თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
17 ნოემბერი, 2015
1579
print

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ

ამა წლის აგვისტოში მანჰეტენზე მდებარე არტსივრცეში Half Gallery ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, თამუნა სირბილაძის გამოფენა გაზეთ The New York Times-ს არ გამორჩენია და მას მცირე რევიუც (Tamuna Sirbiladze Combines Art and Decoration at Half Gallery) მიუძღვნა. ექსპოზიციას ერქვა Take It Easy (ადვილად მიიღე), რომელიც მხატვრის ამერიკული დებიუტი იყო და რომელზეც გაზეთი წერდა, რომ სირბილაძის "კარაკულები", ლაქები და სტილიზირებული მოტივები მოდერნისტი მხატვრების, კერძოდ კი მატისის აკვარიუმს ჰგავს და აქვე აანონსებდა მის შემდგომ ამერიკულ ექსპოზიციას "good enough" is never good enough ("საკმარისად კარგი" არასოდესაა საკმარისად კარგი), ამჯერად James Fuentes–ის გალერეაში. მხატვარი საახალწლოდ საქართველოში ამ ორ არტსივრცეში გამოფენილი ნამუშევრების კატალოგების დასტამბვას აპირებს.

თამუნა სირბილაძემ თბილისის სამხატვრო აკადემია 1995 წელს დაამთავრა. სამი წელი თეატრალური მხატვრობა ფარნაოზ ლაფიაშვილთან ისწავლა, ორი წელი – ფერწერის ფაკულტეტზე დიმიტრი ხახუტაშვილთან. მერე ვენაში ჩავიდა და იქ ვენის სამხატვრო აკადემიაში მხატვრობას ფერწერისა და გრაფიკის ფაკულტეტზე (1997–2003) შტუდირებდა. დამთავრებისთანავე ლონდონში გაემგზავრა, სადაც Slade School of art–ში (სლეიდის სამხატვრო სკოლა) ისწავლა. იგი საქართველოში ყოველ წელს შვილებთან ერთად მხოლოდ ორი თვით ჩადის, რადგანაც თბილისში სახელოსნო არა აქვს და ამიტომ დიდხანს ვერ ჩერდება.

– ემიგრანტად თავს არ მივიჩნევ. – ამბობს თამუნა. – რადგანაც მხატვარი სადაც არ უნდა იყოს, ყველგან სუბლიმირებს და ვთვლი, რომ იგი რომელიმე ადგილზე მიჯაჭვული არ უნდა იყოს. მხატვარი სადაც არ უნდა მოღვაწეობდეს, ყველგან თავისი სამშობლო თან დააქვს. სად ამომიტივტივდება საქართველო, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, არასოდეს ვიცი.

– ნიუ იორკში პირველმა გამოფენამ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

– გამოფენა მქონდა პატარა, ქვის სახლის ტიპის გალერეაში, სადაც პირველი სართულის კედლები მწვანედ მოვხატე და ტილოზე შესრულებული პატარა ფორმატის თოთხმეტი ნამუშევარი გამოვფინე ("M ლარნაკი", "L ლარნაკი", "ბროწეული", "ჩიბუხი" და სხვა). კურატორმა ალის ჯინჯერასმა, რომელსაც ჯერ კიდევ 2007 წლის ვენეციის ბიენალიდან ვიცნობ, " ჰალფ გალერეის" დირექტორი ბილ პოვერსი გამაცნო. ჯინჯერასმა მას ჩემი ნამუშევრების ფოტოები აჩვენა, ბილს ისინი ძალიან მოეწონა და მითხრა, რომ ნიუ იორკში აგვისტოს პროგრამაში ჩამსვამდა, რადგან ამ დროს მას ძალიან ბევრი არტკრიტიკოსი სტუმრობს და ასეც მოხდა. ექსპოზიციის გახსნის დღეს გამოცემების Forbes, Paper Magazine, Autre Magazine, Art Observer და Observer რეპორტიორები მოვიდნენ, ორი დღით ადრე კი, როცა გამოფენას ვამზადებდი, გალერეას New York Times -ის წარმომადგენელი არტკრიტიკოსი რობერტა სმითი ესტუმრა. იგი სახელოვნებო სამყაროში ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი და კრიტიკოსია. ჩემთვის ამ გამოფენაზე მნიშვნელოვანი იყო საცხოვრებელი ოთახის, ასე ვთქვათ, ველური, „ჯუნგლების“ მწვანე ფერში გარდასახვა; ამ ფონზე კი ისევ ნატურმორტებისა და, ერთი შეხედვით, კონვენციალური თემებზე შექმნილი ნახატების გამოფენა.

