კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანთროპოცენში
19 იანვარი, 2016
993
print

გიგა გურასაშვილი

პლანეტა, ისევე როგორც ადამიანები მასთან ერთად იცვლებოდა და იცვლება. ეგაა, ბოლო რამდენიმე ასწლეულში ადამიანის გააქტიურებამ დედამიწის ბუნებრივ პროცესებში გარკვეული, ხშირ შემთხვევაში უარყოფითი კორექტივები შეიტანა, განსაკუთრებით კი ბოლო 65 წლის განმავლობაში. ამ მოვლენისთვის სახელიც კი მოიგონეს – „ანთროპოგენური ფაქტორი“ (არსებობს გარემოზე, ეკოსისტემაზე ზეგავლენის ბუნებრივი და ადამიანური (ანთროპოგენური) ფაქტორები).

ამასთან დაკავშირებით  ბიოსფეროსა და გეოსფეროს შემსწავლელ საერთაშორისო პროგრამაში მონაწილე მეცნიერებმა, ნაბიჯ ნაბიჯ ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისიდან  – 1750 წლიდან დღემდე ერთგვარი რუკაც შეადგინეს იმისა თუ როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა.

მკვლევარები სწავლობდნენ ადამიანის გავლენის ნაირგვარ ასპექტებს დედამიწაზე მომხდარ და მიმდინარე მოვლენათა პროცესებზე. კვლევისას კი გაირკვა, რომ ადამიანს დედამიწაზე განსაკუთრებული ზეგავლენა 1950 წლამდე არ მოუხდენია. გასული საუკუნის შუაწელიდან კი ვითარების მკვეთრად შეცვლა დაიწყო. მეცნიერებმა ეს წელი „დიდი აჩქარების ქვაკუთხედად“ მონათლეს, რაც დღემდე გრძელდება.

ერთი სიტყვით, საუბარია დედამიწის მოსახლეობის ზრდაზე, რეალურ მთლიან შიდა პროდუქტზე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ენერგიის საერთო გამოყენებაზე, დიდი კაშხლების რაოდენობაზე, გამოყენებული წყლის მოცულობაზე, გამოყენებულ სასუქზე, წარმოებულ ქაღალდზე, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობაზე, ტრანსპორტის განვითარების დონეზე, ტელეკომუნიკაციებზე და საერთაშორისო ტურიზმზე. მკვლევარებმა ყოველივეს საპირწონედ დააყენეს ნახშირბადის აირის, აზოტის ოქსიდის, პლანეტის ატმოსფეროში მეთანის, მის სტრატოსფეროში ოზონის ზრდადი დონე, დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურისა და ოკეანეებში ჟანგიანობის მატება, თევზჭერა, პლანქტონის ეკოსისტემაში ჩარევა, წყლის აზოტით დაბინძურება, ტროპიკული ტყეების განადგურება, სოფლის მეურნეობისთვის უფრო მეტი ფართობის გამოყენება და პროცესები, რომლებსაც ბიოსფეროს დეგრადაციისკენ მივყავართ.

ყოველივემ თავი იჩინა 1950 წლიდან, დაწყებით კი 1945 წლის 15 ივლისიდან დაიწყო, როდესაც აშშ–მ წარმატებით გამოსცადა ატომური ბომბი.

„65 წელი – ეს ადამიანის საშუალო ასაკია. ამ ხნის განმავლობაში კაცობრიობა განვითარდა, მაგრამ იმავდროულად კოლოსალური ზიანი მიაყენა პლანეტას. მომავალში რა იქნება ამის წარმოდგენაც გვზარავს“, – მომავლის სურათი აშინებს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელ პროფესორ უილ შტეფენს.

მისი თქმით, დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე სწორედ ადამიანებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა და რომ მხოლოდ მათ შესწევთ უნარი გადაარჩინონ პლანეტა ანაც პირიქით – გაანადგურონ. მისი კოლეგები თანხმდებიან იმაზე, რომ განვლილი 65 წლის განმავლობაში კაცობრიობის ერთადერთი გლობალური წარმატება ოზონის ხვრელებთან ბრძოლაა. და თუ სხვა შემთხვევაშიც ერთიან ძალისხმევას გამოვავლენთ, სხვა გლობალურ პრობლემებთან გამკლავებაც იქნება შესაძლებელი.

და ბოლოს, მკვლევარები კიდევ ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მიდიან, რომლის მიხედვითაც ჰოლოცენის ხანა (გამყინვარების შემდგომი ეპოქა, რომელიც გრძელდება უკანასკნელი 12 ათასი წელი თანადროულ დრომდე) დასასრულს მიუახლოვდა.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სტაბილურობას, რომელიც კაცობრიობას ბოლო 12 ათასი წლის განმავლობაში განვითარებაში ეხმარებოდა, ბოლო მოეღო. დადგა დიდი აჩქარების ეპოქა – ანთროპოცენი (ახალი ეპოქა, სადაც ადამიანის აქტივობა, ზემოქმედება მნიშნელოვან როლს თამაშობს დედამიწის ეკოსისტემაზე), სადაც ფეხის მოკიდებას მაშინ შევძლებთ თუ დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე საკუთარ პასუხისმგებლობას გავათვითცნობიერებთ.

მეცნიერებმა საკუთარი დასკვნების გასახმაურებლად დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (21–23 იანვარი) დათქვეს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“