დედამიწიდან ახალ ჰორიზონტამდე და მის მიღმა
31 დეკემბერი, 2015
1484
print

გიგა გურასაშვილი

2015 წელს მეცნიერებმა ბევრი საინტერესო აღმოაჩინეს არამარტო ჩვენს პლანეტაზე, არამედ მთლიანად სამყაროში. ასე რომ, ამ მხრივ კარგი იქნება თუ თვალს გადავავლებთ ჩვენი მზის სიტემიდან დაწყებული მის მიღმა რამდენიმე ათასი სინათლის წლით დაშორებულ პლანეტებს, სადაც შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობდეს.

იტალიელი ასტრონომის, მათემატიკოსის, ინჟინრისა და ფილოსოფოსის გალილეო გალილეის მიერ 1610 წელს მის მიერვე შექმნილი ტელესკოპით აღმოჩენილი სატურნის რგოლებიდან 400 წლის შემდეგ ამერიკელმა და ჰოლანდიელმა ასტრონომებმა მძლავრი ოპტიკური საშუალებების დახმარებით დედამიწიდან დაახლოებით 400 სინათლის წლის დაშორებით სატურნის ორეულს მიაკვლიეს. 

სატურნის მოცილე გიგანტური პლანეტაა, რომლის რგოლებიც 200-ჯერ აღემატება სატურნისას.

გიგანტური რგოლების მქონე პლანეტას სახელად J1407b, ხოლო ვარსკვლავს, რომელიც მის გარშემო მოძრაობს J1407 დაანათლეს. მთლიანობაში პლანეტა J1407b-ს 37 რგოლი აქვს, აქედან გარე რკალის დიამეტრი 120 მილიონ კილომეტრს შეადგენს!

აქვე აღვნიშნოთ, რომ პლანეტა J1407b 2012 წელსაა აღმოჩენილი, მაგრამ მისი დეტალური შესწავლა ახლაღა გახდა შესაძლებელი.

უცნობი სიცოცხლის ფორმა შესაძლოა, სატურნის თანამგზავრზე არსებობდეს

ამერიკელმა ინჟინერ-ქიმიკოსებმა და ასტრონომებმა წარმოადგინეს სიცოცხლის ისეთი ნიმუში, რომელსაც სატურნის უმსხვილესი თანამგზავრის ტიტანის მეთანის ზღვებში და შესაბამისად დაბალი ტემპერატურის პირობებში არსებობა შეუძლია. საუბარია სიცოცხლის ისეთ ფორმაზე, ამ შემთხვევაში კი უჯრედზე, რომელიც ჟანგბადს არ საჭიროებს და რომელსაც შეუძლია გამრავლება და ნივთიერებათა ცვლა ისე, როგორც ეს დედამიწაზე ხდება ბაქტერიების შემთხვევაში.

მათვე წარმოადგინეს უჯრედოვანი მემბრანის მოდელი, რომელსაც თხევად მეთანში მინუს 292 გრადუსზე ფუნქციონირება შეუძლია (ტიტანის ზედაპირზე მინუს 179.5 გრადუსია). მკვლევარებმა საკუთარ მოდელს აზოტოსომი უწოდეს, რაც სიტყვასიტყვით აზოტის სხეულს ნიშნავს და შედგება აზოტის, ნახშირბადისა და წყალბადის მოლეკულისგან და რომლებიც როგორც ცნობილია, არსებობენ ტიტანის კრიოგენულ ზღვებში.

საინტერესოა სატურნის რიგით მეექვსე თანამგზავრ ენცელადთან დაკავშირებით ასტრობიოლოგთა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც მისი ყინულის საფარის ქვეშ ოკეანე თხევადი სახითაა წარმოდგენილი. ყოველივემ მეცნიერებს მასზე ბიოლოგიური სიცოცხლის შესაძლო არსებობის ვარაუდისკენ უბიძგა.