მე ყოველთვის ვცდილობ ხელოვნების ისტორიაში უკვე არსებული თემები გამოვიყენო. მაგალითად, მაქვს ბაროკოს პერიოდიდან აღებული სიშიშვლის, მოდელების, დიანას (როგორც მიწიერი ქალის) თემები; ზოგადად ქალების თემა სერიიდან: "ქალები, მათი ინტიმური, ყოველდღიური პოზები და მანერები". "ჰალფ გალერეაში" კი ძირითადად მოდერნიზმიდან აღებული, უკვე არსებული თემები გამოვიტანე. რა თქმა უნდა, ეს ასოციაციები მხოლოდ ჩემია, იგი ტრანსფორმირებულია, ფილტრირებულია ჩემში და კვლავ ახლებურად გამოხატული. ძველი თემებიდან რჩება მხოლოდ პატარა ნიუანსი, ისიც მხოლოდ ჩემთვის და სხვაც თუ დაინახავს, ხომ კარგი.

– ცხადია, მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მის ნამუშევრებს გავლენიანი გალერისტი აქცევს ყურადღებას...

– გალერისტ ჯეიმს ფუენტესს "ნიუ იორკ ფილმ აკადემია" აქვს დამთავრებული და საერთაშორისო სახელოვნებო სამყაროში ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს. როცა ვენაში, Secession Museum -ში გამოფენა მქონდა, მან დამირეკა და ჩემს სახელოსნოში მესტუმრა. ჯერ ახალი ნამუშევრები ვაჩვენე, მერე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებ ახლა, როგორია ჩემი ახალი ნამუშევრების კონცეპტი; მაგალითად, ზეთის პასტელებში შესრულებული ნახატების სერია, ვისაუბრეთ და გავაანალიზეთ განსხვავებები ახალსა და უფრო ძველს შორის, რომელიც მანამდე "მუზეუმ სესესიონში" იყო, სადაც მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენაში ვიღებდი. გამოფენის სახელწოდება იყო „არტისტები და პოეტები“, რომლის კურატორიც წარმოშობით შვეიცარელი უგო რონდინონე იყო. იგი თავად ძალიან წარმატებული ხელოვანია და ახლა ნიუ იორკში ცხოვრობს. გამოფენა 2015 წლის თებერვალში გაიხსნა და აპრილამდე მიმდინარეობდა. მასში თოთხმეტი მხატვარი იღებდა მონაწილებას, მათ შორის გუსტავ კლიმტიც. როგორ? ამ მუზეუმში არსებობს კლიმტის მიერ მოხატული დარბაზი, რომელსაც ჰქვია „ბითოვენ ფრიზი“. ჯეიმს ფუენტესიც ამ დროს ვენაში სწორედ ჩემი სახელოსნოსა და ნახატების სანახავად ჩამოვიდა.

მხატვრისთვის მნიშვნელოვანია იყოს კარგ კოლექციაში, რადგანაც შემდგომ მისი ნამუშევრები საჩუქრად ან კარგ მუზეუმს გადაეცემა ანდა ბოლოს თავად კოლექციონრები/კურატორები ხსნიან კარგ მუზეუმს და ამგვარად მხატვრის ნამუშევრები, ცხადია, მეტ მნახველს იძენს. მხატვრის მიზანიც ხომ ესაა.

