კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
27 იანვარი, 2016
902
print

გიგა გურასაშვილი

რაკეტმშენებლობისა თუ თანამგზავრული ტექნოლოგიების განვითარება და შესაბამისად კოსმოსისკენ სწრაფვა ბევრ სიკეთესთან ერთად დიდ თავის ტკივილად იქცა. საუბარია კოსმოსურ ნაგავზე, რომელმაც სავსებით შესაძლებელია სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წარმოშობასაც შეუწყოს ხელი. საქმე შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირებამდეც მივიდეს.

ჟურნალ Acta Astronautica გამოქვეყნებული სტატიიდან მეცნიერთა მოსაზრებას ვეცნობით, რომლის თანახმადაც კოსმოსური ნამსხვრევები საფრთხეს უქმნიან თავად კოსმოსურ აპარატებს. ამასთან, მეტად რთული იქნება იმის განსაზღვრა თანამგზავრი კოსმოსური აპარატის ნამსხვრევებმა გამოიყვანა მწყობრიდან თუ რომელიმე სხვა ქვეყანამ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის ვიტალი აუდაშკინის თქმით კი საქმე შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირებამდეც მივიდეს, რადგან მწყობრიდან გამოყვანილი თუ განადგურებული თანამგზავრის მფლობელისთვის რთული იქნება მომხდარში სწრაფად გარკვევა.

ნასას იმფორმაციის თანახმად დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური აპარატების ათ სანტიმეტრზე დიდი ზომის 23 ათასზე მეტი ფრაგმენტია გაფანტული, უფრო პატარა ზომის საგნების რაოდენობა კი შესაძლოა ტრილიონზე მეტი იყოს, რომლებიც დედამიწიდან 160–დან დაახლოებით 2000 კილომეტრ სიმაღლეზე უმისამართოდ დაფრინავენ. ანუ იქ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო თანამგზავრების უმეტესობა მუშაობს. მეცნიერთა ინფორმაციით ბოლო 20 წელიწადში ათეულობით სამხედრო თანამგზავრთან მოულოდნელად გაწყდა კავშირი.

თანამგზავრებთან გაწყვეტილი კავშირის სავარაუდო მიზეზად კოსმოსურ ნაგავთან შეჯახება სახელდება, მაგრამ არც სხვა სახელმწიფოთა ჩაურევლობა გამოირიცხება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ მომხდარის განსაზღვრა მეტად რთულია.

ყოფილა ასეც, რომ ამერიკული და რუსული თანამგზავრები ერთმანეთს დაეჯახა (2009), მაგრამ მაშინ ზესახელმწიფოები ეგრეთ წოდებულმა კესლერის სინდრომმა უფრო შეაშინა (დედამიწის მახლობელ ორბიტაზე მოვლენათა ჰიპოთეტიური განვითარება, როდესაც კოსმოსური ნაგავი პრაქტიკული გამოყენებისთვის სრულიად უსარგებლოს ხდის ახლო კოსმოსს. პირველად ასეთი სცენარი დაწვრილებით აღწერა ნასას მრჩეველმა დონალდ კესლერმა. გ.გ.). საუბარია სცენარზე, როდესაც კომოსური ნაგავი კრიტიკულ მასას აღწევს და თითქმის ყველა თანამგზავრის ერთმანეთთან დაჯახებით ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. გარდა ამისა, მოვლენათა შესაბამისად განვითარებას მსოფლიო ეკონომიკის დანგრევაც შეუძლია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ შემდგომ კოსმოსურ მოგზაურობებს პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის.

ფაქტია, 70 წელიწადზე მეტია, რაც დედამიწის მახლობელ ორბიტაზე კოსმოსური ნაგავი გეომეტრიული პროგრესიით მატულობს. ეს შეიძლება იყოს რაკეტის გამყვანი საფეხურები, მწყობრიდან გამოსული თანამგზავრები და მათი ფრაგმენტები, რომლებიც შემთხვევითი შეჯახებისას უმისამართოთ გაიფანტა კოსმოსში. კომოსური ნაგვის ზომა შეიძლება აღწევდეს რამდენიმე მეტრს, მაგრამ უფრო მეტად ესაა პატარა ნაწილები, რომლებიც სხვა მოქმედი ხელოვნური თანამგზავრების მუშაობას უქმნის საფრთხეს, განსაკუთრებით კი პილოტირებულ აპარატებს.

ორბიტიდან უკონტროლოდ გასროლილი კოსმოსური ნაგვის საგნები, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შემოსვლისას ბოლომდე ვერ ასწრებენ დაწვას, ჩვენი პლანეტისთვისაც სახიფათოა, რადგან ნამსხვრევები შესაძლოა დასახლებულ პუნქტებს, სამრეწველო ობიექტებს... დაეცეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი ფრაგმენტები ხშირ შემთხვევაში 27 ათასი კმ/საათ სიჩქარით მოძრაობენ. ანუ საკმარისად ჩქარა, რომ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს კოსმოსურ ხომალდს, თანამგზავრებს, კოსმოსურ სადგურებსა თუ უშუალოდ ასტრონავტებს, რომლებიც იმავე ნაგვისგან დაზიანებულ მოწყობილობათა შესაკეთებლად ღია კოსმოსში გადიან.

მართალია, ნაგვის მინიმუმამდე დასაყვანად გარკვეული ნაბიჯები იდგმება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსის ათვისების მსურველ სახელმწიფოთა რიცხვიც მატულობს, პრობლემის გადასაჭრელად გაცილებით მასშტაბური ქმედებებია საჭირო. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს
09 ოქტომბერი, 2015 ილონ მასკი მარსის ათვისებას მის პოლუსებზე წყალბადის ბომბის აფეთქებაში ხედავს