მარსზე ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეზე გაცილებით მეტი წყალი იყო

ნასას სპეციალისტთა გათვლებით, დაახლოებით 4,3 მილიარდი წლის წინათ მარსზე იმდენი წყალი იყო, რომელიც საკმარისი იქნებოდა წითელი პლანეტა 137 მეტრ სისქის წყლის საფარის ქვეშ მოექცია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ წყლის ძირითადი ნაწილი თავმოყრილი იყო პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ისიც ცნობილია, რომ დღეს მარსს წყლის იმ მოცულობის დაახლოებით 87 პროცენტი აქვს დაკარგული. ისიც, რომ წყლის ძირითადი მარაგი დღეს პლანეტის პოლუსებზეა თავმოყრილი და ოდინდელი რაოდენობის 13 პროცენტს შეადგენს. ეგაა, მსგავსი მოსაზრებები მხოლოდ გარკვეულ გათვლებს ეყრდნობა.

და მაინც, ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც 2015 წელში გვაბრუნებს, ეს მარსზე აღმოჩენილი წყლის ნაკადულების კვალშია. კერძოდ, წითელი პლანეტის ზედაპირზე აღმოჩენილ შავ ზოლებზე დაკვირვებით მეცნიერები ასკვნიან, რომ საქმე აქვთ გაყინულ მარილიან წყალთან, რომელიც პლანეტის ფერდობებზე სეზონურად – ზაფხულში თხევადი სახით მოედინება, სიცივეში კი ქრება. ერთ–ერთი მოსაზრებით სეზონური დინებები შეიძლება იყოს  მარსზე ადრე არსებული ტბების კვალი.

NASA: 20-30 წელიწადში დედამიწის მიღმა სიცოცხლის ნიშანწყალს მივაგნებთ!

”ვფიქრობ, ათწლეულის განმავლობაში დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის დამაჯერებელ ნიშანწყალს მივაგნებთ, 20-30 წელიწადში კი მისი არსებობის უტყუარ მტკიცებულებას მივიღებთ”, - არამიწიერი სიცოცხლისა და სიცოცხლისთვის ხელსაყრელ სამყაროთა ძიებისადმი მიძღვნილი საექსპერტო განხილვისას ნასას მთავარი მეცნიერ-თანამშრომელის ელენ სტოფანის მიერ გაკეთებული თამამი პროგნოზი უცხო ცივილიზაციათა აღმოჩენის მსურველებს მოსვენება დაუკარგა. მეტიც, ელენ სტოფანი უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ მეცნიერებმა იციან, სად და როგორ ეძებონ სიცოცხლე. ამასთან, არ გამორიცხავს, რომ ცოცხალ ორგანიზმებს პირველ რიგში მზის სისტემაში აღმოაჩენენ.

თბილისი Google- რუკაზე სრულად განთავსდა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Google-ს რუკაზე თბილისის მონაცემების გადატანა დაასრულა. ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდა ინფორმაცია დედაქალაქში არსებული ყველა შენობა-ნაგებობისა და გზათა ქსელის შესახებ. აღნიშნული მონაცემები დაახლოებით 3500 კილომეტრის სიგრძის გზათა ქსელს და 160 ათას შენობა-ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც შესაბამისი სამისამართო ნუმერაციითაა დანომრილი.

დედამიწა მეექვსე მასობრივი გადაშენების ფაზაში შედის

დედამიწა რიგით მეექვსე მასობრივი გადაშენების ფაზაში შევიდა. პირველ მსხვერპლთა შორის შესაძლოა თავად ადამიანები აღმოვჩნდეთ. ამის უმთავრეს მიზეზად კი არა ბუნებრივი კატაკლიზმები, არამედ ჩვენივე საქმიანობა გვევლინება. ასეთ შორეულ, მაგრამ არცთუ შორეულ პერსპექტივას გვისახავენ აშშ-ის მოწინავე უნივერსიტეტების - სტენფორდის, პრინსტონისა და ბერკლის მკვლევარები, რომელთა დასკვნებსაც ჟურნალმა Science Advances-მა გაახმოვანა.

