხოლო "სუხიშვილები" – ყველაზე ბეჯითი და დაუღალავი არტისტები ვინც კი მე ოდესმე შემხვედრია. თითოეულ მათგანს იმის დიდი ინტერესი აქვს, რომ საუკეთესო შექმნას ყოველგვარი ეგოს გარეშე და თან უბრალოდ.

 

ia merkviladze
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...
30 აგვისტო, 2015 SCORPIONS დელუქს-გამოცემებში