არაოპტიმისტური პროგნოზები
11 იანვარი, 2016
747
print

კახა ფაჩუაშვილი

ვიდრე გაზპრომთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ქართული პოლიტიკური სპექტრი საარჩევნო გარემოს შეცვლაზე ბჭობს, ხოლო ყოფილი ფეხბურთელები რაიონის გამგებლობისთვის იბრძვიან, მსოფლიოს ექსპერტები 2016 წლის გამოწვევებზე გვესაუბრებიან. მათი პროგნოზებით ირკვევა, რომ კაცობრიობას წელს დიდი ოპტიმიზმის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს.

რუსეთ-თურქეთს შორის ნდობის აღდგენა არ მოხდება. ევროპას მიგრანტთა მორიგი ტალღა ეწვევა, თეთრი სახლის ახალი შეფი კი ანტირუსულ რიტორიკას გააგრძელებს. გთავაზობთ რამდენიმე ექსპერტის პროგნოზს:

მეთიუ როჟანსკი - ქენანის ინსტიტუტის დირექტორი (აშშ):

წელს ანტირუსული სანქციები შენარჩუნდება. ეს არის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის უმთავრესი პასუხი რუსეთის ქმედებებზე. ყირიმის ანექსიასა და კონფლიქტზე აღმოსავლეთ უკრაინაში. ვიდრე ამ ორ საკითხში მოსკოვის პოზიცია არ შეიცვლება, სანქციები ძალაში დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში ობამას ადმინისტრაცია უბრალოდ დაკარგავს ამერიკელთა ნდობას. ამასთან, სანქციების შემოღების იდეა უაღრესად პოპულარულია ამერიკის კონგრესში. შესაბამისად, ობამას რომც სურდეს სანქციების გაუქმება, კონგრესი მას ძალაში დატოვებს.

თუ ისლამურ სახელმწიფოს ვერ მივხედავთ, მაშინ სამყაროს ახალი ტერორისტული ტალღა გადაუვლის. ისევე როგორც ეს 1990-იან წლებში იყო. სირიაში ომი სწრაფად ვერ დასრულდება. მოლაპარაკებათა წარმმართავმა მხარეებმა (აშშ, ევროკავშირი, ირანი, სირია, ერაყი, რუსეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები) ვერაფრით მიაღწიეს კონსენსუსამდე. რა თქმა უნდა, ზოგიერთ საკითხში ისინი თანამშრომლობენ, მაგრამ ბევრ საკითხში ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს კი ისლამური სახელმწიფოს წისქვილზე ასხამს წყალს. პროგრესის პირველი მაჩვენებელი მაგალითად იქნებოდა, თუ დიპლომატები ბაშარ ასადის მომავალი ბედის თაობაზე კონსენსუსს მიაღწევდნენ ან საკითხის განხილვას გადადებდნენ იმ დრომდე, ვიდრე ისლამური სახელმწიფოს პრობლემას არ გადაჭრიდნენ.

ობამასგან განსხვავებით, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატებს ორივე პარტიიდან მკვეთრად აგრესიული საგარეო პოლიტიკური პოზიცია გააჩნიათ. კერძოდ, რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ან სამაგალითოდ უნდა ”მოადონ რუსეთს ცხვირში”, ან პუტინთან დიალოგზე უარი თქვან, ან ცივი ომის დროინდელ რიტორიკას დაუბრუნდნენ. დაახლოებით ანალოგიურ პლატფორმაზე დგას ჰილარი კლინტონიც, რომელიც დემოკრატებიდან პრეზიდენტობის აშკარა კანდიდატია.

კლაუს ზეგბერსი - აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი (გერმანია):

წელს ევროკავშირს რამდენიმე სერიოზულ გამოწვევასთან ექნება საქმე. პირველი ეს არის მიმდინარე ევროკრიზისი. იმისთვის, რომ ევრო გამყარებულიყო, საჭირო იყო ერთიანი საგადასახადო სისტემის და სოციალური პოლიტიკის შექმნა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო ეს შეუძლებელი გახდა.

მეორეა თვითდაჯერებული რუსეთის მთავრობა, რომელიც იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მესამე არის ტერორიზმის საფრთხე, რომელიც შეიწლება წელსაც განმეორდეს. მეოთხეა მასობრივი მიგრაციის პროცესი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. რამდენი მიგრანტი მოაწყდება ევროპას, რთული სათქმელია. არ არის გამორიცხული, ლტოლვილთა ნაკადმა კიდევ მოიმატოს. შესაბამისად აუცილებელია აღდგეს კონტროლი ევროკავშირის საზღვრებზე, სწრაფად მოხდეს ლტოლვილის სტატუსის გაცემა, ხოლო ის ადამიანები, ვინც ამ სტატუსს ვერ მიიღებენ, სასწრაფოდ დააბრუნონ სამშობლოში.