ვიცით, რომ ბოლოს (ბოლოს კი 65 მილიონი წლის წინათ იყო) მასობრივ გადაშენებას დინოზავრები შეეწირნენ. ხუთმა მსგავსმა კატაკლიზმამ ყველა სახეობის ნახევრიდან 96 პროცენტამდე გააქრო. დღევანდელი პერსპექტივა კი გაცილებით ცუდად გამოიყურება - კვლევის ავტორები შიშობენ, რომ მეექვსე მასობრივი გადაშენება საფთხის წინაშე აყენებს ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის არსებობას, რომელიც ყველაფერთან ერთად ”საკმაოდ სწრაფად” გაქრება.

მკვლევარები გადაშენების მიზეზად კლიმატის ცვლილებას, დაბინძურებულ გარემოს და ტყეების განადგურებას ასახელებენ.

პლუტონმა მასზე წარმოდგენა გაგვიმდიდრა

ავტომატურმა სადგურმა ”ნიუ ჰორაიზონსმა" უკიდეგანო სივრცეში ცხრაწილიანი ფრენის შემდეგ ჩვენს შორეულ ჯუჯა პლანეტა პლუტონსა და მის თანამგზავრებს ჩაუქროლა. 14 ივლისს 15:50 საათზე, ავტომატური ზონდი პლუტონს მაქსიმალური მანძილით - 12,500 კილომეტრით მიუახლოვდა და, ასე ვთქვათ, აზომვითი სამუშაოები ჩაატარა.

აზომვითი სამუშაოებისას გაირკვა, რომ პლუტონი აქამდე ცნობილ მასშტაბებს 80 კილომეტრით აჭარბებს. ამასთან, მარსივით წითელი შეფერილობის აღმოჩნდა.  ერთი სიყვით, ”ნიუ ჰორაიზონსის” ახლა უკვე წარმატებული მისიის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობამ მზის სისტემის თითოეული პლანეტა - მერკურიდან პლუტონამდე ერთხელ მაინც მოინახულა.

პროგრამა "ახალი ჰორიზონტების" ძირითადი ამოცანა ჯუჯა პლანეტისა და მისი თანამგზავრების - ქარონის (რომელიც მათ შორის ყველაზე დიდია), ნიქსი, ჰიდრა, ცერბერი და სტიქსის შესწავლა იყო.

"ნიუ ჰორაიზონსის" მისია 2020-იანი წლების შუაში დასრულდება, მანამდე კი პლუტონის მიღმა კოიპერის სარტყელის შესწავლით დაკავდება.

მისია არაერთმა სამეცნიერო გამოცემამ წლის უმთვარეს მოვლენად შერაცხა.

დედამიწამ ვალი აიღო

დედამიწამ 2015 წლის რესურსების ამოწურვით სახიფათო ნიშნულს გადააბიჯა, რაც იმას ნიშნავდა, რომ წლის ბოლომდე, კაცობრიობას ვალის აღება და, შესაბამისად, ვალებით არსებობა მოუწევდა. ამ მხრივ, წითელი 13 აგვისტოს აინთო, როდესაც იმაზე მეტი ბუნებრივი რესურსი აღმოჩნდა მოხმარებული, ვიდრე დედამიწას მისი წარმოება შეეძლო. ირკვევა, რომ წლიური რესურსი 7 თვესა და 13 დღეში გაგვიხარჯავს. საგანგაშოა ისიც, რომ ყოველწლიურად ასეთი უარყოფითი დინამიკა ჩქარდება.

