კლინტონი კატასტროფა იქნება
15 იანვარი, 2016
566
print

კახა ფაჩუაშვილი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის გამარჯვება კატასტროფა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. ტელედებატების დროს ასეთი განცხადება გააკეთა რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფლორიდას შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, ჯებ ბუშმა. ამის შესახებ Fox News იუწყება.

ბუშის სიტყვებით, ჰილარი კლინტონზეა პასუხისმგებლობა ლიბიის ქალაქ ბენგაზიში აშშ-ის საკონსულოზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო. ამას გარდა, დიდწილად კლინტონს უნდა ვუმადლოდეთ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკასაც. ”ის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნამდვილი კოშმარი იქნება”, - ხაზგასმით აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.

ბუშის განმარტებით, თუ ჰილარი კლინტონს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩევენ, პირველ ხანებში ის საკუთარი პრობლემების მოგვარებით დაკავდება. ”ალბათ, ის გაბმული იქნება თეთრ სახლსა და სასამართლოს შორის”, - დაამატა ბუშმა.

ჯებ ბუში აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის შვილი და ქვეყნის 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ უოკერ ბუშის უმცროსი ძმაა. ის ფლორიდის გუბერნატორის პოსტზე 1999-დან 2007-წლამდე მუშაობდა. ჯებ ბუში პრეზიდენტის საარჩევნო მარათონში ოფიციალურად 2015 წლის 15 ივნისს ჩაება. 

თავიდან ბუში რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატობის უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მისი საარჩევნო კამპანია დიდად ეფექტური ვერ გამოდგა. უმცროსი ბუშის რეიტინგმა ორნიშნა ციფრსაც ვერ მიაღწია. მისმა დაპირებებმა ამერიკელებში დიდი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. კერძოდ, ფლორიდის ყოფილმა გუბერნატორმა ამერიკელებს შესთავაზა სამუშაო საათების გაზრდა, პირობა დადო რომ სახელმწიფოს ხარჯზე აკრძალავდა აბორტებს და განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში ამერიკულ სპეცსამსახურებს უფლებას მისცემდა დამნაშავეთა მიმართ ძალადობა გამოეყენებინათ.

ამჟამად, ჰილარი კლინტონი დემოკრატიული პარტიის მთავარი ფავორიტია პრეზიდენტის პოსტზე. რესპუბლიკელებიდან, ბოლო გამოკითხვების მიხედვით მის, უმთავრეს კონკურენტად მულტიმილიარდერი დონალდ ტრამპი მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
29 მაისი, 2015 მთავრობის რჩევების მიმართ ურჩი პრეზიდენტი