მეცნიერთა პროგნოზებით ევროპას მასშტაბური წყალდიდობები ელის
04 თებერვალი, 2016
1087
print

გიგა გურასაშვილი

2015 წლის შეფასებისას მეტეოროლოგებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მეტეოდაკვირვებათა ისტორიაში ყველაზე ცხელ წელი გადავიტანეთ, ახლა კი გარემოს დაცვის ევროპული სააგენტოს მოხსენებიდან ვიტყობთ, რომ საჭირო ზომების არ მიღების შემთხვევაში გლობალური დათბობის შედეგად 30–70 წლის შემდეგ დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვან ტერიტორიებს დატბორვა ემუქრება.

გარემოს დაცვის ევროპულმა სააგენტომ ევროპის წყლის რესურსების მდგომარეობის პირველი გლობალური მონიტორინგის შედეგად ბებერი კონტინენტის რიგი ტერიტორიების დატბორვის პროგნოზები შეადგინა.

კლიმატოლოგები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის წყალდიდობებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი ხუთჯერ გაიზრდება, 2080 წლისთვის კი 17–ჯერ. საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის სახელდება მსხვილი მდინარეების, პირველ ყოვლისა კი რაინისა (გაედინება შვეიცარიის, ლიხტენშტაინის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ტერიტორიაზე. სიგრძე 1230 კმ.) და დუნაის (ევროკავშირის ყველაზე გრძელი მდინარე და ევროპის მეორე მდინარე ვოლგას შემდეგ. გაედინება გერმანიის, ავსტრიის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ხორვატიის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე.  სიგრძე 2860 კმ.) ხეობთა დაბლობი რაიონები.

ბოლო ასი წლის განმავლობაში ევროპაში განადგურებულია ჭალების 90 პროცენტი, რომლებიც წყალდიდობებისას ჭარბი წყლისგან იცავენ დაბლობ რეგიონებს.

სააგენტოს პროგნოზები ეფუძნება ადრეულ წყალდიდობებს, გლობალური დათბობის ტემპების შენარჩუნებას და მასთან ბრძოლის საშუალებების არ ქონას. ყოველივეს გათვალისწინებით მეცნიერები შემდეგი მონაცემების ულუფით გვიმასპინძლდებიან.

მაშ ასე, 1980 და 2010 წლების პერიოდში ევროპის 37 ქვეყანაში 3563 წყალდიდობა დარეგისტრირდა. უბედურებათა მეტი წილი 2010 წელს მოხდა (321 წყალდიდობა 27 ქვეყანაში). ყველაზე მეტი დაზარალებული იყო იტალიაში (6,7 მილიონი ადამიანი ანუ ქვეყნის მოსახლეობის 11 პროცენტი), ყველაზე მეტად კი (შეფარდებით) დაზარალდა უნგრეთი (1,8 მილიონი ადამიანი და შესაბამისად მოსახლეობის 18 პროცენტი). დროთა განმავლობაში კატასტროფებისგან უფრო მეტი ადამიანი და ტერიტორია დაზარალდება.

მეცნიერები ევროპაში წყალდიდობათა პრობლემის კომპლექსურ გადაწყვეტაში ხედავენ. ერთი მხრივ ეს გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს, მეორე მხრივ მდინარის წყალსაცავებისა და ჭალების ეკოსისტემის აღდგენას. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“