ზღვის ბინადარათა რაოდენობა შემცირებულია

ველური ბუნების მსოფლიო ფონდისა და ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების მიერ მომზადებული მოხსენების თანახმად, 1970 წელთან შედარებით, ზღვის ძუძუმწოვართა, ფრინველთა, თევზთა და რეპტილიების რიცხვი 49 პროცენტით შემცირებულა. მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ სახეობათა რიცხვი ადამიანის მიერ მათი საკვებად აქტიურად გამოყენების გამო ორჯერ მეტადაა შემცირებული.

”ადამიანის საქმიანობამ სერიოზული ზარალი მიაყენა ოკეანეს, რამეთუ თევზჭერა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მათი რაოდენობის აღდგენაა შესაძლებელი”, - საგანგაშო განცხადებას აკეთებს ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ხელმძღვანელი მარკო ლამბერტინი.

დედამიწის ორეული 1400 სინათლის წლის დაშორებით ბრუნავს

ნასას მეცნიერებმა ეგზოპლანეტებზე ნადირობაში გაწაფული ორბიტალური ტელესკოპის ”კეპლერის” დახმარებით, უღრან კოსმოსში მორიგი ეგზოპლანეტის აღმოჩენაზე განაცხადეს. აღმოჩენის განსაკუთრებულობა დედამიწის მსგავს მახასიათებლებშია. მაგალითად, საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ, რომელიც თავის პარამეტრებით ჩვენს მზეს ჰგავს, დაახლოებით ისეთივე მანძილზე ბრუნავს, როგორზეც დედამიწა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი დიამეტრი დედამიწისას 60 პროცენტით აღემატება. უმთავრესი ისაა, რომ ეს პლანეტა, რომელიც მეცნიერებმა ”კეპლერ 452b” (Kepler-452b) სახელით შეიტანეს დავთარში, სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი მანათობლისგან - ვარსკვლავისგან ისეთი მანძილითაა დაშორებული, რომ მასზე წყალი თხევადი სახით უნდა არსებობდეს. წყლის შესაძლო არსებობა კი ერთგვარი წინაპირობაა სიცოცხლის წარმოსაშობად. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ”კეპლერ 452b”-ს მეტი დედამიწისეული თვისებები აქვს, ვიდრე აქამდე აღმოჩენილ სხვა ანალოგებს. 

ზედაპირული შეფასებებით ვარსკვლავი მზესთან შედარებით 10 პროცენტით დიდია და 20 პროცენტით კაშკაშა. დედამიწასთან ”კეპლერ 452b”-ის მსგავსება საკუთარი მანათობლის ირგვლივ შემოვლის ხანგრძლივობაშიც გამოიხატება - ახალი ეგზოპლანეტა საკუთარი მზის გარშემო და ერთ სრულ შემობრუნებას 385 დღე-ღამეს ანდომებს.

ვარსკვლავი, რომლის ირგვლივაც მოძრაობს ”კეპლერ 452b”, 1,5 მილიარდით უფროსია ჩვენს მზეზე. ყოველივეს გათვალისწინებით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამგვარი მონაცემებით დედამიწის მომავალის განსაზღვრას შეძლებენ. უშუალოდ პლანეტის ასაკი 6 მილიარდითაა განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ შორეული პლანეტა დედამიწაზე ასევე 1,5 მილიარდი წლით უფროსია. და ბოლოს, დედამიწის ორეული ჩვენგან ძალიან შორს, გედის თანავარსკვლავედში 1400 სინათლის წლითაა დაშორებული.

ნობელის პრემია 2015

მედიცინა და ფიზიოლოგია – უილიამ კემპბელი, სატოში ომურა, ტუ იუიუ

ფიზიკა – ტაკააკი კაძიტა, არტურ მაკდონალდი

ქიმია – ტომას ლინდალი, აზიზ სანჯარი, პოლ მოდრიჩი

ლიტერატურა – სვეტლანა ალეკსიევიჩი

ეკონომიკა – ენგუს დიტონი

მშვიდობის პრემია – ეროვნული დიალოგის კვარტეტი ტუნისში

სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“