არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
08 თებერვალი, 2016
1539
print

გიგა გურასაშვილი 

კაცობრიობამ გასულ საუკუნეში ტექნოლოგიათა განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა და ის რაზეც მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა, მეტნაკლებად შევიცანით, მაგრამ თუ მასშტაბებს გავზრდით, აღმოვაჩენთ, რომ შორეული კოსმოსის ამოსაცნობად მილიონობით სინათლის წელი და ცივილიზაციები გვაშორებს.

თავის დროზე ამერიკელ ასტრონომს, ასტროფიზიკოსს, კოსმოლოგსა და მწერალ კარლ საგანს უთქვამს, არ მინდა მჯეროდეს, მინდა ვიცოდეო! ფაქტია, ბევრს გვჯერა, რომ სადღაც იქ სიცოცხლე არსებობს თუნდაც პრიმიტიული ფორმით, მაგრამ არ ვიცით.

შესავალი შესავლად და შესავლის მიზეზეც ვთქვათ, რომელსაც პროექტ SETI–ის (Search for Extraterrestrial Intelligence – არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა) ასტროფიზიკოსი ჯილ ტარტერი გვაძლევს და არამიწიერ ცივილიზაციებთან დღემდე დაუმყარებელი კავშირების ორ უმთავრეს მიზეზს ასახელებს.

პირველი მიზეზი სამყაროს უზარმაზარ ზომებშია. ტარტერის აზრით, კაცობრიობამ დღემდე მხოლოდ მისი უმნიშვნელო ნაწილი შეისწავლა (ამის ერთ საუკეთესო მაგალითად ჩვენი მზის სისტემის ჯუჯა პლანეტა პლუტონი გამოდგება, რომლის ბუნებაშიც შარშან გავერკვიეთ. გ.გ.). ასტროფიზიკოსი შესწავლილ სივრცეთა მასშტაბებს ზღვაში წვეთს ადარებს.

მეორე მიზეზი ტექნოლოგიურ დამუხრუჭებაშია, რომელსაც მეცნიერი XXI საუკუნეში ხედავს. ტარტერი ფოქრობს, კაცობრიობამ სავარაუდოდ ჯერაც ვერ მიაგნო არამიწიერ გონიერ არსებებთან ურთიერთობის ფორმას. ამასთან, მიაჩნია, რომ თუ უცხოპლანეტელები დედამიწაზე ჩამოვლენ ისინი „მოგვევლინებიან ისეთებად, რომლებიც წესებს კარნახობენ“, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იქნება ბევრად მაღალ ტექნოლოგიურ განვითარებასთან. მსგავს მოსაზრებას იზიარებს ბრიტანელი ფიზიკოს თეორეტიკოსი სტივენ ჰოუკინგიც, რომლის მოსაზრებითაც სავსებით შესაძლოა, რომ უცხოპლანეტელები აღმოჩნდნენ მეომარი მომთაბარეები, რომლებიც დედამიწის დაპყრობას და მის კოლონიზებას შეეცდებიან.

არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა ძირითადად პროექტ SETI ფარგლებში მიმდინარეობს, მაგრამ მეცნიერთა ერთი ნაწილი დარწმუნებული არაა, რომ ის სწორი მიმართულებით მოძრაობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღრმა კოსმოსში რადიოსიგნალებზე ნადირობა უაზრობაა.

როგორც არ უნდა იყოს, ამერიკაში მცხოვრებმა რუსმა მილიარდერმა იური მილნერმა უმსხვილესი რადიოტელესკოპების (100-მეტრიანი რადიოტელესკოპი Green Bank (აშშ) და 64-მეტრიანი რადიოტელესკოპი Parkes (ავსტრალია) გამოსაყენებლად და არამიწიერი წარმოშობის რადიოსიგნალების დაჭერის ახალი მეთოდების შესამუშავებლად უმსხვილესი პროექტი - Breakthrough Listen ასამოქმედებლად შარშან 100 მილიონი გაიღო, რასაც თავის მხრივ სტივენ ჰოუკინგის მხარდაჭერაც მოჰყვა.

და კიდევ, ამავე პროექტის დახმარებით არამიწიერ ცივილიზაციებზე ნადირობის სეზონი ათი წლით გაიხსნება. ამ ხნის განმავლობაში მილიარდერის მილიონები დედამიწის მახლობელი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ერთგვარი სკანირებისთვის დაიხარჯება.

აქვე აღვნიშნოთ, რომ კაცობრიობის მიერ უცხო ცივილიზაციათა ძებნა ელექტრომაგნიტურ დიაპაზონში მიმდინარეობს, რასაც მეცნიერთა ერთი ნაწილი არ ეთანხმება. ასე მაგალითად, ბრიტანელი ფიზიკოს მათემატიკოსი როჯერ პენროუზი არ გამორიცხავს, რომ ძველ ცივილიზაციებს სხვა გონიერ არსებებთან დასაკავშირებლად შავი ხვრელების შეჯახებისას წარმოშობილი გრავიტაციული ტალღების გამოყენება შეეძლოთ. გარდა ამისა, უცხოპლანეტურ სამყაროებთან კომუნიკაციის საშუალებად შეიძლება ძალზე მცირე მასის უმუხტო ნაწილაკების –ნეიტრინოს გამოყენება (არ აურიოთ ნეიტრონში!).

და ბოლოს, კაცობრიობის განვითარების დღევანდელი დონე ასეთი კავშირისთვის გრავიტაციის თუ ნეიტრინოს გამოყენების საშუალებას არ იძლევა. არც ისაა აზრს მოკლებული, რომ უცხო ცივილიზაციები ინფორმაციის გადაცემის ჩვენთვის ჯერაც უცნობ საშუალებებს იყენებდნენ.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს
09 ოქტომბერი, 2015 ილონ მასკი მარსის ათვისებას მის პოლუსებზე წყალბადის ბომბის აფეთქებაში ხედავს