ზოგიერთი კოლექციონერი კონცეპტუალურ მხატვრობაზეა კონცენტრირებული და ვიდეო ფოტოგრაფიას აგროვებს/ ყიდულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ იყიდის ექსპრესიულ ფერწერას და ის კი, ვინც მოდერნიზმითა და პოსტმოდერნიზმით არის დაინტერესებული, არ იყიდის მინიმალისტურ ქანდაკებას. ცხადია, კოლექციონერს თავისი ინტერესი ამოძრავებს, იგი ხელოვნების გარკვეულ სფეროზეა ფოკუსირებული და ერთმანეთში ორი სხვადასხვა სტილის ნამუშევრებს არ აურევს. სწორედ ისაა სერიოზული კოლექციონერი და არა შემგროვებელი, რომელიც მხოლოდ ფულის დაბანდებისა და სპეკულაციური მიზნით „ბლუ ჩიპს“ ანუ მარტო ძალიან ძვირსა და გამოჩენილს ყიდულობს. ანუ ფულს ისე აკეთებს, როგორც ბროკერი – უძრავ ქონებაზე.

– შეუძლია დღეს თქვენნაირ მხატვარს თავი მხოლოდ მხატვრობით ირჩინოს?

– შესაძლებელია, მაგრამ იმისთვის, რომ მატერიალურად გადარჩე, მხატვარი კონფორმისტი არ უნდა გახდეს, არ უნდა ხატოს ის, რაც იცის, რომ გაიყიდება; არ უნდა სპეკულირებდეს თავისი ნიჭით. ეს არაა ხელოვნების არსი. პირიქით, მხატვარმა უნდა აკეთოს ის, რაც მის, ასე ვთქვათ, სოციალურ სფეროში რაიმეს მთქმელია, პროტესტია და არა მხოლოდ დეკორაცია კედელზე "პატარა ბურჟუაზიული ოჯახის" დასაკმაყოფილებლად. რასაკვირველია, სასიამოვნოა, როცა ადამიანებს შენი ნონკონფორმისტული ნამუშევრები მოსწონთ, ყიდულობენ და თან როცა ამას კარგი ანუ განათლებული კოლექციონერი აკეთებს.

– რატომ სახელწოდება: "საკმარისად კარგი" არასოდესაა საკმარისად კარგი"?

– ესაა ნაწყვეტი თეოდორ ადორნოს ესთეტიკური თეორიიდან იმის თაობაზე, რომ ხელოვნებაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი. მეც ასე ვთვლი, რომ როცა ადამიანი მოდის გალერეაში და ნამუშევარზე ამბობს It Is So Nice (ეს ისეთი მშვენიერია), ამგვარი შეფასება მხატვარს არ აკმაყოფილებს. მხატვარს ზოგჯერ კრიტიკული შენიშვნა უფრო აინტერესებს, ვიდრე სიტყვები: „რა სასიამოვნო ნამუშევრებია“. ადორნოს ეს ციტატა სწორედ ამიტომაც ავირჩიე. მე ხშირად სათაურებად წიგნის ან გაზეთის ციტატებს ვიყენებ. ასე იყო "ჯეიმსის გალერეაში". სამი ნახატი გერტრუდა შტაინის წიგნიდან ამოღებული ციტატებით დავასათაურე. მაგალითად: "მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ დრო იყო ამისი".

გამოფენაზე ორი დიდი ბროწეულიანი ნახატი ერთგვარი კონტრასტი იყო სხვა ნამუშევრებთან შედარებით.

– ბროწეული საქართველოს სიმბოლოა. სხვებმა შემახსენეს, რომ მას ფარაჯანოვი იყინებდა. მე კი ოჩიაურის პორტრეტები დამახსენდა და საქართველოდან წამოსვლის ოცი წლის თავზე ბროწეული თავისთავად ამომიტივტივდა.

– უნდა არსებობდეს თუ არა მხატვრისთვის ტაბუ?

– მხატვრისთვის ტაბუ არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ხელოვნება, რაც არ უნდა სხვადასხვა ესთეთიკურ ბარიერებს არღვევდეს, იქნება ეს დიზაინი თუ ქანდაკება, მაინც ერთგვარ საზღვრებშია მოქცეული. თავისუფლება მხატვრის მთავარი საყრდენია, რაც ლიმიტების გადაკვეთას გულისხმობს, თუმცაღა გინდა/არ გინდა მხატვარი ესთეტიკის განსაზღვრულ ჩარჩოებში მაინც ზის.

 

ia merkviladze
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...
30 აგვისტო, 2015 SCORPIONS დელუქს-გამოცემებში