აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
10 თებერვალი, 2016
991
print

გიგა გურასაშვილი

სრულიად ამერიკა საპრეზიდენტო კანდიდატთა ეგრეთ წოდებულ კოკუსებშია (რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა ან წევრთა შეხვედრა) ჩაძირული. დემოკრატები და რესპუბლიკელები შიდაპარტიული დებატებით ავლენენ პირველ ნომრებს, რომლებიც შემდგომში საპრეზიდენტო მარათონს გაუყვებიან, მაგრამ არიან ისეთები, რომლებსაც დამოუკიდებელი კანდიდატი ჰყავთ შეგულებული. ასეთი კი არც მეტი, არც ნაკლები, IBM Watson–ის სუპერკომპიუტერია! („უატსონის“ უმთავრესი ამოცანა ბუნებრივი ენით  დასმულ კითხვებში გარკვევა და მონაცემთა ბაზაში მათზე პასუხების ძებნაშია. სახელი ეწოდა IBM–ის დამაარსებლის ტომას უატსონის საპატივცემულოდ)

საინიციატივო ჯგუფის აზრით, მანქანას ბევრად გაზრებული და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, ვიდრე ადამიანს.

ხელოვნური ინტელექტის კითხვა–პასუხის სისტემით აღჭურვილ სუპერკომპიუტერს 2011 წელს Jeopardy!–ის ტელევიქტორინაში ადამიანებზე გამარჯვების შემდეგ განვითარება არ შეუწყვეტია. ირკვევა, რომ მას შემდეგ IBM აქტიურად ზრუნავდა საკუთარი პირმშოს სწავლა–განათლებით.

„ინფორმაციის განსაზღვრისა და კომპეტენტური, მკაფიო გადაწყვეტილებების უნიკალური შესაძლებლობები Watson–ს პრეზიდენტის საპასუხისმგებლო თანამდებობისთვის იდეალურ კანდიდატად გვივლენს“, – ვიტყობთ საინიციატივო ჯგუფის მიერ ვებ–გვერდზე განთავსებული განცხადებიდან.

ეგაა, ადამიანურ ემოციებს მოკლებული მანქანისთვის წინასაარჩევნო პროგრამა მეტად რადიკალური გამოდგა – სუპერკომპიუტერი საყოველთაო სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევისკენ, უფასო უმაღლესი განათლებისკენ და მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, Watson უმოკლეს დროში სუფთა ენერგიაზე (განახლებადი რესურსების ბაზაზე) გადასვლას მოითხოვს.

IBM–ის ოფიციალური წარმომადგენლები 2016 წლის არჩევნებში Watson–ის მონაწილეობის ფაქტის დადადსტურებაზე უარს აცხადებენ, მაგრამ იმავდროულად არაფერს უთქვამთ მომავალში ასეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობაზე.

„IBM Watson საპრეზიდენტო რბოლაში არ მონაწილეობს. დღესდღეობით Watson სხვა მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული: ექიმებს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარება, მასწავლებლებს კი განათლების სისტემის დახვეწაში“, – ხაზს უსვამენ IBM–ის წარმომადგენლები.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ძალას რომ იკრებს, ამის დასტურია მეცნიერთა ჯგუფისგან შექმნილი კომპიუტერული პროგრამა AlphaGo, რომელმაც გოს პროფესიონალ მოთამაშეს, ევროპის სამგზის ჩემპიონს ფან ხუეიას ხუთმატჩიანი  დაპირისპირება მშრალად მოუგო!

საუბარია უძველეს ჩინურ სამაგიდო ლოგიკურ თამაშზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის დღემდე „კერკეტ კაკლად“ მიიჩნეოდა დაფის დიდი ზომისა და სვლების პროგნოზირების მხრივ. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, თამაშის მიზანი შესაბამისი ქვებით სათამაშო მოედნის, ამ შემთხვევაში კი დაფის დიდი ფართობის დაკავებაშია. თუ შავი ქვით თამაშობთ, უნდა შეეცადოთ, რომ დაფაზე თქვენივე ქვებით მოწინააღმდეგეზე დიდი ტერიტორია აითვისოთ.

მიუხედავად იმისა, რომ წესები ძალზე მარტივია, შესაძლო პოზიციების რაოდენობითა და პარტიებით, თამაში ჭადრაკს აჭარბებს. ამიტომაც, დღემდე ეს უძველესი ჩინური თამაში ხელოვნური ინტელექტისთვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენდა.

ფაქტია, დღემდე საუკეთესო პროგრამები მხოლოდ მოყვარულის დონეს აკმაყოფილებდა.

ერთი სიტყვით,  წინამორბედებთან შედარებით მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ შექმნილი პროგრამის AlphaGo განსაკუთრებულობა ისაა, რომ მუდმივად ვითარდება, სხვადასხვა პარტიებიდან მიღებული ინფორმაციებზე დაყრდნობით სწავლობს, ასევე აანალიზებს და ხვეწს საკუთარ თამაშს. შეიძლება ითქვას, ის მუდმივად ვითარდება.

წარმატებით ფრთაშესხმული მეცნიერები ახლა იმასაც ამბობენ, რომ ეს გამარჯვება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე IBM–ის საჭადრაკო სუპერკომპიუტერ Deep Blue–ს 20 წლის წინანდელი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვთან.

„ბევრი პროგრამა დღემდე ვერ ახერხებდა მოყვარული მოთამაშეების დამარცხებას, – ვითარებაში გვარკვევს კომპიუტერული გოს ერთ–ერთი მკვლევარი ჯონ დაიმონდი. – ვფიქრობდი, რომ უახლოეს ხუთ ან ათ წელიწადში კომპიუტერი პროფესიონალ მოთამაშეებს ვერ დაამარცხებდა, მაგრამ უკვე დღეს ხელოვნური ინტელექტის გამარჯვება გარდაუვალი მეჩვენება“.

პროგრამა Alpha Go–ს მარტში ერთ გამოცდასაც სთავაზობენ, სადაც მისი მეტოქე გოს ბოლო ათწლეულის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ მიჩნეული კორეელი ლი სედოლი იქნება.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს
09 ოქტომბერი, 2015 ილონ მასკი მარსის ათვისებას მის პოლუსებზე წყალბადის ბომბის აფეთქებაში ხედავს