მეხუთე პრობლემა არის ბრიტანეთის შესაძლო გასვლა ევროკავშირიდან, რაც 2016 წლის რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება ანტირუსულ სანქციებს, ეს არის რეაქცია რუსეთის უკანონო შეჭრაზე ყირიმში და კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში. ლოგიკას მოკლებული იქნებოდა სანქციების მოხსნა მანამდე, ვიდრე ეს საკითხები არ მოგვარდება. არადა, რუსეთის მხრიდან მინსკის შეთანხმების შესრულებას შეიძლება ეს სანქციები შეემსუბუქებინა.

კერიმ ჰასი - ევრაზიული პოლიტიკის ექსპერტი (თურქეთი):

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა სერიოზულ კრიზისს განიცდის. უთანხმოება ადრეც არსებობდა, მაგრამ ეს არასდროს არ უშლიდა ხელს ორი ქვეყნის დიალოგს. თურქეთის პოლიტიკური ელიტა მიიჩნევს, რომ რუსეთი ხიდების დაწვის პოლიტიკას ატარებს. ეს კი ნეგატიურად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. ომი სირიაში დიდ გავლენას ახდენს თურქეთის შიდა პოლიტიკაზე. ანკარამ თავის ტერიტორიაზე უკვე 3 მილიონი ლტოლვილი მიიღო. თურქეთი დიდი ეჭვისთვალით უყურებს რუსეთის საჰაერო ოპერაციებს სირიაში. ანკარა დარწმუნებულია, რომ მოსკოვის მიზანი არა საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, არამედ ახლო აღმოსავლეთში პოზიციების გამყარებაა. რუსეთის მთავრობა არ არის მზად შეიგნოს, რომ სირია თურქეთის სტრატეგიული ინტერესების ზონაა. რუსული გამანადგურებლის ჩამოგდებით თურქეთმა აჩვენა, რომ დაიცავს საკუთარ ინტერესებს სირიაშიც და მთელ რეგიონშიც. თუმცა შედეგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ანკარა ვარაუდობდა.

გასაგებია, რომ დაკარგული პოლიტიკური ნდობის აღდგენა უაღრესად რთული პროცესი იქნება. თუ სამთავრობო კონტაქტები აღდგება კიდეც, ეს ახლო მომავალში ვერ მოხერხდება. ხოლო თუ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში არ დალაგდება, მაშინ ეს გაართულებს სირიის კრიზისის მოგვარების საქმეს და ახალ სამხედრო კონფლიქტებს გამოიწვევს. ჩემი აზრით, აუცილებელი გახდება როგორც ნატო-რუსეთის მჭირდო ურთიერთობა, ისე რუსეთ-თურქეთის სამხედრო უწყებების თანამშრომლობაც.

კშიშტოფ ფედოროვიჩი - აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი (პოლონეთი):

2016 წელს ევროკავშირის უმთავრესი პრობლემა ლტოლვილები იქნებიან. მიგრაციული კრიზისი მდგომარეობას მხოლოდ გაართულებს. იძულებით გადაადგილებული პირები ევროკავშირის ტერიტორიაზე შეიძლება უკრაინიდან და პოლონეთიდან მოხვდნენ. ამ ფონზე გაიზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მიგრანტების მიღების წინააღმდეგნი იქნებიან (უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი).

ჩემი ქვეყანა, სადაც 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, იძულებული იქნება 8-9 ათასი ლტოლვილი მიიღოს. პრინციპში ეს ბევრი არ არის, მაგრამ ჩვენმა პოლიტიკოსებმა არ იციან, ამ ხალხს რა მოუხერხონ. ესენი არიან ადამიანები აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტით, რელიგიით. მემარჯვენე პარტიები მათი მიღების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.

წელს ევროკავშირის უმთავრესი ამოცანა იქნება შეინარჩუნოს შენგენის შეთანხმება. ამისთვის აუცილებელია ევროკავშირის საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება. კერძოდ, საბერძნეთის საზღვარს, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ათიათასობით მიგრანტი კვეთს. თუ არ იქნება კონტროლის პირველი ხაზი, მაშინ შექმნიან ”მცირე შენგენის” ზონას, სადაც ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი და გერმანია შევლენ.

არსებობს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ალბათობაც. კიდევ ერთი გამოწვევა არის რუსეთის ურთიერთობა ევროკავშირთან. მაგალითად, წელს რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობა მხოლოდ დამძიმდება.

არიელ კოენი - ატლანტიკური საბჭოს უფროსი ექსპერტი (აშშ):

მთავარი პრობლემა ტერორიზმის საფრთხე იქნება. ამ საკითხს უცბად ვერ მოაგვარებენ. საერთაშორისო კოალიცია დიდ სირთულეებს წააწყდება. ამის მიზეზი იქნება უთანხმოება, ერთის მხრივ, ირან-რუსეთის ბანაკისა და მეორეს მხრივ დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის. მართალია ბოლო დროს ბაშარ ასადის გადადგომასთან დაკავშირებით დასავლეთში პოზიცია ოდნავ შერბილდა, მაგრამ 2016 წელს ვერც ისლამური სახელმწიფოსა და ვერც ასადის პრობლემას სამყარო ვერ გადაჭრის. ეს კონფლიქტები თანდათან გაიყინება. 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
29 მაისი, 2015 მთავრობის რჩევების მიმართ ურჩი პრეზიდენტი